ხელისუფლებამ დევნილთა გასახლება 15-ის ნაცვლად 20 იანვრისთვის გადადო. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლება ელოდება, როდის დაიღლებიან იძულებით გადაადგილებული პირები. თუმცა ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ დევნილების განსახლების თემით ანტიკრიზისული საბჭო უნდф დაინტერესებულიყო.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, დევნილთა გასახლების პრობლემა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვისაა. მისი თქმით, ამ საკითხს იგი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ ვანდალურ აქტად განიხილავს.
ლორთქიფანიძის აზრით, ვანდალობა იყო დევნილთა აყრა ისნის ჰოსპიტალიდან და სხვა ჩასახლებებიდან, რამაც მას ინდიელების ოკლაჰომაში გახიზვნის ფაქტი მოაგონა.
„იმედი მქონდა, რომ 15 იანვრიდან ანტიკრიზისული საბჭო ფორმალურად მაინც იმსჯელებდა ამ საკითხზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს პასუხისმგებლობას დააკისრებდა. თუმცა საეჭვო მიზეზთა გამო ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფებოდა, საბჭოს მაინც შეეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, რადგან ანტიკრიზისული საბჭოს მიერ ეს მნიშვნელოვანი აქტი არ განხორციელდა, ჩნდება ეჭვი, რომ იანვარში დაიწყება და დასრულდება კიდეც დევნილთა გასახლების პროცესი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ, როგორც მინიმუმ, გაზაფხულის დადგომამდე დევნილთა გასახლება უნდა შეჩერებულიყო, რადგან ზამთრის მძიმე პირობებში მათი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვება გაუმართლებელია.
ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლების დაპირებას ფოცხო-ეწერში დევნილებისთვის მისაღები პირობების შექმნასთან დაკავშირებით ბლეფად მიიჩნევს.
პარლამენტის წინ დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმილ მათ გასახლებას აპროტესტებენ და კომპაქტურ დასახლებებში ბინების დაკანონებას მოითხოვენ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუამ განაცხადა, ხელისუფლებამ დევნილთა გასახლება 15-ის ნაცვლად 20 იანვრისთვის გადადო. მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება, როდის დაიღლებიან დევნილები, თუმცა ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
„პირველ ეტაპზე დევნილების გასახლებას 19 ობიექტიდან ველოდებით. არსებობს სიები, რომლებიც სამინისტროსგან მალულად მოგვაწოდეს. სახელისუფლო შტოებში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც დევნილების ბედი ადარდებთ“, – აღნიშნა მანუჩარ სიგუამ.
მისი თქმით, არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ დათქმული 20 იანვრის ნაცვლად უფრო ადრეც გამოყაროს დევნილები საცხოვრებელი ბინებიდან. მანუჩარ სიგუა მოუწოდებს იმ დევნილებს, რომელთაც ბინები ჯერ კიდევ არ დაუკანონეს, რომ მათ მხარში ამოუდგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც მიადგებიან და საცხოვრებელ ფართებს დაატოვებინებენ.
მანუჩარ სიგუა მიიჩნევს, რომ დევნილები სახელმწიფოს და არა რომელიმე კერძო პირის ფართში არიან ჩასახლებულნი, ამიტომ ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს მათ გასახლებაზე. ამასთან, დევნილების აზრით, ისინი დედაქალაქში ინტეგრირებულნი არიან და რეგიონებში ცხოვრება გაუჭირდებათ. „კანონის თანახმად, საცხოვრებელ გარემოსთან ინტეგრირებული დევნილის აყრა დაუშვებელია,“ – აცხადებს სიგუა.
დევნილთა აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, „ქართული პარტიის“ „ხალხის პარტიის“, „კონსერვატორების“, „მწვანეთა პარტიის“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ წევრებმა.
პარლამენტის წინ დევნილთა მორიგი საოპროტესტო აქცია 20 იანვარს გაიმართება, ხოლო 22 და 23 იანვარს მომდევნო პერმანენტული აქციები იგეგმება.