გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შოლცის, მაკრონისა და ზელენსკის საუბარი თებერვლის დასაწყისში გაიმართა, როდესაც ლიდერები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.
კერძოდ, წყაროების ინფორმაციით, ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამზე მაკრონმა განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს, რომ საბოლოო ჯამში მას მოუწევს სამხედრო ლიდერის სტატუსზე უარის თქმა და სახელმწიფო მოღვაწის პოზიციიდან მოქმედება, რთული გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე მუშაობის დაწყება.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთმა დაუძინებელმა მტრებმაც კი, როგორებიც გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს.
ზელენსკის, მაკრონისა და შოლცის შეხვედრა პარიზში 8 თებერვალს გაიმართა.