„ზურას თავი და ტანი ჰქონდა გაკერილი“

„ზურას თავი და ტანი ჰქონდა გაკერილი“

ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოჩნდა, რომლებიც გამოძიებამ უკვე დაადგინა. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. იმის გამჟღავნება თუ რაში გამოიხატება პროგრესი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არჩილ კბილაშვილს მიზანშეუწონალად მიაჩნია.

„მესმის, რომ ამ თემის ირგვლივ უზარმაზარი ინტერესი არსებობს. დაგვიჯერეთ, რომ არანაკლები სურვილი გვაქვს ჩვენ, რომ ეს საქმე დროულად იქნას გახსნილი და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში შევცდეთ. პროგრესი, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს, სახეზეა, ჩვენ ახლოს ვართ იმ რეალობასთან, როდესაც შეგვეძლება დავადგინოთ, რასთან გვქონდა საქმე და ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერი არ არის. შეიძლება, შემოდგომისთვის გვქონდეს მეტი სინათლე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ მინდა, ეს ისე იქნას გაგებული, რომ აუცილებლად ასე იქნება“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხს, რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზარალებელია.

„ზოგადად, სახელმწიფოს პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები ის პირები არიან, რომელთა მიმართაც დამოკიდებულება - გადაყენება, პასუხიმგებლობაში მიცემა და მით უმეტეს მკვლელობა (თუ მასთან გვაქვს საქმე), ქვეყნისთვის არის უკიდურესად დამაზარალებელი. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზარალებელი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ამ საკითხზე წერტილი დამსული“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ თვალსაზრისით ახალ ხელისუფლებას ცოტა დროღა დარჩა.

„თუ 4 წელი გამოძიებას მოვანდომეთ ე.ი. ჩვენშიც არის  კვალიფიკაციის, ან სხვა რამის პრობლემა. ამიტომ, ასეთი ტიპის საკითხებზე სიცხადის შესატანად ცოტა დრო დაგვრჩა. ცოტაში მე არ ვგულისხმობ 2 და 3 დღეს, მაგრამ არც 2 და 3 წელს“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებულია და არაფერი გამოსაძიებელი არაა. თუმცა, ქვეყნის პირველი არაფერს ამბობს იმაზე, რატომ არ მოხდა მაშინ საქმის დახურვა და რატომ ვერ შეძლო გამოძიებამ იმ ვერსიის გამყარება, რომელიც გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ვანო მერაბიშვილმა გაახმოვანა.

პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დეტალები.

გოგლა ჟვანია: ორი სიტყვით მოგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების თაობაზე. ისინი აცხადებენ, რომ ეს საქმე უკვე გამოძიებული არისო. საქმე გამოძიებული რომ ყოფილიყო, მაშინ დახურილიც იქნებოდა. მათ საქმის დახურვა ვერ მოახერხეს, მითუმეტეს, რომ მათ ინტერესებში იყო საქმის დახურვა, ვერ დახურეს იმიტომ, რომ იმ ვერსიის, რომელიც პირველივე წუთებიდან შეთითხნეს, გამყარება ვერ მოახერხეს.

ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე შემოედოთ თაროზე. მიიღეს შესაბამისი ცვლილება, რომ გამოძიება შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს, გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები.

კონკრეტულად რა?

- მე დაინტერესებული მხარე ვარ და ამიტომ თავს შევიკავებ ყოველგავრი შეფასებისგან. არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია და შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოზიცია გამყარდა ამ ბოლო თვეებში.

ანუ ეს იყო მკვლელობა?

- რა თქმა უნდა. კიდევ რას იტყვის დამატებით გამოძიება, ამას უახლოეს ხანებში გავიგებთ. ეს გამოძიება არ გაგრძელდება უსასრულოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება. საზოგადოება ყველა შეკითხვაზე მიიღებს პასუხს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებულია და არაფერი გამოსაძიებელი არაა. თქვენ ამბობთ, რომ გამყარდა თქვენი პოზიცია, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა. ეს რას ნიშნავს?

- გამოძიების დასრულება იმას გულისხმობს, რომ გამოიკვეთოს პასუხისმგებელ პირთა წრე. ვინ რა დოზით იქნება პასუხისმგებელი, ამას გამოძიება დაადგენს. შემიძლია გითხრათ, რომ საქმის გამოძიების გაყალბებით დაინტერესებული იყო საქართველოს პრეზიდენტი. რატომ იყო დაინტერესებული და რა ამოძრავებდა ამ ადამიანს, ამაზე, ბუნებრივია, მივიღებთ პასუხებს. როგორც გითხარით, საქმე არ იყო დახურული, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებული არ იყო.

ამ საქმის მასალებს სააკაშვილთან ერთად, პირადად ზურაბ ადეიშვილი აყალბებდა. რატომ აკეთებდნენ ამას, როდესაც გამოძიება დასრულდება პასუხს მაშინ მივიღებთ, ანუ - უახლოეს მომავალში.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო დარჩაო...

- გამოძიება მიმდინარეობს. მთავარმა პროკურორმა არაეთხელ განაცხადა, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი.

რაც შეეხება რაულ უსუფოვს, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ გაგუდეს, ამის შემდეგ წვრილი ნემსით შეუყვანეს შხამი. თქვენ რას იტყვით?

- მას ძალადობის კვალი ნამდვილად აღენიშნებოდა კისრის არეში. არის ექსპერტიზის დასკვნა და არის სურათები, რომელზეც აშკარად ჩანს ძალადობის კვალი და მათ შორის, ნაჩხვლეტებიც.

ბატონ ზურას გვამსაც ეტყობოდა ნაჩხვლეტები?

- ზურას გვამს ნაჩხვლეტები არ ეტყობოდა. ზურას რა ეტყობოდა ამას ცოტა ხანში გაიგებს საზოგადოება.

შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ მას თავზე ჰქონდა საკმაოდ ბევრი ნაკერი?

- შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, ზურას თავი ჰქონდა გაკერილი. მაშინდელმა გამოძიებამ ეს იმით ახსნა, რომ ნიმუშები იქნა აღებული ექსპერტიზისთვის და მათ შორის თავის ტვინის.

ტანზეც ჰქონდაო ნაკერები?

- ასე იყო. ორ ადგილას ჰქონდა ნაკერები და ესეც იმით იყო ახსნილი, რომ ნიმუშები აიღეს, თურმე, ექსპერტიზისთვის.

თქვენ გჯერათ ამ ვერსიის?

- არა. მე არაერთხელ გამიცხადებია, რომ ჩემი ძმა მოკლეს. ამას მე მაშინ ზედაპირულად არ ვაცხადებდი, ეს ჩემი ემოცია კი არ იყო ამას ვაცხადებდი ჩემს ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა. ამაჟამად მიდის გამოძიება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და იგი ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

რაც შეეხება დაცვის თანამშროლებს, მიმდინარე გამოძიებით იკვეთება დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის და ძაძამიას პასუხისმგებლობის საკითხი. მეტიც, უსუფოვის ტელეფონზე სწორედ ძაძამიას ნომრიდანაა დარეკილი, დილიდან უკავშირდებოდა მას და აზუსტებდა იყო თუ არა თბილისში...

- ბუნებრივია, როგორც ხარშილაძეს, ასევე ძაძამიას თავისი წილი  პასუხისმგებლობა ეკისერებათ. ვის რა დოზით აქვს მონაწილეობა მიღებული ამ მკვლელობაში, ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი.

მათ შორის გიორგი ბარამიძესაც? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ჯერ არაა დაკითხული, თუმცა პროკურატურა ბარამიძის დაკითხვას გეგმავს...

- რა თქმა უნდა. როდესაც მოხდა ეს ამბავი გიორგი ბარამიძე მონაწილეობდა სწორედ ამ სცენარის ინსცენირებაში. რითი იყო მისი ქმედება მოტივრებული, ამას მალე გავიგებთ.

თუმცა ბარამიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობდა პრემიერის გარდაცვალების სცენარის ინსცენირებაში...

- დასრულდება გამოძიება და მივიღებთ პასუხს.

პარალელურად პროკურატურამ განაახლა ლევან სამხარაულის მკვლელობის გამოძიება, რომელიც ესწრებოდა გამათბობელზე ჩატარებულ ექსპერტიზას. როგორ ფიქრობთ, სამხარაულის მკვლელობა კავშირშია პრემიერის გარდაცვალებასთან?

-რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმეები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.