“ივანიშვილი წასვლას არსად აპირებს!”

“ივანიშვილი წასვლას არსად აპირებს!”

მთავრობამ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა _ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც ზემოხსენებულ შეხვედრას ესწრებოდა, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს:

_ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს. სხვათა შორის, ამიერიდანAასეთი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება... რაც შეეხება 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას, მის დახვეწას 2-3 თვე დასჭირდება და განისაზღვრება, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავარი მიმართულებების რეალიზება.

_ ბატონო დემურ, “მთავარ მიმართულებებში” რა იგულისხმება?

_ პირველ რიგში, გვინდა, კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი შეიქმნას და ყველაფერი, რაც საამისოდაა საჭირო, ზემოხსენებულ სტრატეგიაში გაიწერება... სხვათა შორის, საქართველოს 22-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, ხელისუფლებამ პირველად გაითავისა, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანური რესურსია, რომლის განვითარებაც სახელმწიფოს მთავარი საზრუნავია... მოკლედ, უნდა აშენდეს განათლების ინდუსტრია. ამ კუთხით კი, მთავარი აქცენტი იმ ნიჭიერ მოქალაქეებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც  შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობენ და თვითრეალიზაციას ვერ ახერხებენ...

ზემოხსენებული სტრატეგიის მესამე მიმართულება ფინანსების ხელმისაწვდომობაა. საერთოდ, საქართველოში ფინანსების შიმშილია, რადგან ფული მხოლოდ ბანკებშია კონცენტრირებული, საბანკო სექტორი კი, კარგად ვერაა აწყობილი. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა, დამოუკიდებელი ეკონომიური საქმიანობა აწარმოოს, მაგრამ ამას ფინანსური ხელმიუწვდომობის გამო ვერ ახერხებს. სწორედ ეს საკითხი დავსვი პრემიერთან შეხვედრაზე. ბატონმა ბიძინამ მკითხა, ამ მიმართულებით კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთო. ვუპასუხე, მთავარი ხელისუფლებისგან ბიზნესმენების საგარანტიო უზრუნველყოფაა-მეთქი, ანუ ფონდები, რომლებიც ბიზნესის დამხარებისთვის შეიქმნება, გარანატიის ფუნქციის მატარებელნი უნდა იყვნენ და თანადაფინანსება დაზღვევაში მონაწილეობასაც უნდა გულისხმობდეს.

ეს სამი მიმართულება ადამიანს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს...

_ მიხეილ სააკაშვილი და, საერთოდ, “ნაცმოძრაობა” 9 წლის განმავლობაში გვარწმუნებდა, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ნიადაგი და უცხოური ინესტიციების სიმრავლეაო. დღეს კი, “ნაცები” ქირქილებენ, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ქართულ ეკონომიკაში სტაგნაციაა და აღარც ინვესტიციები შემოდისო...

_ ეს კარგად ორგანიზებული და გარეკლამებული არარეალობაა. ერთადერთი, რაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში იოლად შეიძლებოდა, ფირმის გახსნა იყო, რის შემდეგაც პრობლემები იწყებოდა, რადგან ყველა მნიშვნელოვან სფეროში “ნაციონალებისგან” ხელდასხმული ადამიანები მბრძანებლობდნენ. ეს სტუქტურა ახლაც მუშაობს, რადგან რამდენიმე თვეში ვერ დაინგრეოდა, მაგრამ ის გახსნილობა, რომლისკენაც მივდივართ, ავტომატურად ახალ ჯგუფებს გააჩენს...
მოკლედ, პრემიერთან შეხვედრიდან ოპტიმისტური განწყობით გამოვედი, რადგან დავინახე, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლას არსად აპირებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის პრობლემებიდან გამოყვანაა.

_ ბატონო დემურ, ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით სიახლეები იგეგმება?

_ წინა ხელისუფლება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სახელმწიფოს ფულით აკეთებდა. ამასთან, ათიათასობით ადამიანი ეკონომიკური საქმიანობიდან ჩამოაშორეს და ყველაფერი ხელში ჩაიგდეს. ამიტომ, საქმე ინვესტიციების მოჩვენებით ზრდასთან გვქონდა. შეუძლებელია, ქვეყანა, რომელსაც საკუთარი რესურსი არ აქვს და 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ეკონომიურად იზრდებოდეს. ასე რომ, “ნაციონალურ” ბლეფს წერტილი დაესვა!

_ პარლამენტმა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო, რამაც პრემიერის გალისწყრომა გამოიწვია და განაცხადა, არ შეიძლება, ბიზნესს წესები უკარნახოო...

_ ამ მტკივნეულ პრობლემას ხელისუფლება გვერდს ვერ აუვლის. ბინიდან გამოსახლების საშიშროების წინაშე 75 000 ადამიანი დგას, 200 ათასზე მეტი კი ე.წ. შავ სიაშია... აგვისტოს ომის და მსოფლიო კრიზისების გამო, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, ხალხი სესხის გასტუმრებას ვერ ახერხებდა. სადავო არაა, რომ სესხი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ საჭიროა ვალების რესტრუქტურიზაცია და საშეღავათო პირობები. თუკი 75 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩება, ამით ბანკები თავიანთ ფულს დაიბრუნებენ, ქვეყანაში კი გაჩნდება პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება.

მოკლედ, ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც, მართლაც, არ შეიძლება, ბიზნესთან შეთანხმების გარეშე გადაწყდეს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არსებული რეალობა. იმაზე არაა ლაპარაკი, რომ დაზარალებულთა ვალი სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გაისტუმროს, ან ბანკებმა ხალხს დავალიანება აპატიოს, მაგრამ რადგან ფორს-მაჟორი იყო, ადამიანებს ვალის ეტაპობრივად გადახდის საშუალება უნდა მიეცეთ.

_ რა ამის პასუხია, ბატონო დემურ და, პრემიერმა თითი მაჟორიტარებსაც დაუქნია, თავიანთ კომპეტენციას სცილდებიან და თავი რაიონების ბატონ-პატრონები ჰგონიათო...

_ შეუძლებელია, მაჟორიტარი თავის საარჩევნო ტერიტორიაზე ადგილობრივ თვითმმართველობას შლიდეს და საკადრო პოლიტიკას განაგებდეს. ეს მახინჯი პრაქტიკაა... ძალიან ცუდი კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და სხვა ფუნდამენტალური საკითხები განსაზღვრული არაა...  

_ განათლების ახალმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოადგილეობიდან “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი გადააყენა, რაც თავად ზურაბიშვილმა “რესპუბლიკელებზე” ზეწოლად შეაფასა. პრემიერმა კი, ახალი მინისტრი “კერკეტ კაკალს” შეადარა და, როგორც იტყვიან, საქციელი შეუქო. სხვათა შორის, ზურაბიშვილის გადაყენებამდე, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში შემავალ პარტიებს და, საერთოდ, თავის მომხრეებს მოუწოდა, “რესპუბლიკელების” კრიტიკისგან თავი შეიკავეთო. მაშასადამე, ერთი ხელით “რესპუბლიკელებს” იცავს და მეორეთი _ ებრძვის?

_ არ მგონია, რომ საქმე კონკრეტული თანამდებობის დაკავება-არდაკავებასთან გვაქვს. განათლების ახალ მინისტრს პირველ მოადგილედ, ალბათ, ის უნდა, ვისაც პროფესიონალად თვლის... განათლების სისტემაში ისეთი პრობლემებია, რომ საეჭვოა, რომელიმე მოადგილეს მუშაობის გაგრძელების პრეტენზია ჰქონდეს _ თვეები გადის და სიტუაცია არ იცვლება...