ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ტურიზმია. ყოველ შემთხვევაში, არავინ კამათობს, რომ თუკი ჩვენს ყველა ტურისტულ შესაძლებლობას ავამუშავებთ, ქვეყანაში საშუალო ფენა შეიქმნება... “ნაციონალების” მმართველობის დროს ტურიზმს თითქოს დიდი ყურადღება ექცეოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ბათუმზე “ზრუნავდა”. ისეთ კურორტს კი, მაგალითად, როგორიც ურეკია, ყურადღებას არც აქცევდა. არადა, ურეკის მაგნიტური ქვიშის პლაჟი, მართლაც, უნიკალურია... ურეკში, ტრადიციისამებრ, წელსაც ხალხმრავლობაა, თუმცა თვალშისაცემია, რომ დამსვენებელთა უმეტესობა არაქართველია _ განსაკუთრებით სომეხი ტურისტების სიმრავლეა...
_ “ქვეყანაში ეკონომიკის სტაგნაცია ყველასათვის თვალში საცემია, რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზეც მოქმედებს, _ ამბობს ურეკის ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მეპატრონე, _ ისე, წელს ურეკში, შარშანდელთან შედარებით, მეტი დამსვენებელია. სომეხი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და რუსი ტურისტების სიმრავლე იმას ნიშნავს, რომ ურეკი თანდათან პოპულარული კურორტი ხდება. საერთოდ, ურეკი, ბალნეოლოგიური თვალსაზრისით, უნიკალურია _ ნატანებიდან სუფსის ჩათვლით, ურეკის მაგნიტური ქვიშის თერთმეტკილომეტრიანი სანაპირო, მართლაც, სასწაულმოქმედია და აქ გატარებული ოცდაერთი დღე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში ჩატარებული მთელი წლის კურსის ტოლია. ურეკის ქვიშას ოთხპროცენტიანი მაგნიტური შემცველობა აქვს, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ამიტომაც, 1997 წელს ურეკს საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია... სასმელი წყალი, რკინის მაღალი შემცველობის გამო, თავისებურია. გვპირდებიან, რომ სექტემბრიდან დაიწყებენ წყლის, კანალიზაციის, გაზის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
სხვათა შორის, ურეკი სტრატეგიული დანიშნულებისაა და ზღვის სანაპიროზე სამასი მეტრის რადიუსში კაპიტალური შენობების აგება აკრძალულია. დააკვირდით, ბათუმსა და ქობულეთს სანაპირო ზოლი აღარ აქვს _ ზღვამ წაიღო, ბათუმის პლაჟი ისეთი ქვიანია, შეზლონგის გარეშე ვერ დაწვები. აჭარისწყალზე ჰესის აშენების გამო, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. ამდენად, ურეკის როლი იზრდება...”
ვახტანგი, დამსვენებელი: _ “ურეკში სახლი მაქვს და აქ ყოველ წელს ჩამოვდივარ. მართალია, ურეკი მაღალი ტემპერატურის ზოლშია, მაგრამ ივლისში მაინც ცივა _ წვიმს. თუკი სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება, მოსახლეობა, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ურეკში ჩამოსვლას შეძლებს. თუ სახელმწიფო ჩაერევა და ბიზნესმენებს სანატორიუმის ტიპის კომპლექსების აშენებაში დაეხმარება, კურორტი მთელი წელი იფუნქციონირებს...”
პლაჟზე მოვაჭრე: _ “ჩემი პატარა შემოსავლის წყარო პლაჟია. ვყიდი ბურბუშელას, მზესუმზირას, ტკბილეულს, მოხარშულ სიმინდს. დიდი კონკურენციაა _ ამ საქმეს ხელი ბევრმა მიჰყო და ხანდახან ერთმანეთს ფეხებში ვედებით. ჩვენი სოფელი მცირემიწიანია და შემოსავალიც ნაკლები გვაქვს. წელს ბევრი უცხოელი დამსვენებელია, რუსულის ცოდნა დაგვჭირდა, რადგან სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ტურისტებიც გაჩნდნენ”.
მაშველი: _ “ურეკის პლაჟი განსაკუთრებულია: მთლიანად ქვიშიანია და რამდენიმე კილომეტრზე წყლის სიღრმე ერთ დონეზეა. პატარ-პატარა მოქცევების დროს, ზღვაში ღრმულები ჩნდება. ამ ღრმულს აქაურები ჭას ეძახიან. ზღვის ღრმულები ხშირად უბედური შემთხვევების მიზეზი ხდება. ამიტომ, მცირე შტორმების დროს ზღვაში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ბევრი დამსვენებელი არ გვიჯერებს. ქობულეთის და ბათუმის სანაპიროზე ღელვა სხვანაირია _ ხვდები, რომ წყალში შესვლა საშიშია, აქაური ზღვა კი, მიგიტყუებს _ შედიხარ წყალში, ფეხზე დგახარ, თამამდები, სინამდვილეში კი, დიდი სიფრთხილეა საჭირო. შტორმის დროს განსაკუთრებით საშიში წყალქვეშა დინებებია, რომლებმაც შეიძლება, მოცურავე სულ სხვა მიმართულებით წაიღოს, ამიტომ საჭიროა ინსტრუქტაჟს დაექვემდებარონ. იმ დღეს 16 წლის ბიჭი დაიხრჩო _ ზღვაში ორნი იყვნენ შესულნი, სანამ ერთი გამოგვყავდა, მეორე დინებამ წაიღო”.
სომეხი დამსვენებელი: _ “საქართველოს კურორტზე პირველად ვარ. აქ ჩამოსვლა მეგობარმა მირჩია. დიდი მოცურავე არ ვარ და საჭყუმპალაოდ აქაურობა მაწყობს. რაც შეეხება ფასებს, მაღალია...”
აზერბაიჯანელი დამსვენებელი: _ “ურეკში წელს მესამედ ვარ. აქაური ქვიშიანი პლაჟი მომწონს. ბაქოდან მანქანით ჩამოვდივარ ხოლმე...”
ყაზახეთიდან ჩამოსული ოჯახი: _ “უფროსი ვაჟი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, მეგობარმა გვირჩია, ინტერნეტშიც ვნახეთ ურეკზე ინფორმაცია და ჩამოვფრინდით. იმედი გვაქვს, რომ ქვიშით მკურნალობა შედეგს გამოიღებს”.
_ “წელს, ძირითადად, შუა აზიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანსა და რუსეთიდან არიან ტურისტები, _ ამბობს კერძო სასტუმროს მეპატრონე, _ მოლოდინი, რომ “ნაციონალების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს კურორტებს რუსი ტურისტები მოაწყდებოდნენ, არ გამართლდა. ეს კი არადა, წელს სომეხი ტურისტების რაოდენობაც შემცირდა _ როგორც ჩანს, “ნაციონალებმა” თავიანთი კავშირები გამოიყენეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ტურისტული სეზონი ჩაშლილიყო.
ჩვენი ქვეყანა წიაღისეულით მდიდარი არაა, მაგრამ მსოფლიოსთვის მიმზიდველი ბუნებრივი ადგილები გვაქვს და შეგვიძლია, ტურიზმიც განვავითაროთ. ამ პოტენციალის გამოუყენებლობა დანაშაულია! მართალია, ურეკი უნიკალური სამკურნალო კურორტია, მაგრამ სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვისAახალი ტიპის კვლევების ჩატარებაა საჭირო... ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წყარო რეკლამაა, რომელსაც წინა ხელისუფლება პოსტსაბჭოთა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული დოზით აკეთებდა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეგვიძლია, რეკლამის ხარჯები გავიღოთ, ოღონდ ეს რეკლამა სახელმწიფოს სახელით უნდა გადიოდეს, რადგან ნდობის ხარისხი უფრო მაღალი იქნება”.