ლანჩხუთში, სოფლის რწმუნებულებს გოჭები და ქათმები “შეაწერეს”

ლანჩხუთში, სოფლის რწმუნებულებს გოჭები და ქათმები “შეაწერეს”

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლანჩხუთში ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელების ჩამოყვანას ჯერ კიდევ ივნისში აპირებდა. მაშინ ზაზა ურუშაძე აცხადებდა, ამ ვიზიტისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ გავიდოდა და სტუმრებს სპონსორების დახმარებით გავუმასპინძლდებითო... თავდაპირველად ითქვა, რომ ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელები ლანჩხუთში 27 ივნისს ჩამოვიდოდნენ, თუმცა დაპირებული სტუმრობა ახლახან “შედგა”. გამგებელი ზაზა ურუშაძე მიიჩნევს, რომ ვეტერანი ფეხბურთელების ლანჩხუთური ვოიაჟი რაიონისთვის ერთგვარი რეკლამა იქნება და ადგილობრივ ფეხბურთსაც ეშველება. ისე, საინტერესოა, რა სჭირს საშველი სპორტის იმ სახეობას, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 400 ათასი ლარით ფინანსდება და, შესაბამისად, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს დიდი ანაზღაურება აქვთ. აქვე, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის გუნდის საბანკო ვალებს, პროცენტის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის(!)... მოკლედ, ლანჩხუთი დიდი სტუმრიანობის მოლოდინშია და საქმეში რწმუნებულებიც ჩაერთვნენ _ რამდენიმე დღის წინ “ქართულ სიტყვას” შეატყობინეს, რომ „გამგეობა რწმუნებულებს სტუმრების გასამასპინძლებლად გოჭებისა და ქათმების მიტანას ავალებს“. გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა, თენგიზ ხელაძემ აღნიშნული ფაქტი, პრაქტიკულად, დაადასტურა და განაცხადა: „ჩემი იდეა იყო და ზოგი თუ გოჭს მოიყვანდა, ზოგი ქათამს და ა.შ. ეს დანაშაულია?” “ქართული სიტყვა” ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს დაუკავშირდა.

“ეს გამგეობის ინიციატივა არაა... ეს წინადადება მათგან წამოვიდა. ჩვენ კი, პოსტ ფაქტუმ გავიგეთ და უარი ვთქვით”, _ განაცხადა ზენაიშვილმა.

“ქართული სიტყვა” “ქათმებ-გოჭების ისტორიაში” უკეთ გასარკვევად გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელ მაკა სულაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გამგებლის მოადგილისგან განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა:

“როგორც ჩემთვისაა ცნობილი, 6 000 ლარს “რომპეტროლი” რიცხავს, 6000 დოლარს _ “ვაგონშემკეთებელი ქარხნის” გენერალური დირექტორი და ა.შ. რწმუნებულებისთვის არავის არაფერი „შეუწერია“ და შეგიძლიათ, მათთან გადაამოწმოთ.

_ ჩემი წყაროს ინფორმაციით, რწმუნებულებს გოჭებისა და ქათმების “შეგროვება” გამგეობიდან დაავალეს.

_ ვინ დაგირეკათ?

_ მაკა, წყაროს ანონიმურობა კანონითაა დაცული.

_ გადავამოწმებ და შეგეხმიანებით.

მაკა სულაბერიძე “ქართულ სიტყვას” რამდენიმე ხანში დაუკავშირდა:

_ როგორც ირკვევა, გოჭებისა და ქათმების იდეა უშუალოდ რწმუნებულებიდან წამოვიდა. ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო.

_ “ქართული სიტყვის” ინფორმაციით, გამგებელიც დებს საკუთარ ფულს...

_ დიახ, 2 ათას ლარს.

მაკა სულაბერიძესთან საუბრის შემდეგ, “ქართულ სიტყვას” “ქათმებ-გოჭების შეგროვების” იდეის ავტორი, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ხელაძე დაუკავშირდა:

_ ეს ნამდვილად ჩემი იდეა იყო, ხუთი სოფლის _ გვიმბალაურის, აცანის, აკეთის, მამათის და ღრმაღელის რწმუნებულებს ვუთხარი, თუ გინდათ სუფრაზე იყოთ, მაშინ ასე მოვიქცეთ, მოვიტანოთ რაც შეგვიძლია-მეთქი და დამთანხმდნენ. გამგებელმა არაფერი იცოდა, საყვედურიც კი მითხრა.