“ქართული სიტყვა” ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანზე, კაპიტან მამუკა ნიბლაძეზე უკვე წერდა, რომელიც 5 წელია, უსამართლობას ებრძვის. კაპიტანი ნიბლაძე თაღლითობის მსხვერპლია _ 2009 წლის 28 მაისს, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად, მცხეთაში, რუსთაველის ¹72–ში მდებარე საკუთარი სახლიდან გამოასახლეს... სხვათა შორის, 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ე.წ. იპოთეკით დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა 750 ათასია... მამუკა ნიბლაძემ, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ მიმართა და პროკურორების _ ლევან საბანისძის, ვახტანგ ცალუღელაშვილის, ადვოკატ ავთანდილ ბუაძის, ბებურ გორდელაძის, ნუგზარ ბურჭულაძის და, როგორც თვითონ ამბობს, თაღლითურ სქემაში მონაწილე სხვა პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სთხოვა. “მაქვს დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ ეს ადამიანები კრიმინალები და საზოგადოებისთვის საშიში პირები არიან... სხვათა შორის, ამ თაღლითური სქემის შესახებ იცოდა და დამნაშავეებს მფარველობდა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ანზორ ხვადაგიანი. ასევე, მისი მეუღლე მარინა გერგედავა-ხვადაგიანი,” _ აცხადებს მამუკა ნიბლაძე, რომელმაც განცხადებით იუსტიციის მინისტრს მიმართა და საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა: “ქალბატონო თეა, ღრმად მწამს თქვენი პრინციპული დამოკიდებულების სამართლისადმი და ამიტომ მოგმართავთ: დღემდე უსახლკაროდ ვარ, დახმარებისთვის არასოდეს მიმიმართავს სოციალური დაცვის სამინისტროსთვის და არც მივმართავ! მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ, ჩემი ქვეყნის მთლიანობისთვის ვიბრძოდი და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს, ღირსეულად ემსახურო ქვეყანას. პირდაპირ გეტყვით: სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების სამართლიანობისადმი რწმენა თანდათან მეკარგება, რადგან პროკურატურა აგრძელებს ჯოჯოხეთურ საქმიანობას. არ ვიცი, ეს რისი, ან ვისი ბრალია. იქნებ, იმის, რომ ისევ ძველი კადრები გყავთ ხელისუფლებაში, განსაკუთრებით, _ პროკურატურაში, რომლებიც ხელს გიშლიან პროცესების სამართლიანად წარმართვაში. საქართველოში დღემდე არსებობენ კრიმინალი მაღალი რანგის ჩინოვნიკები _ თქვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიით, საკმაოდ ბევრმა კრიმინალმა იზეიმა გამარჯვება... მჯერა თქვენი სამართლიანობის და პრინციპულობის! შეისწავლეთ ყველა დაზარალებულის, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების საქმე და მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე ვიმოქმედებ, როგორც ჩემი ღირსება მკარნახობს!“ იუსტიციის მინისტრი მამუკა ნიბლაძეს მალევე გამოეხმაურა და აცნობა, რომ მისი საქმე გამოძიებისთვის გადაეგზავნა გენერალური ინსპექციის საპროკურორო საზედამხედველო სამსახურს... დაზარალებული მამუკა ნიბლაძე იმედოვნებს, რომ საქმეზე მიუკერძოებული, ობიექტური გამოძიება ჩატარდება და, ასევე, გადაიხედება მოსამართლეების მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენები...
მამუკა ნიბლაძე: _ ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული ამნისტიით ის კრიმინალი გათავისუფლდა, რომლის გამოც ქუჩაში აღმოვჩნდი. ის პიროვნება არ ვარ, რომ ვინმეს წლისა და ათი თვის ბავშვის ქუჩაში გამოგდება ვაპატიო... საქმეების გამოძიება ირონიით არ უნდა მოხდეს _ ახალი ხელისუფლების ძველ კადრებს “ნაცისტური” ირონია ეტყობათ!
_ როგორც ვიცი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ხართ...
_ დიახ და არც ვნანობ, რადგან “ოცნებამ” საქართველოში სააკაშვილის მმართველობა დაასრულა, მაგრამ ჯერჯერობით მეტ კარგს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვხედავ!.. ძველმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, როცა კრიმინალებს ხელი შეუწყო, რომ ასიათასობით ოჯახი ქუჩაში დაეტოვებინათ... ახალ ხელისუფლებას კი, გულგრილობაში ვადანაშაულებ _ ციხიდან ისინი გამოუშვა, ვინც უსახლკაროდ დაგვტოვეს. 2009 წლის მონაცემებით, 750 000 ათასი ოჯახი თაღლითობის მსხვერპლია. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია დაზარალებული და სამართალს ითხოვს!
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ინფორმირებული იყო, რომ ბებურ გორდელაძე პოლიტპატიმართა სიაში არ უნდა ყოფილიყო, რომელსაც, თაღლითობის გამო, შეკრებითობის კანონის გათვალისწინებით, 18 წელი ჰქონდა მისჯილი. ის დღეს საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუკი კბილაშვილის უწყება ამ საქმეს არ გადახედავს და სამართლიანობას არ აღადგენს, მაშინ იძულებული გავხდები, რომ სამართლიანობა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩემი შვილი ქუჩაში დატოვა და წმინდა მიწიდან, მცხეთიდან იძულებით ამყარა, პირადად აღვასრულო, მით უმეტეს, რომ დასაკარგი აღარაფერი მაქვს!
ისე, პროკურატურამ ძალიან კარგად იცოდა, თუ როგორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ირგვლივ მიმდინარეობდა გამოძიება, მაგრამ გამოძიების დროს არ იქნა განხილული ის ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი ნარკომოვაჭრე. არადა, ეს ფირი ამ საქმესთან პირდაპირ კავშირშია. ასევე, ობიექტურად არ დადგინდა თაღლითობით ჩემთვის მოყენებული ზიანის რეალური ოდენობა. არსებობს მრავალი დეტალი, რომელიც გამოძიების არაობიექტურობაზე მიუთითებს და ამას შესწავლა სჭირდება.
საქმეში, ასევე, იკვეთება საქართველოს მთავარი პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ანზორ ხვადაგიანის ბრალეულობაც, რომელმაც ამ უსამართლო ქმედებების შესახებ ყველაფერი იცოდა _ თავად ვარ ნამყოფი მის ოჯახში, სადაც ვესაუბრე მის მეუღლეს მარინა გერგედავა-ხვადაგიანს. ეს ქალბატონი საგამოძიებო უწყებებში კრიმინალურ კლანებს კურირებდა.
_ ბატონო მამუკა, ანზორ ხვადაგიანის ოჯახში რა მიზნით მიხვედით?
_ არსებობდა საფრთხე, რომ ჩემთვის ქონება უკანონოდ ჩამოერთმიათ... ეს საქმე შპს „ბარისტერის“ კერძო არბიტრ როინ გელაშვილს უნდა განეხილა... სწორედ ამ დროს ნუგზარ ბურჭულაძე დამიკავშირდა. მასთან ერთად, ბებურ გორდელაძესაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ თუკი ქონებას დავკარგავდი, მივმართავდი სამართალდამცავ ორგანოებს და საქმის კანონიერად გამოძიებას მოვითხოვდი. მათ მითხრეს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხე არ არსებობდა. მესამე დღეს ბებურ გორდელაძე ისევ დამიკავშირდა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში, ანუ იპოთეკის ბიზნესში მაღალი რანგის თანამდებობის პირები _ პარლამენტარები და სამმართველოს უფროსები იყვნენ ჩართულნი. ამასთან, შემომთავაზა, ანზორ ხვადაგიანთან ოჯახში მივსულიყავი და ყველაფერი იქ გაირკვეოდა, თუმცა ამ შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩემი თანხა მათ მიითვისეს და სხვასთან საქმის გარკვევას არც ვაპირებდი.
_ თუკი გორდელაძეს შემოთავაზებაზე უარი უთხარით, აბა, ხვადაგიანის სახლში რატომღა მიხვედით?
_ ხვადაგიანის სახლში, დოლიძის ¹8-ში, გორდელაძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მივედი. შინ ანზორ ხვადაგიანის მეუღლე მარინა გერგედავა-ხვადაგიანი დაგვხვდა, რომელსაც გორდელაძემ შექმნილი ვითარება გააცნო. მარინა ხვადაგიანმა განმიცხადა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა _ ათი დღის განმავლობაში ბურჭულაძე და გორდელაძე მითვისებულ თანხას დააბრუნებდნენ და თუ ვინმე დამირეკავდა და შემაწუხებდა, მაშინვე მისთვის უნდა მეცნობებინა, თუმცა მივიჩნიე, რომ ეს მათი მხრიდან თაღლითურ სქემაში ჩემი ჩათრევის მცდელობა იყო.
სხვათა შორის, კრიმინალური წარსულის მიუხედავად, ამ ოჯახის წევრები დღესაც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და, ბუნებრივია, დანაშაულის დაფარვას ახერხებენ. მარინა ხვადაგიანი ყველას, ვინც კი ამ საკითზე მასთან გასაუბრებას მოისურვებს, ემუქრება. რამდენიმე წლის წინ, როცა ამ თემაზე პირველი ინტერვიუ მივეცი და მათი დანაშაულებრივი ქმედებები ვამხილე, ჩემი დევნა დაიწყეს _ მითვალთვალებდნენ, ალბათ დროს ეძებდნენ...
ახალ ხელისუფლებას კი არ მოვუწოდებ, რომ დამნაშავეები ჩაქოლოს და არაადამიანურად მოეპყრას, უბრალოდ, დაზარალებულთა ინტერესები დაიცვას და მათ თანადგომა გამოუცხადოს...
_ პროკურორების _ ლევან საბანაძისა და ვახტანგ ცალუღელაშვილის ბრალეულობა რაში იკვეთება?
_ ეს პირები კრიმინალურ ჯგუფთან გარიგებაში არიან ეჭვმიტანილნი. ამიტომ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩემი ადვოკატი ავთანდილ ბუაძეც ერთ-ერთი მთავარი თაღლითია _ 1500 ლარი გამომართვა, ვითომ ჩემს ინტერესებს იცავდა. სინამდვილეში კი, თაღლითებთან იყო შეკრული.
_ ბატონო მამუკა, მტკიცებულებები გაქვთ, რომ ზემოხსენებულ სუბიექტებს დანაშაული დაუმტკიცოთ?
_ 23 ვიდეო და აუდიო ჩანაწერი მაქვს, აქედან, სამზე ბურჭულაძე-გორდელაძის თაღლითური საქმიანობაა ასახული... დანარჩენი 20 ჩანაწერი კი, ადვოკატ ავთანდილ ბუაძის კრიმინალურ საქმიანობაზეა. თუ პროკურატურა გამოძიებას ობიექტურად წარმართავს, წარვუდგენ სხვა დამატებით მტკიცებულებებსაც, მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ დღეს პროკურატურა სანდო სტრუქტურაა. ვიმეორებ: უტყუარი მტკიცებულებები მაქვს!
მამუკა ნიბლაძის ინფორმაციით, ბებურ გორდელაძე ყოფილი პოლიციელია, ნუგზარ ბურჭულაძე კი, _ “მხედრიონელი”. ამასთან, ეს უკანასკნელი ნიბლაძის მეუღლის ნათესავია. როგორც ნიბლაძე განმარტავს, ბურჭულაძეს ბინის იპოთეკაში ჩადება სთხოვა, რადგან მანქანის შეძენას აპირებდა. “მინდოდა, “მეტაქსავა” და ოჯახი მერჩინა, თუმცა ბურჭულაძემ მომატყუა და თაღლითურ სქემაში ჩამითრია”, _ ამბობს მამუკა ნიბლაძე.
“ქართული სიტყვა” ბებურ გორდელაძესა და ნუგზარ ბურჭულაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა გორდელაძის ტელეფონზე მისმა შვილმა გვიპასუხა, რომელმაც განაცხადა, მამა გასულია და როცა მოვა, თავად დაგიკავშირდებათო.
რაც შეეხება ნუგზარ ბურჭულაძეს, მისმა მეუღლემ “ქართულ სიტყვას” განუცხადა: “ამ საქმეზე სასამართლო უკვე გვქონდა. მაგათმა ისეთი რაღაც დაწერეს და გამოააშკარავეს, პრინციპის გულისთვის ვუჩივლებ მაგათ სასამართლოში... ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ჩემი მეუღლე თითქოს “ბარიგაა”. მაგათ მოვთხოვ პასუხს ამისთვის... ნუგზარი კომენტარს არ მოგცემთ, ნუ გადარევთ, ნაინფაქტარი კაცია _ ორი თვის წინ გაუკეთეს სტენდირება... ახლა როგორ ვუთხრა... გაგიჟდება. ბებურ გორდელაძემ მეც დამღუპა და ყველა დაღუპა. ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ, ძალიან განერვიულებული ვარ...“