რატომ აკრძალა პრემიერმა “რესპუბლიკელების” კრიტიკა

რატომ აკრძალა პრემიერმა “რესპუბლიკელების” კრიტიკა

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს “თითს უქნევს”, თავი რაიონების ბატონ-პატრონები ჰგონიათო და, აქედან გამომდინარე, ე.წ. მაჟორიტარების ინსტიტუტს ეჭქვეშ აყენებს. ამასთან, ივანიშვილი კოალიციაში შემავალ პარტიებს და, საერთოდ, თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ “რესპუბლიკელების” კრიტიკისგან თავი შეიკავონ. პარალელურად კი, განათლების ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი მინისტრის მოადგილეობას დაემშვიდობა, იწონებს და ამბობს, თამარ სანიკიძე “კერკეტი კაკალიაო”. სხვათა შორის, ბატონი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრის მოადგილეობიდან მისი მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მაშასადამე, გამოდის, რომ კოალიციაში “რესპების” (პოლიტიკურ წრეებში “რესპუბლიკელებს” შემოკლებით “რესპებს” ეძახიან) რეპრესიები დაიწყო? ეს შეფასება შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია: ზუსტად მაშინ, როცა პრემიერი გარემოცვას “რესპუბლიკელების” კრიტიკისგან თავის შეკავებას ურჩევს, განათლების ახალი მინისტრი “რესპუბლიკელ” დავით ზურაბიშვილს, რომელიც თავის დროზე, “თავისუფლების ინსტიტუტის” სულისჩამდგმელი იყო, სეკვესტრში აყოლებს. ამასთან, თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი გულიკო ზუმბაძე “ნაციონალყოფილ” ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ ილაშქრებს და ამტკიცებს, შიხიაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე შსს ლობირებსო. მართალია, ზუმბაძის პროტესტს ყურადღება არავინ მიაქცია და შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მაინც გახდა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ უსუფაშვილ-ხიდაშელის ტანდემმა შს მოქმედი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ანუ მაშინ დაიწყო, როცა ინტერნეტით აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ღარიბაშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, პრემიერი ყველაზე მეტად ენდობა, ხიდაშელს არცთუ კორექტულად მოიხსენიებს... რატომ კრძალავს პრემიერი “რესპუბლიკელების” კრიტიკას და რა ელის პირადი ცხოვრების ამსახველ 24 ათას ფარულ ჩანაწერს? _ ,,ქართული სიტყვა” პოლიტიკურ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ხათუნა, თქვენი აზრით, პრემიერმა მაჟორიტარებს თითი რატომ დაუქნია?

_ საამისოდ საკმარისი მიზეზია _ ზოგმა მაჟორიტარმა, ივანიშვილის ფაქტორის გამო, ჩათვალა, რომ უფლება აქვს, ადგილობრივ მთავრობას რაღაცები უკარნახოს.

_ რას გულისხმობთ?

_ სახეზეა პროცესების აღრევა _ პარლამენტში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში გარკვეული სერიოზული კორექტივები შეიტანა, რაც კონსტიტუციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. საპარლამენტო არჩევნები ირჩევს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი, _ ადგილობრივ თვითმმართველობას. ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი დაირღვა, რაშიც ბევრ მაჟორიტარს თავისი არასასურველი წვლილი მიუძღვის. მაჟორიტარები, თავიანთი აქტიურობით, საკუთარ ფუნქციას აჭარბებენ. აქვე, გავიხსენებ ერთ ინტერვიუს, რომელიც ამასწინათ, ,,ქართული ოცნების” ქვოტით გასულმა ერთმა მაჟორიტარმა მისცა. იგი აღშფოთებული იყო, რომ რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მის მითითებებს არ ასრულებენ და არ ემორჩილებიან. საოცარი იყო მაჟორიტარის გულწრფელი ტონი და ისიც, რომ არ ესმოდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არსი, არ იცოდა მათ შორის განსხვავება... როგორც ჩანს, ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა ,,ოცნების” მაჟორიტართა შემთხვევაში... უკმაყოფილება დაგროვდა და პრემიერის კომენტარიც ამითია გამოწვეული. კარგი პრეცედენტია: კანონდამრღვევებს მიეთითათ, რომ თავიანთი მოქმედებები კანონს დაუქვემდებარონ.

საერთოდ, მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლების ხელში მანიპულაციის საუკეთესო ბერკეტია. ,,ნაციონალებს” ჰქონდათ ტრადიცია: დიდი ფინანსური რესურსების მქონე რაიონს აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და ამით შეევსო სახელისუფლო კვოტით გასული დეპუტატების სია...

_ საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო. თქვენი აზრით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები როგორი იქნება?

_ ეს სპეციფიკური არჩევნებია, რადგან საინტერესოა მეორე ადგილზე გასული კანდიდატი, რომელიც ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გახდება და, შესაბამისად, პრეზიდენტობის გარდა, შეუძლია, პრეტენზია ბევრ რამეზე განაცხადოს. მაგალითად, შეიძლება წამოიჭრას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა. ამასთან, გაცილებით მეტი ამბიციითა და შემართებით იბრძოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2014 წ მაისში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში გაიმართება.

_ საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას ფიქრობთ?

_ გიორგი მარგველაშვილი მთავარი ფალავანია და ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამ არჩევნებშიც, მთელი პოლიტიკური სპექტრი რომ შევკრიბოთ, ივანიშვილს მაინც ვერ გადასძალავს, თუმცა პრემიერის მიერ უალტერნატივოდ მიჩნეული პრეზიდენტობის კანდიდატი დღემდე ყველაზე ნაკლებრეიტინგული სტარტაფტის მქონეა და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის მერე, სახელისუფლო კანდიდატ მარგველაშვილს რეგიონებში ხმების მოპოვება, სავარაუდოდ, გაუჭირდება.

_ ანუ, რეგიონებს თავისი ფავორიტები ჰყავთ?

_ ფავორიტებზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე მეტი შანსი ნინო ბურჯანაძეს აქვს, თუკი ბოლო დღემდე არენაზე ისეთი ექსტრაორდინალური კანდიდატი არ შემოვიდა, როგორიც, მაგალითად, პაატა ბურჭულაძეა.

_ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში უამრავი შავი ლაქაა, მათ შორის, _ 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი. რამდენად აქვს ბურჯანაძეს უფლება, პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს?

_ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს...

_ სალომე ზურაბიშვილზე რაღას იტყვით?

_ ბევრ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გამონათქვამები ძალიან რაციონალურია, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანმიმართული საინფორმაციო პოლიტიკის შედეგად, საზოგადოებაში მის მიმართ იმედგაცრუება მაღალია. ამას ჩაეჭიდა ბურჯანაძე, რომელიც დასავლეთისგან იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე მუშაობს...

მარგველაშვილისთვის პრემიერის ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი მტკივნეული თემაა, რადგან მისი გამარჯვება ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ რა ქნას იმ ამომრჩეველმა, ვინც არჩევნებზე ივანიშვილის ფაქტორის გამო მივა?

_ ყველაფერი ეს ერთმანეთთან ხომ წინააღმდეგობაშია?

_ გეთანხმებით, ბევრი კითხვის ნიშანია. იმის შეფასებაც მიჭირს, თუ რამდენად პრაგმატული და რაციონალურია გადაწყვეტილება დავით ზურაბიშვილის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლების შესახებ. უცნაურად იმიტომ მეჩვენება, რომ პრემიერს, წესით, არ უღირს ,,რესპუბლიკური პარტიის” განაწყენება, რომელიც ძალიან ,,ბუტიაა” და ეს არაერთხელ გამოჩნდა ამ პარტიის პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში.

_ რატომ ელოლიავება პრემიერი ,,რესპუბლიკელებს”?

_ პარლამენტში თავმოყრილი პოლიტიკური ძალებიდან ,,რესპუბლიკელები” ყველაზე რესპექტაბელურად გამოიყურებიან, მათ შორის, _ დასავლეთთან ურთიერთობაში. ,,რესპუბლიკური პარტია”, პრაქტიკულად, ივანიშვილის ღუზაა დასავლეთში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია, თავისი პარტიით, გვერდზეა გაწეული. ,,რესპუბლიკელები” ივანიშვილს სთავაზობენ იმ სერვისსა და ფუნქციებს, რისი შეთავაზებაც სხვა პარტიებს არ შეუძლიათ.

_ ქალბატონო ხათუნა, მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის მთავრობის რეიტინგის დაცემა-განადგურებას თავგამოდებით ცდილობს და ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ორი მილიარდი დოლარი გადასცა ივანიშვილს იმის საფასურად, რომ საქართველომ პროდასავლური კურსიდან გადაუხვიოსო...  

_ სააკაშვილის გამონათქვამებზე კომენტარების გაკეთება აღარ ღირს და  საზოგადოების მხრიდან ყველაზე ლოგიკური პასუხი სრული იგნორირება იქნება, მაგრამ არის პრეზიდენტის გამონათქვამები და მოქმედებები, რომლებიც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ. ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები კანონით უნდა ისჯებოდეს.

_ ანუ, სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია სააკაშვილის განცხადება, 26 მაისის დემონსტრაციის დაშლას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენო?

_ სააკაშვილის აზრით, აშშ-მ 2012 წლის 1 ოქტომბერს ზურგი აქცია საკუთარ პროექტს _ ,,სააკაშვილი” და ამიტომ, ამერიკელებზე შური ამ ფორმით იძია. სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, რომ აშშ-ს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერი სხვა სცენარი მისთვის მისაღები იქნებოდა. ის საგანგებოდ ემზადებოდა, რომ სულ მცირე, ხაშურის მსგავსი მოვლენები განვითარებულიყო მთელ ქვეყანაში, რაც, ალბათ, სისხლიან შეტაკებებსა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზრდებოდა. ყველა რეგიონში სპეცრაზმი იყო მობილიზებული და იმის წარმოდგენა, თუ რაზე წავიდოდნენ “ნაციონალთა” სადამსჯელო რაზმები, იოლია.

_ კვლავ აქტუალურია ფარული ჩანაწერები, ფაილების რაოდენობამ 24 ათასს მიაღწია. ამბობენ, რომ ამ  ჩანაწერების ავტორების ამნისტია იგეგმება. თქვენი აზრით, ეს ჩანაწერები უნდა განადგურდეს თუ არა?

_ ჩემი პოზიცია ასეთია: ფარულ ჩანაწერებს იგივე ძალა აქვთ, რაც “კა-გე-ბე”-ს აგენტურის სიას ჰქონდა. ამ ფაილებმა ნებისმიერ დროს შეიძლება, ნელი მოქმედების ნაღმის როლი შეასრულონ _ ძნელი სათქმელია, ამ პერსონებს როდის რას დააკისრებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილში ლუსტრაცია მოხდა, ვფიქრობ, ამ ფაილების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, ჩვენთანაც ასეთივე პროცესები უნდა მოხდეს. ფარული ჩანაწერების განადგურება კი არ შეიძლება, რადგან ეს ,,ნაციონალებისთვის” ნებისმიერ დროს სიტუაციის აფეთქებისა და არეულობის მოწყობის ბერკეტი იქნება.

_ ალბათ, ამიტომაც აწყობთ ,,ნაციონალებსფაილების განადგურება, არა?

_ “ნაციონალების” სურვილი გასაგებია, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ უწყობენ ფეხს ამ საკითხს, ვერ გამიგია. ფაილების გამოყენება ორი მიმართულებით შეიძლება: საბოტაჟის მოსაწყობად, სიტუაციის ასაფეთქებლად და მეორე, ნებისმიერ წესიერ ადამიანს, რომელსაც ჩანაწერებთან შეხება არ ჰქონია, შეიძლება, ნებისმიერი რამ დააბრალონ, მას კი, თავის მართლების საშუალება არ ექნება. მართალია, განადგურება ამ პრობლემას არ ხსნის, მაგრამ ხელისუფლებამ შედეგების მინიმიზაციაზე უნდა იფიქროს, რომ Mმსხვერპლი ჯალათად არ იქცეს.  

_ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს ქვეყანა თითქოს ამ ფარული ჩანაწერებით იმართება...

_ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათზე იყოს კომპრომატები, რომლებიც ფაილების განადგურებისთვის თავგამოდებით იბრძვიან!.. სხვანაირი მიდგომებია საჭირო, რომ კონკრეტული პიროვნებებისა და ოჯახების გარდა, ამ ფაილებმა საერთო სახელმწიფოებრივი კრიზისი არ გამოიწვიონ.