სტალინი და პატრიარქი

სტალინი და პატრიარქი

როდესაც მოსკოვში, რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე მიემგზავრებოდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იმედიანად იყო განწყობილი, რომ „ვიზიტი შედეგიანი იქნებოდა“.

ილია მეორეს ეს იმედი არც მას შემდეგ დაუკარგავს, რაც, დოკუმენტში, რომელიც მსოფლიოში ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ მიიღეს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა, არაფერი ითქვა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილ ასიათასობით ადამიანზე, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის საოკუპაციო ჯარის გამო ვერ ახერხებენ მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებას.

მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას უჭირს იმის აღიარება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის პოპულარობის რეიტინგი საქართველოს მოსახლეობაში უკვე 93 პროცენტს აღწევს, მოსკოვიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ამიტომ საზოგადოების გასამხნევებლად დაიწყო „კარგი რუსეთის“ მითის აღორძინება, რასაც იოსებ სტალინის ხოტბა-დიდებაც მოჰყვა: „პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისაგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება ლტოლვილების დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - განაცხადა ტელეკამერების წინ წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე თეოდორემ, რომელსაც, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, აშკარად უჭირდა ამ სიტყვების თქმა. „შეძლებისდაგვარად“ იმედიანი იყო თავად კათოლიკოს-პატრიარქი: დაიძრა ჩვენი ლტოლვილების საკითხიო - ამბიონიდან იქადაგა ილია მეორემ, რომელიც, საქართველოს დელეგაციის სასულიერო და საერო წარმომადგენლებთან ერთად, 29 ივლისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

მაგრამ რაკი საქმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამბავს ეხება, თავს უფლებას მივცემ, კატეგორიულად ვიკითხო:

რას ემყარება პატრიარქის ეს მოლოდინი? რა დაიძრა, ვინ დაძრა და სად არის თუნდაც გეგმის მონახაზიც კი? მით უფრო, თუ კარგად დავაკვირდებით, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს საკითხისადმი არა მწყობრსა და სისტემურ მიდგომასთან, არამედ სურვილის მორიგ დეკლარირებასთან, რომლის ადეკვატური გაგება კრემლის მხრიდან სცდება პოლიტიკურ განზომილებას: „ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი“ - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

კაცმა რომ თქვას, სხვა რამის იმედი ამ 20 წლის განმავლობაში ლტოლვილებს არც ჰქონიათ. მაგრამ, რადგან „ღვთის იმედი“ უმაღლესი კატეგორიაა და არ ექვემდებარება ლოგიკურ განსჯას, ამიტომ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პატრიარქის ვიზიტი „შედეგიანი“ იყო. ანუ მოსკოვმა გვითხრა, რომ მოვლენების ეკლესიური ხედვა სწორია და ამ პრობლემის მოგვარებაში მხოლოდ ზებუნებრივი ძალების იმედი შეიძლება გვქონდეს. მაგრამ კრემლის პოლიტიკა ისეა დაშორებული ღვთაებრივ კატეგორიებს, როგორც ცხვირი კეფას. უფრო ზუსტად აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია არა ღვთის, არამედ მოსკოვის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებით. შესაბამისად, პატრიარქის ვიზიტის შედეგი მისი სრული უშედეგობაა - ჩაკეტილი წრე, რომელზეც კრემლი უკვე ორი ათეული წელია, ატარებს საქართველოს სამხედრო, პოლიტიკურ და ახლა უკვე საეკლესიო ხელისუფლებასაც.

ამ მტანჯველ რეალობას ჩვენ ყველანი თითქოს შეგუებული ვართ და ამ „შედეგიან უშედეგობასაც“ შეიძლება გაგებით მოეკიდოს არა მხოლოდ „ღვთის იმედზე“ მყოფი, არამედ, საერთოდ, იმედგადაწურული ადამიანი. მაგრამ მისი უწმინდესობის მოსკოვური ვიზიტის კონტექსტი მძიმე განწყობას ტოვებს. ვგულისხმობ საინტერნეტო პორტალ „კავკაზსკაია პოლიტიკისათვის“ კათოლიკოს-პატრიარქის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური ერთმორწმუნე რუსეთის გარდა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იოსებ სტალინსაც ასხამს ხოტბა-დიდებას. კერძოდ, ილია მეორე „გამოჩენილ პიროვნებად“ მოიხსენიებს პირსისხლიან საბჭოთა დიქტატორს, რომელმაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის თქმით, იცოდა „რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა“, აღადგინა და გააძლიერა მართლმადიდებლობა საბჭოთა კავშირში და რომლის დაკრძალვის დღეს, თურმე, სასულიერო სემინარიის სტუდენტებიც კი „იდგნენ და ტიროდნენ“.

სიმართლე გითხრათ, ასეთი სიტყვები არაერთხელ მსმენია ბევრი რიგითი და გულუბრყვილო ქართველი სტალინისტისაგან და ხუმრობაშიც გამიტარებია. მაგრამ საქართველოს სულიერი მამისაგან ასეთმა, ყოველგვარი რევერანსების გარეშე უნდა ვთქვა, უცერემონიო და ისტორიული სიმართლისაგან შორს მდგომმა შეფასებებმა, ძალიან მძიმე განწყობაზე დამაყენა.

დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვების შემდეგ არათუ სტალინის ძეგლს აღადგენენ სწრაფი ტემპებით გორის ცენტრში, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანმა მრევლმა მალე, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყოს საბჭოთა დიქტატორის კანონიზაციის მოთხოვნით.