"სექტანტები დევნილების დასახლებასთან, სასაფლაოზე იკ­რიბებიან"

იმ რელიგიურ სექტებთან ერთად, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ, გვხვდება ისეთებიც, რომელიც ჩვენი სინამდვილისთვის, შედარებით "ახალი ხილია". ემოები, გოთები, სატანისტები ამ სექტების წევრები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, თავს სუბკულტურის წარმომადგენლებად მიიჩნევენ: არიან დეპრესიისკენ მიდრეკილები, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეებიც. ატარებენ შავ ტანსაცმელს, იღებავენ თმას, იკეთებენ მაკიაჟს მთელ სახეზე. იყენებენ მეტალის, ტყავის ელემენტებს.. ეტანებიან შავი ფერის საკვებს, შოკოლადს, არის შემთხვევები, როცა ახალშობილის სისხლს იყენებენ კედლებზე პენტოგრამის დასახატად... ამ თემაზე საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა, გასაგები მიზეზების გამო, გვარ-სახელის შეცვლა გვთხოვა:

თამუნა მუსერიძე, ნუცუბიძის პლატოს მცხოვრები: ნუცუბიძეზე, ძველ საბაგირო გზასთან, დევნილების დასახლებაა, მის ზემოთ კი სასაფლაო. რამდენიმე თვეა, აქ მცხოვრებლებს ღამით სასაფლაოდან უცნაური ხმები გვესმის. რამდენიმე მეზობელი ბიჭი დაინტერესდა, შუაღამისას ავიდნენ და ნახეს, რომ საფლავის გარშემო 60-70 შავებში ჩაცმული, თავზე შავგადაფარებული ადამიანი იჯდა, რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდნენ, თით­ქოს, ლოცულობდნენ, ერთგვარ რიტუალს ასრულებდნენ. ახლოს მისვლა ვერ გაბედეს, რადგან საკმაოდ ბევრნი იყვნენ. დილით კი ერთ-ერთ ხეზე ჩამომხრჩვალი კატა ნახეს, ხეზე უცნაური ნიშნებიც იყო ამოჩხაპნილი. მეზობლებს ძალზე ეშინიათ, მშობლები დაბნელების შემდეგ ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებენ, სექტანტები სასაფლაოზე ღამის 1-ლი საათის შემდეგ იკრიბებიან, კვირაში 2-ჯერ მაინც.

მაია გოგია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი: მორწმუნე ოჯახი გვაქვს. დაძაბული გრაფიკის გამო, სახლში ხშირად ყოფნას ვერ ვახერხებ. ბოლოხანს ჩემმა 16 წლის გოგონამ სწავლაზე თითქმის უარი თქვა, სახლში სულ უფრო იშვიათად მოდიოდა. მერე აღმოჩნდა, რომ მისი თანაკლასელი გოგო ერთ-ერთი სექტის წევრი იყო და ესეც ჩაითრია. გარეგნულად ცვლილება ვერ შევნიშნეთ, ერთადერთი, შავ ტანსაცმელს იცვამდა ხშირად. რამდენიმე კვირის შემდეგ კი სახლიდან წავიდა. გვითხრეს, რომ რესპუბლიკის მოედანთან, მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოს, საწყობების ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ. ძლივს მოვძებნეთ, რიტუალს სრულ სიბნელეში ასრულებდნენ, რამდენიმე ბავშვი წებოთიც იყო გაბრუებული, რის ვაივაგლახით წამოვიყვანე სახლში. ოჯახის წევრებს თითქმის არ გველაპარაკება, სულ უფრო ცუდად სწავლობს; მონასტერშიც გვყავდა, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, ახლა ღამეებს ვუთევთ, რომ სახლიდან არ გაიქცეს. არც ხვეწნა ჭრის, არც - ცემა, მკაცრი მოპყრობა, აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ...