"თვეების წინ ვამბობდი, თუ ბაჩანა ახალაიას არ დაუმტკიცდება ბრალი და თუ არ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. ერთი მხრივ კარგია, რომ პროკურატურას სასამართლოზე გავლენა აღარ აქვს, სხვა შემთხვევაში ასეთ განაჩენს არ მიიღებდა. რამდენადაც ვიცი, პროკურატურა ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას", - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რით და როგორ დასჯიან პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" / "რას უყვება პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ალიას".
"რთულია, ვიყო ოპტიმისტი და განვაცხადო, რომ სასამართლო დღეს არის "ნაციონალებისგან" სრულიად დამოუკიდებელი. ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ბევრი რამ პრობლემა იქნება. "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. არ შეიძლება, ხალხის ინტერესები პოლიტიკურ კინკლაობას გადაჰყვეს, ამ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი სასამართლო და ძლიერი პროკურატურა, კეთილი ინებონ და გაათმაგებულად იმუშაოს პროკურატურამ, თუ თვლიან, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, დაამტკიცონ ბრალი და საქმე წაიღონ სასამართლოში მომზადებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.
"ჩვენ მართლაც სერიოზულ ბრძოლებში ვართ, პრეზიდენტი არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ ხალხის ოპოზიოციაში. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ არეულობა, დესტაბილიზაცია, კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბვა, მათ იმდენად დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და იმდენად მძიმე წარსული აქვთ, ცხადია, არ აწყობთ დღეს რაიმე პოზიტივი. ბრძოლები ხდება ყველა დონეზე, მათ შორის საკრებულოებისა და გამგეობების დონეზე, ამიტომ დემოკრატიული მეთოდებით მართვა, ცხადია, გვიჭირს, მაგრამ მშციდობიანად უნდა მივიყვანოთ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია კოალიციის შიგნით. მკაცრი კონტროლი იქნება იმ მდგომარეობის, რაც რაიონებშია შექმნილი, არ შეიძლება უღირსი ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით და მათ დაიკავონ თანამდებობები. სამწუხაროდ, რაიონებში არიან ის მედროვეები, რომლებიც ცდილობენ, თავი შეაფარონ ახალ პოლიტიკურ ძალას. ზოგადად, დამახასიათებელია ზოგიერთისთვის, მოიწყოს პირადი ცხოვრება. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" თავისას შეეცდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და რა დანაპირებიც მივეცით მოსახლეობას, ეს ყველაფერი შევასრულოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის იმედგაცრუება, რომელიც ორხელისუფლებიანობამ ხალხში გააჩინა, დასრულდეს და ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. თქვენ ხედავთ, რომ არც ეკონომიკაში არის კარგი მდგომარეობა, ინვესტორი ამ ვითარებაში ფულს არ ჩადებს, როცა ხედავს, რომ პრეზიდენტი თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებშია. ამ პრობლემებს აუცილებლად დავძლევთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ", - ამბობს მანანა კობახიძე.
"რეჟიმის გასამართლებაში თუ გულისხმობენ, რომ აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, პირდაპირ გეტყვით, რომ კანონი ამ მხრივ სრულყოფილი არ არის. მეორე მხრივ, თქვენ რომ აიღოთ "ნაციონალური მოძრაობის" წესდება, რის საფუძველზე მოქმედებენ, იქ ყველაფერი ძალიან იდეალურია, წესდების დონეზე ვერაფერს შეედავები, განსხვავებით ფაშისტური პარტიისგან. გერმანელების იდეოლოგია იყო, რომ, გერმანელების გარდა, ყველა ნაცია დედამიწიდან უნდა აღგვილიყო. ამიტომ სამართლებრივი საფუძველი "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისა, არ არის. საკითხი დგას ასე - რა ხდებოდა მათი მმართველობის პერიოდში და რა სისტემური დანაშაულები იყო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ დანაშაულს სჩადიოდნენ, ვინც იყვნენ დამკვეთები, იდეოლოგები, ორგანიზატორები და შემსრულებლები. მაინც მივდივართ ინდივიდებამდე და დამნაშავე ადამიანებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. ამ სისტემის ნაწილია ახალაია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, თოფურიძე, სააკაშვილი… ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურის მიერ მათი დანაშაული იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაისაჯონ. მინდა, ხალხი დავაიმედო და ვუთხრა, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება", - დასძენს რესპონდენტი.