ლია მუხაშავრია:

ლია მუხაშავრია: "ეს სახელმწიფოს რღვევის პროცესია"

დღეს საქალაქო სასამართლომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია წარდგენილი ბრალდებების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. განაჩენს საზოგადოების არაეგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. “ლიბერალი” იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

რისი მანიშნებელია თქვენთვის ბრალდების რამდენიმე ნაწილში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გამართლება?

ეს იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო თავზე დაგვექცა. სასამართლოს უნდა ყოფნოდა პასუხისმგებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მომეტებული საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ მყოფი საქმის შესახებ უბარდუკი სარეზოლუციო ნაწილი არ გამოეცხადებინა, არამედ განაჩენი სრულად გამოექვეყნებინა. იმიტომ, რომ ყველას გვაქვს კითხვა, რატომ გაამართლა, რა არგუმენტებით და რა დასაბუთებით.

სასამართლოს მიმართ ნდობა, პატივისცემა, მოწიწება სრულად გაცამტვერდა. და თუ სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო, სახელმწიფო არ არის.

როგორ ფიქრობთ, ეს პრეცენდენტი მოახდენს თუ არა გავლენას სხვა მაღალჩინოსანთა საქმეებზე?

რა თქმა უნდა. სამეგრელო-ზემოსვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალების შემდეგ, გუშინ, ვფიქრობდი, რომ დაიწყება ის, რაც სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს. ვიღაცას, ვისაც სასამართლო გაამტყუნებს, მას სააკაშვილი შეიწყალებს და გაათავისუფლებს, და თუ სასამართლო გაამართლებს, ეს კიდევ უფრო დააქცევს ქვეყანას.

როდესაც პრეზიდენტი ანგრევს მართლმსაჯულების სისტემას და ამით ანგრევს სახელმწიფოს, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ფარატინა ფურცლად აქცევს. სწორედ პრეზიდენტია ის, ვინც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი. მან უნდა დაიცვას სახელმწიფო ასეთი რყევებისგან.

თქვენი აზრით პრეზიდენტის შეწყალების ერთი აქტი და სასამართლოს ერთი განაჩენი ასეთ ღრმა პრობლემებს ათვალსაჩინოებს?

ახლა ჩვენ თვალს სახელმწიფოს რღვევის პროცესს ვადევნებთ. როგორც მიწისძვრის დროს ჩნდება ბზარები და დედამიწა იპობა, ზუსტად ასეთ პროცესს ვუყურებთ. ამ ბზარებს რა გაამთელებს არ ვიცი.

სწორედ ყველაზე მძლავრი სუბიექტები, რომლებსაც პირდაპირი ფუნქციაა, შეაკოწიწონ სახელმწიფოებრიობის ნამსხვრევები, აკეთებენ გადამწყვეტ დარტყმას. ამდენ რყევას ეს სახელმწიფო ვერ გაუძლებს. რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა, რომ სახელმწიფო თავზე დაგვემხობოდა, სწორედ ამას ვხედავთ. ეს მოსაზრება არ უკავშირდება მხოლოდ ახალაიას განაჩენს, პრობლემა გაცილებით ღრმაა და საფუძვლიანი.

თქვენ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ბრალდების მხარის არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი?

რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, პროკურატურამ თავის ადგილზე ჩააგდო თავისი ფუნქცია, სასამართლომ კი თავისი წილი ფუნქცია ვერ შეასრულა. ეს არის ერთიანი, სახელწიფოებრივი ტრაგედია.