თურქეთის პრემიერ–მინისტრი ერდოღანი თურქებს და არაბებს უთანხმოებების დავიწყებისა და კავშირში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

თურქეთის პრემიერ–მინისტრი ერდოღანი თურქებს და არაბებს უთანხმოებების დავიწყებისა და კავშირში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს სტუმრობს. ქუვეითში სიტყვით გამოსვლისას მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, თუ რომელი ზესახელმწიფოებმა შეიძლება მომავალში „განსაზღვრონ მთელი მსოფლიოს ფორმირება“. ესენი არიან თურქეთი და არაბული ქვეყნები, თუკი ისინი გამონახავენ საკუთარ თავში ძალას, შექმნან „კავშირი“, რომელიც მუსულმანური სამყაროს ცენტრი იქნება.

 

ერდოღანი თურქულ–არაბული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „ნახევრადსახელმწიფო“ საინფორმაციო სააგენტო Anadolu–ს მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, მან მე–19 და მე–20 საუკუნეების დავებისა და უთანხმოებათა დავიწყება (როდესაც არაბული ქვეყნები ოსმანთა იმპერიის ბატონობას აუჯანყდნენ) და იმ ისტორიული ერთობის გახსენება მოითხოვა, რაც არაბებს და თურქებს აკავშირებს.

 

ერდოღანის აზრით, ეს ერთობა პირველ რიგში ისლამიდან გამომდინარეობს, ასევე ერთობლივი ბრძოლიდან ქრისიტიანი აგრესორების წინააღმდეგ. „ჯვაროსნული ლაშქრობების დროს თურქებმა და არაბებმა შეძლეს ამ მიწების დაცვა“, – თქვა მან. და მომდევნო ეპოქებშიც, „ჩვენ დამპყრობლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით“, აღნიშნა ერდოღანმა და „ერზრუმის ოკუპაციაც“ ახსენა. როგორც ჩანს, ის პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში რუსულ–სომხური ჯარების შეყვანას გულისხმობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტაკებები თავად ოსმანთა იმპერიის პროვოცირებული იყო, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი გააჩაღა.

 

ერდოღანის აზრით, დღეს ამ „ათასწლიანი ძმობის“ გაცოცხლების და „პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირის“ შექმნის დროა. „ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

 

პალესტინის პრობლემის გადაწყვეტა სოლიდარობის გზით

ერთად დგომისა და თანამშრომლობის შემთხვევაში, ამ „რეგიონს ისეთი პოტენციალი გაუჩნდება, რომელიც მთელ მსოფლიოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, – აღნიშნა ერდოღანმა. როგორც ჩანს, ის თურქულ–არაბულ საძმოს მუსულმანური სამყაროს ცენტრად და წამყვან ძალად მიიჩნევს – საკმარისად გავლენიან ძალად იმისთვის, რომ პირველ რიგში სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში შეცვალოს.

 

„ჩვენ ერაყის, ავღანეთის და პაკისტანის ხალხის ტკივილს საკუთარ ტკივილად აღვიქვამთ“, – თქვა ერდოღანმა. თითოეულ ამ ქვეყნაში ამერიკის სამხედრო დარტყმების შედეგად უამრავი მუსულმანი დაიღუპა. „თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი გტკივა, მთელი სხეული გტკივა, და თუკი სასტიკად უსწორდებიან ღაზას ბავშვებს, ჩვენ ეს ისევე გვტკივა, როგორც ეს ჩვენი ბავშვების შემთხვევაში მოხდებოდა. ღაზას პრობლემა – ჩვენი პრობლემაა. იერუსალიმის პრობლემა – ჩვენი პრობლემაა“.                      

 

ერდოღანის თქმით, საუბარია თურქულ–არაბულ და ფართო გაგებით მუსულმანურ სოლიდარობაზე, რომელიც ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. „სოლიდარობის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ პალესტინური პრობლემის გადაწყვეტას და დავასრულებთ ერაყის და ავღანეთის ტკივილს“.

 

თურქებისა და არაბების ახალ სოლიდარობაზე დაფუძნებულ ახალ, უკეთეს მსოფლიოზე ოცნების გარდა, ერდოღანმა ევროკავშირიც ახსენა. „ერთის  მხრივ, ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან; მეორე მხრივ ჩვენ არ შევაქცევთ ზურგს იმ რეგიონებს, რომლებთანაც მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია გვაქვს“. ერდოღანის თქმით, ვერავინ უცხოეთში ვერ იტყვის იმას, რომ ის თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. „ზოგიერთი ადამიანი გვაკრიტიკებს, როდესაც ჩვენ ვვსაუბრობთ ბაღდადზე, ქაბულზე, ღაზაზე, იერუსალიმსა და პალესტინაზე… ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ საკუთარ საგარეოპოლიტიკურ პროგრამას ვახორციელებთ. არაბები – ჩვენი ძმები და დები არიან“. 

 

არანაირი სხვა განზრახვა ძმობის გარდა

ერდოღანის გამონათქვამები პირველ რიგში იმას ადასტურებს, რომ მის მთავრობაში, რომელიც ისლამის გავლენის ქვეშაა, მომავალზე ისეთი შეხედულება დომინირებს, რომელშიც თურქეთი მუსულმანური სამყაროს წამყვანი ძალა ან „გრავიტაციის ცენტრია“, რომელსაც აშკარა სიამოვნებით აყალიბებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ.

 

თუმცა ერდოღანი, ირიბად უარყოფს ამ ტიპის პრეტენზიებს. „ამ რეგიონში ჩვენ არ გვაქვს სხვა განზრახვა, გარდა ძმობისა და თანამშრომლობისა“, – ხაზგასმით აღნიშნავს იგი. ეს აუცილებელი შენიშვნაა, რადგან არაბულ ქვეყნებს თურქეთის ახალ საგარეოპოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილის მიზეზები გააჩნიათ. ერთის მხრივ, ბოლომდე გარკვეული არ არის, რას ნიშნავს ახალი, უფრო მჭიდრო ურთიერთობები თურქეთს და ირანს შორის. როგორც ეს ბოლო თვეებში Wikileaks–ის ვებპორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, ირანს ფაქტობრივად ვერცერთი არაბული რეჟიმი ვერ იტანს ან, ყოველ შემთხვევაში, მის დღევანდელ ხელისუფლებას, ზოგიერთებს ისიც კი სურთ, რომ ისრაელმა, ბოლოს და ბოლოს დაბომბოს ირანელები.    

 

მეორე მხრივ, ავტოკრატიული არაბული რეჟიმების სწორედ ამ ორსახოვნებას (ღიად ისინი ისრაელს აკრიტიკებენ, მაგრამ ფარულად მასთან თანამშრომლობენ) აკრიტიკებს თავად ერდოღანიც, რადგან არაბული ქვეყნები ისარაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს ღაზაში ჩუმად იყვნენ, და ამის გამო თურქეთის პრემიერ–მინისტრმა მათ საცოდავები უწოდა. იმ მომენტში მან არაბული სამყაროს რეაქციას სამაგალითო უწოდა, და დასძინა, რომ გულისხმობს „ადამიანებს“, მაგრამ არა არაბულ მთავრობებს, რომლებმაც ღაზა გაჭირვების ჟამს მიატოვეს.

 

შედეგად იმ დროიდან, როგორც ეს არაბულ მთავრობებს მიაჩნიათ, ერდოღანის პოპულარობა მათ მოქალაქეებში პოტენციურად საგანგაშო ფაქტორია, მაშინ როდესაც, არაბული ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი თანამემამულეების სიყვარულით ვერ დაიკვეხნის. მათ წარმოსახვაში ისეთი სცენარები ვითარდება, რომელშიც ერდოღანი არაბულ „ქუჩებში“ თავისი პოპულარობით არაბულ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას შეძლებს. ეს ყველაფერი არადემოკრატიული არაბული რეჟიმების მხრიდან თურქეთთან ურთიერთობაში ერთგვარ სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა, სწორედ იმის გაცნობიერებამ, რომ ეს ეჭვები არსებობს, ერდოღანს შემდეგი სიტყვების წარმოთქმისკენ უბიძგა: „ჩვენ გულები გაგიხსენით. ჩვენ გვსურს დავივიწყოთ წარსულის ხელოვნური დავები, ასევე ისტორიის სიცრუეზე დაფუძნებული ინტერპრეტაცია. ნურავის მისცემთ თქვენი დანაწევრების საშუალებას და ნუ ხარჯავთ ენერგიას დაპირისპირებებში“.

 

ერდოღანმა ტერორის თემაზეც ისაუბრა, რადგან ცოტა ხნით ადრე მუსულმანმა დამნაშავეებმა ეგვიპტესა და ერაყში ქრისტიანების მასობრივი მკვლელობები განახორციელეს. ერდოღნამა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ისლამური ტერორი არ არსებობს. ის ვინც ტერორით არის დაკავებული, მუსულმანი არ არის, რადგან ისლამი ნიშნავს „მშვიდობას“, – თქვა მან. ეს იმას ნიშნავს, რომ არამუსულმანურ ტერორს ბოლო უნდა მოვუღოთ, რისი გაკეთებაც ღმერთის, ასევე თურქული და არაბული სახელმწიფოების ახალი სოლიდარობის დახმარებით შეიძლება.[foreingpress.ge]