„ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ომში რუსეთის უპირატესობის შესახებ კიევში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კობახიძემ მხოლოდ არსებული არასასურველი რელობა აღწერა, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მიმართ კი გაუგებარია.
ირაკლი კობახიძემ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ომში უპირატესობა რუსების მხარესაა და ამაზე კონკრეტული ფაქტები მეტყველებს.
„ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს... დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.
„საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. ანუ, საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კობახიძეს უცოდინრობაშ ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ომზე კომენტარი არ გააკეთოს. როგორც პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა".
„საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.
„სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა ისაა, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს.
„აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს (გარდა დიპლომატიური დონისა) მთავრობასთან, რომელსაც 2008 წლის მტკივნეული ტრავმა აქვს გამოვლილი და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან: საუბარში აცხადებს, რომ კობახიძემ დაახლოებით იგივე თქვა, რასაც ბოლო დღეებში დასავლური მედია და გავლენიანი პოლიტიკოსები ამბობენ.
„კობახიძის განცხადება არა მარტო კობახიძის აზრია. რომ შეხვიდეთ ინტერნეტში და დაათვალიეროთ, ნახავთ, რომ სხვადასხვა პათოსითა და სხვადასხვა შინაარსით ამაზე საუბრობს არაერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი,
„ახლახან აშშ-ის ძალიან გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ თავის ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ჯარებს უდგათ მძიმე დღეები იმის გამო, რომ რუსეთი უტევს. სხვა დასავლელი პოლიტიკოსებისგანაც მაქვს მოსმენილი, რომ უკრაინას უჭირს. აბა, რატომ უგზავნიან ახალ-ახალ თანამედროვე იარაღს? იმიტომ, რომ რუსეთის შეტევა წარმატებით იქნეს მოგერიებული და მერე გადავიდნენ კონტრშეტევაზე.
„განსაკუთრებული კობახიძეს არაფერი უთქვამს. მან აღწერა რეალობა, ამჟამად შეიძლება არასასურველი, მაგრამ სიმართლეს თვალი ხომ უნდა გაუსწორო.
„კი, გასაგებია, ეს ვიღაცას გულზე მოხვდა, მაგრამ ასეთია ამ ეტაპზე სინამდვილე. ჩვენ ვიცით, რომ პირველ ეტაპზე უკრაინა იხევდა უკან, მაგრამ შემდეგ გადავიდა კონტრშეტევაზე და გაათავისუფლა ქალაქები. როდესაც ამას უკრაინა შეძლებს და გადავა კონტრშეტევაზე - დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება - ალბათ გაკეთდება სხვანაირი განცხადებები. ამისგან რაღაცის გამოდნობა და სენსაციის აგება... მესმის, რომ ოპოზიციური ტელევიზიები, ოპოზიციონერი თუ მათთან აპელირებული პოლიტიკოსები ჩააფრიდნენ ამ თემას როგორც მომგებიანს", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ის „რეზონანსთან" აცხადებს, კობახიძის სიტყვებზე ასეთი რეაქცია მოსალოდნელიც იყო.
„გასაგებია, რომ უკრაინული მხარე ამაზე გაბრაზდა. გაბრაზდნენ ის ამერიკელებიც, რომლებიც აფილირებული არიან ოპოზიციასთან - დევიდ კრამერი და სხვები. ეს რეაქციები არ მიკვირს, რადგან ისინი დიდი ხანია ხელისუფლების ოპონენტები არიან და ნებისმიერ განცხადებას აძლევენ ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც სურთ", - აცხადებს ანჯაფარიძე.
მისივე შეფასდებით, საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა გაურკვეველია.
„ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელი კომენტარია. უკრაინის ხელისუფლება ჯერ საქართველოსგან მოითხოვდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნა; მერე საქართველოს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ უფრო აქტიურად არ ეხმარება უკრაინას - რატომ არ უგზავნის იარაღს, რატომ არ უგზავნის სამხედრო აღჭურვილობას; და ახლა საბოლოოდ გავიდნენ იმაზე, რომ თურმე საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ჩვენი ქვეყნისგან", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.