პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების კოორდინატორს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება კარგა ხანია, დაწყებულია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ახალ წლამდე, თუ ახალი წლის შემდეგ მალე, პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა. ეს თემა რომ ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ თემაა, ფაქტია. ვინაიდან პოლიტიკიდან წასვლის სურვილი პრემიერს უკან არ წაუღია, პირიქით, ბელგიურ გამოცემასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, უპრიანი იქნებოდა, ჩვენც ამ საკითხის სხვადასხვა ასპექტებზე გვემსჯელა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები და სურვილი?
- ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს პოზიცია შეიძლება არ იყოს საბოლოო - როდესაც მან პირველად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ესტონურ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში, რასაც საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა მოჰყვა, მან იქვე დააზუსტა - თუ პოლიტიკურმა სიტუაციამ მისგან პოსტზე დარჩენა მოითხოვა, მაშინ პოლიტიკაში დარჩება. შესაძლოა, ამ თემაზე მის მიერ მეორედ გაკეთებული განცხადება მხოლოდ განზრახვის დაფიქსირება იყოს, მაგრამ არა იმ ვადებში, რა ვადებშიც ეს არის გაცხადებული, ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მის გადადგომას. პირადად მე, მისგან ველოდები ამ თემაზე განმარტებების გაკეთებას.
თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ივანიშვილი მყარად არის ჩამოყალიბებული თავის გადაწყვეტილებაში, დატოვოს პრემიერის პოსტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი. შესაძლოა, ერთი მიზეზი ის იყოს, რომ მან თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას თუ ჩამოშორდება პოლიტიკას. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ პოლიტიკა არ არის მისი საქმე და იმუშავებს იმ პროექტებზე, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შეუძლია უფრო მეტი სარგებლის მოტანა.
მეორე მიზეზი შესაძლოა, იყოს ის, რომ ძალიან ბევრი დაპირებები გასცა არჩევნების წინ და ახლა, როცა აშკარად ჩანს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი ვერ სრულდება, არ სურს, შეუსრულებელი დაპირებების გამო ჯოხი მასზე გადატყდეს. მან აღიარა კიდეც, რომ მას ერიდება მოსახლეობის ეკონომიკაში პრობლემების და იმის გამო, რომ ეს პრობლემები სწრაფად ვერ მოგვარდება. შესაძლოა, აქ წმინდა ადამიანური ფაქტორი მოქმედებდეს. ის დაიღალა ამ თანამდებობაზე ყოფნით და სურს ამ სიტუაციას განერიდოს, ოღონდ არა დამარცხებული ლიდერის როლში.
- 9 თვე არც ისე დიდი დროა, რომ ადამიანი თანამდებობაზე ყოფნით დაიღალოს. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკაში მისი გამოჩენის მთავარი მიზანი "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის დამარცხება იყო?
- შესაძლოა, გარკვეულწილად ასეც ითქვას, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისათვის 9 თვე საკმარისი ვადაა იმაში დასარწმუნებლად, წარმატებული იქნება თუ არა იგი პოლიტიკაში. ივანიშვილი ბიზნესმენია და მას კარგი გათვლისა და პროგნოზირების უნარი აქვს. შესაძლოა, ეს ჩემი ვარაუდია და მის ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იგი მიხვდა პოლიტიკაში მისი ყოფნა არ არის ისეთი პროდუქტიული როგორიც მას უნდოდა. მას სურს სიტუაციაზე ზეგავლენა არასამთავრობო სექტორიდან მოახდინოს. თავის საჯარო გამოსვლებში მას არა ერთხელ განუცხადებია, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის "ნაცმოძრაობის" მმართველობიდან გათავისუფლება იყო. მას სურდა საქართველოში ისეთი თავისუფალი პლურალისტური გარემოს ჩამოყალიობება, როგორიც პრინციპში ახლა გვაქვს. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით იგი თავის მისიას ამოწურულად მიიჩნევს, მაგრამ მე პირადად, მას შევახსენებდი, რომ თავის პირველ გამოსვლებში იგი გაცილებით დიად მიზნებს ისახავდა, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. ცხადია, 9 თვეში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ამის წინაპირობას შექმნიდა. არ გამოვრიცხავ, რომ მას იმედები გაუცრუვდა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ეკონომიკის გაუმჯობესება მალე მოხდეს.
- შეუძლებელია, პრემიერს არ ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკიდან მის სავარაუდო წასვლას. აშკარაა, რომ პოლიტიკიდან წასვლას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც თავის დროზე - მოსვლას. თუ 2011 წლის ოქტომბერში მან ოპოზიციური ძალების გაერთიანებას შეუწყო ხელი, ახლა მისი წასვლა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ძალების დაშლის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან ერთიანი და მყარი იდეოლოგიური საფუძვლის არმქონე კოალიციის დაშლა მისი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება...
- დარწმუნებული ვარ, თავად კოალიციაც აცნობიერებს, რომ მათთვის დაშლა წამგებიანი რამ იქნებოდა. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ივანიშვილი, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, კვლავ პოლიტიკაში დარჩება, როგორც კოალიციის ერთიანობის სიმბოლო და პროცესებს გარედან წარმართავს.
- თუ იგი პოლიტიკაში პრემიერის პოსტზე ყოფნისას ვერ ახერხებს იყოს წარმატებული, ამას კულუარებიდან როგორღა მოახერხებს?
- ამ ეტაპზე ამის თქმა ძნელია. მე ვცდილობ, იმაზე ვიმსჯელო, რას შეიძლება ამაზე თავად პრემიერი ფიქრობდეს. ახლა კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" დაშლა პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნებოდა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების მხრიდან მათთვის მხარდაჭერა არ არის მაღალი, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ პარტიებმა თუ ცალ-ცალკე მიიღეს მონაწილოება საპარლამენტო არჩევნებში, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ. ივანიშვილის მხრიდან პროცესებისგან საერთოდ განრიდება არ იქნებოდა მთლად გამართლებული ნაბიჯი.
- თუ ივანიშვილი მაინც გადადგა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა მომავალ წელს დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, ვინაიდან პარლამენტის ლიგიტიმურობაც შეიძლება სადავო აღმოჩნდეს. წარმოუდგენელია, ეს ივანიშვილს არ ესმოდეს, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც მიდის. ასეთ ვითარებაში, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერისთვის დღევანდელ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა მიუღებელია და პოლიტიკიდან წასვლით იგი, ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ პარლამენტსგარეთ დარჩენილი ძალების პარლამენტში მოსვლას უწყობს ხელს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან პოლიტიკაში გამოჩენისთანავე "ლეიბორისტები" და ქდმ "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაში დაადანაშაულა, ხოლო "ახალი-მემარჯვენეები" - უპრინციპობაში, ცხადია, რომ ეს პარტიები იმთავითვე უნდა გამოირიცხოს იმათგან, ვისი დახმარებაც მას შეიძლება სურდეს. მაშ ვიღა დარჩა?
- ჩემი შეფასებით, პარლამენტსგარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს არავითარი რესურსი არა აქვთ იმისა, რომ პარლამენტში მოხვდნენ. შესაძლოა, "ლეობორისტებს" ჰყავდეთ შემორჩენილი თავისი ელექტორატი, მაგრამ ამ თვალსაზრისით, სხვა პარტიებზე საუბარი ცოტა ჭირს. იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. სხვანაირად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმური საფუძველი ვერანაირად ვერ შეიქმნება. ჩემი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით არც "ნაცმოძრაობა" არ უნდა იყოს დაინტერესებული. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს პარლამენტი თავის მოღვაწეობას ავად თუ კარგად ვადაში ჩაამთავრებს. თუ როგორ განვითარდება შემდგომ პროცესები, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფორმაში იქნებიან შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიები. გარდა ამისა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უარყოფითად იმოქმედებდა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. თუ ამის ინიციატორი "ქართული ოცნება" ან ბატონი ივანიშვილი იქნება, ეს კოალიციისა და პირადად მის იმიჯზე უარყოფითად სერიოზულად აისახება. ჯერჯერობით არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დიდი ალბათობა არსებობს. თუმცა, ჩვენს სინამდვილეში გამორიცხული არაფერია.
- სოციოლოგთა ნაწილის მტკიცებით, ნინო ბურჯანაძის რეიტინგი იზრდება, დავით ბაქრაძის 8-10% შორის მერყეობს და მატების რესურსიც აღარ აქვს, ხოლო გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი საგრძნობლად შემცირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილს ხმები ხალხის მხრიდან ივანიშვილისადმი ნდობის გამო უნდა მიეღო, ხომ არ იჩქარა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება? ასეთ ვითარებაში გამარჯვებაზე მარგველაშვილის შანსები ხომ მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რეალურად რა მოტივების გამო აპირებს ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას. ჩვენ ამ თემაზე მხოლო ვარაუდებს გამოვთქვამთ. შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება სერიოზულად არიოს და გარკვეულ წილად ნეგატიურადაც იმოქმედოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგზე.
მოდით, სხვა კუთხიდანაც შევხედოთ საკითხს - ხომ არ არის ეს ივანიშვილის მხრიდან წინასწარ გამიზნული ნაბიჯი საიმისოდ, რომ საპრეზიდენტო მარათონში შანსი გაეხსნას სწორედაც რომ იმ კანდიდატს, რომელიც არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას". ვულისხმობ ბურჯანაძეს. დღეს არსებულ ვითარებაში საზოგადოების სიმპატიები სწორედ ბურჯანაძის სასარგებლოდ იხრება. შესაძლოა, დღეს მისი რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ახლა მიდის, არ გამოვრიცხავ, რომ ბურჯანაძის რეიტინგი გაიზარდოს და მას ელექტორატის ის ნაწილი მიემხროს, რომელიც წინა არჩევნებზე მხარს კოალიციას უჭერდა.
- რამდენად დიდია საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის გამართვის ალბათობა? ფაქტია, რომ ბრძოლა ძირითადად მარგველაშვილს, ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შორის გაიმართება. თქვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის გამართვა მაინც აუცილებელი გახლდა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მარგველაშვილ-ბურჯანაძეს შორის დაპირისპირება ბურჯანაძის სასარგებლოდ დასრულდეს?
- მეორე ტურის პროგნოზირება ძალიან რთული საკითხია. ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. რამდენად აქტიურად ჩაერევა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო კამპანიაში თავად ივანიშვილი. შესაძლოა, მეორე ტურის ალბათობა დამოკიდებული იყოს იმაზე, შედგა თუ არა კულუარული გარიგება "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის. ვთქვათ იმ საკითხზე, რომ "ნაცმოძრაობა" ეჭვის ქვეშ არ დააყენებს პრეზიდენტად არჩეული მარგველაშვილის ლეგიტიმურობის საკითხს და არ გამოიყენებს დასავლეთში მის კავშირებს, ანუ არ შეუშლის ხელს მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ გაიმარჯვოს პირველივე ტურში, ხოლო მეორე ადგილზე გავიდეს დავით ბაქრაძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და "ნაცმოძრაობა" სიძლიერით მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდეს.
იმისათვის, რომ დასავლეთმა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნიოს, შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს მეორე ტური და მეორე ტურში გარანტირებულად გაიმარჯვოს მარგველაშვილმა წინასწარ შეთანხმებული ჯენტლმენური შეთანხმების შედეგად. ანუ, სხვადასხვა ვარიანტებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ არჩევნები ყოველგვარი ჩარევების გარეშე, მართლაც დემოკრატიულად ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარგველაშვილისა და ბურჯანაძის გასვლას არ გამორიცხავ. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური მარგველაშვილისა და ბურჯანაძის მონაწილეობით გაიმართა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში გამარჯვება ბურჯანაძეს ერგოს.
ბურჯანაძეს დღეს აქვს იმის პოტენციალი, რომ "ქართულ ოცნებას" ელექტორატის ნაწილი წაართვას. მეტიც, თუ მეორე ტურში მარგველაშვილი და ბურჯანაძე აღმოჩნდებიან, საპროტესტი ელექტორატი, რომლის რაოდენობა საკმაოდ დიდია, მხარს სწორედაც რომ ბურჯანაძეს დაუჭრს, ვინაიდან ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის დაასრულებს წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას და სამართლიანობის აღდგენისათვის წინა ხელისუფლების ლიდერებს დაიჭერს. ეს სწორედ ისაა, რასაც უკმაყოფილო ელექტორატი ხელისუფლებისაგან ითხოვს. სწორედ ამ ლოზუნგების გამო დაუჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნბზე ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას". სხვა საკითხია, რა მექანიზმებით აპირებს ბურჯანაძე ამ დანაპირების შესრულებას, მაგრამ ჩვენი ელექტორატის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, კოალიციის მხარდამჭერების ნაწილი მხარს სწორედ ბურჯანაძეს დაუჭერს.