გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკაში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე: პეტრე ცისკარიშვილმა ჯერ შეუთანხმოს პატიმარ სააკაშვილს, რომელმაც უარყო ქართველობა

გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკაში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე: პეტრე ცისკარიშვილმა ჯერ შეუთანხმოს პატიმარ სააკაშვილს, რომელმაც უარყო ქართველობა

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემას „ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პეტრე ცისკარიშვილს ჯერ სააკაშვილისთვის უნდა ეკითხა და მერე ესაუბრა მის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე.

„პეტრე ცისკარიშვილმა შეუთანხმა ეს თავის ბელადს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამბობდა და ამბობს (მგონი არ შეუცვლია პოზიცია), რომ მისი გული საქართველოში არ არის? არათუ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, რაც თქვა მან, მისი გული აქ არ არის. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არ საუბრობს ქართულ ენაზე, თავად ამბობს ეს პატიმარი და პეტრე ცისკარიშვილი რატომ აძალებს ამ ადამიანს პოლიტიკაში ჩართვას, წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ შეუთანხმოს პატიმარ სააკაშვილს, რომელმაც უარყო ქართველობა, უარყო, რომ მისი გული ქვეყანაშია, უარყო, რომ ქართული მოქალაქეობა ჰქონდა და ა.შ. და შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. პატიმარმა სააკაშვილმა დაამთავრა ყველაფერი ქართული“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის თავისუფლების ეშინია, რადგან ექსპრეზიდენტი შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს. ეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მას დიდი პოლიტიკა აღარ აინტერესებს.