თურქეთში, პირველი მიწისძვრიდან 90 საათში მაშველებმა ჩვილი და მისი დედა გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 10 დღის ბიჭი, სახელად იაგიზი ნანგრევებიდან ჰათაის პროვინციაში ამოიყვანეს. ბავშვი ა მისი დედა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი ცნობები არ გავრცელებულა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.