"ბოლო ხანს ჩვენს ქალაქში უცნაური ამბები ხდება. კონკრეტულად კი პრესტიჟულ უბნებში (საბურთალო, ვერა, ვაკე და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია), მნიშვნელობა არა აქვს დღე იქნება თუ ღამე, ადამიანები კარგად ჩაცმული ყაჩაღი მათხოვრების სამიზნე ხდებიან. აშკარაა, რომ ქალაქში მოქმედებენ ე.წ. მათხოვრების ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვის ადგილად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიებს, ზოგჯერ კი უშუალოდ პოლიციის ეზოებს ირჩევენ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თბილისში ყაჩაღი მათხოვრები გამოჩნდნენ / "უარის შემთხვევაში ადამიანს აგინებენ და არც ცემას ერიდებიან".
"ამის მოწმეც და მსხვერპლიც პირადად შევიქენი ორიოდე დღის წინ, გაჩერებაზე, სამარშრუტო ტაქსის მოლოდინში. 40-45 წლის მამაკაცი 16-იოდე წლის გოგონას წამოეწია, მკლავზე ხელი წაავლო და უთხრა - გახსენი ჩანთა და ფული მომეცი, შენთვის ასე აჯობებსო. აცრემლებულმა გოგონამ მიუგო, 2 ლარი მაქვს, მეტი არა, რომ მოგცე, სამგზავრო ფული აღარ დამრჩებაო. მოკლედ, გოგონა როგორღაც ხელიდან დაუსხლტა გამომძალველს და მიწისქვეშა ჩასასვლელს სირბილით მიაშურა. ახლა სხვა გოგონა ამოიღო მიზანში და მას აედევნა. მანაც ხელჩანთიდან ფული ამოიღო, მათხოვარს ხელში შეაჩეჩა და სირბილით გაერიდა იქაურობას. ხმა დავადევნე, რატომ მიეცი და არ შეეწინააღმდეგე-მეთქი და იცით, რა მიპასუხა?! - გუშინწინ რომ შევეპასუხეთ, მეც და ჩემს დასაც გვცემაო. ამასობაში გამომძალველმა გეზი ჩემკენ აიღო. იქვე მდგომმა ქალბატონმა მიჩურჩულა, უარი არ გაბედო, ცოტაოდენი თანხა მიეცი და გეტყვი, ეს რატომაც ხდებაო", - წერს სტატიის ავტორი.
"მათხოვარი მომიახლოვდა, ხელი გამომიშვირა და ჩემთვის უკვე ნაცნობი ტექსტიც მოაყოლა: ფული მომეცით, ქალბატონო და უარი არც გაბედოთო. მეც მორჩილად ამოვიღე ჩანთიდან ლარიანი და გავუწოდე. რა იყო, ამაზე მეტი არ მოგცა ბიძინამო, მითხრა, მერე კი მეც და იქ მდგომ საზოგადოებასაც გვარიანად შეგვიკურთხა და სულ ბიძინას მონები გვეძახა. როცა გამომძალველი მორიგი მსხვერპლის დასაზვერად გაეშურა, იქ მდგომ ადამიანებს მივმართე, პოლიცია აქვეა, არ მივმართოთმეთქი? ქალბატონმა, რომელმაც მათხოვრისთვის ფულის მიცემა მირჩია, მიპასუხა: "აქვე ვცხოვრობ, ტელევიზიის გვერდით, პოლიციის შენობის უკან. რაც ახლა ნახეთ, ასეთი სურათის მოწმე ყოველდღიურად ვხდები. ორსამ კაციანი ჯგუფები სწორედ პოლიციის წინ სკვერში მჯდომ ქალბატონებს სძალავენ ფულს. უარის შემთხვევაში ლანძღვა-გინებით იკლებენ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებიან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"მსგავსი თავგადასავალი გადახდა 10-იოდე დღის წინ, საღამოხანს ჩვენს ორ კოლეგას სწორედ ზემოაღნიშნულ სკვერში. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჟურნალისტებმა ამ ყველაფრის შემდეგ ხმაური ატეხეს, გამომძალველები კი პოლიციის გამოჩენისთანავე ტაქსიში ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ. ამ ამბის შემდეგ ასეთ ადგილებში ორორი პოლიციელი პატრულირებს, თუმცა მსგავსი ფაქტები მაინც ხდება. ამ ყველაფერში საეჭვო ის არის, რომ ყველა ე.წ. მათხოვარი (ვინც მე და ჩემმა მეგობრებმა ვნახეთ) ძალიან კარგად არის ჩაცმული და ყველა მათგანის ასაკი 30 წელს აღემატება. საგულისხმოა ისიც, რომ ასეთი ფაქტები პოლიციის შენობის მიმდებარედ და თანაც, პრესტიჟულ უბნებში ხდება", - დასძენს სტატიის ავტორი