"არავინ უარყოფს, რომ დავით კირვალიძემ ლაშა ნაცვლიშვილს სცემა..."

"სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი დავით კირვალიძე აცხადებს, რომ "ტრაქტორების საქმე" შეკერილია და რეალურად დანაშაული არ მომხდარა. იყო თუ არა ამ საკითხზე ლაპარაკი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ეკონომიკის ექსპერტების შეხვედრაზე, გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც ამ საქმეზე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით `არავინ უარყოფს, რომ დავით კირვალიძემ ლაშა ნაცვლიშვილს სცემა" / `ტრაქტორების საქმეზე~ სკანდალი გრძელდება.

"ბატონი პრემიერის რეპლიკა, რომ შეხვედრისას პოლიტიკაზე არ გვესაუბრა, აღვიქვი სწორედ მოწოდებად, რომ კირვალიძის თემისთვის გვერდი აგვევლო. გამომდინარე იქიდან, რომ სტუმრის სტატუსით ვიყავით პრემიერის რეზიდენციაში, დუმილი ვამჯობინეთ. უპრიანია, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურატურის სრულიად აბსურდული და დანაშაულებრივი ქმედებების გამომჟღავნებას. მზაკვრობის კოეფიციენტი ამ საქმეში იმდენად მაღალია, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის კი არა, მთელი ჯგუფის ინტერესი იკვეთება. რაც შეეხება პირად ანგარიშსწორებას, ეს იმ ტელევიზიის ნამუსზე იყოს, რომელმაც ჩემი ნათქვამიდან ამ საქმის პოლიტიკური მოტივები ამოჭრა და მხოლოდ ის დატოვა, თუ ვინ სცემა ახალგაზრდობაში ლაშა ნაცვლიშვილს. თუმცა ასეთი რამ ნამდვილად მოხდა და არც ერთი მხარე ამას არ უარყოფს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "ანუ ახალგაზრდობაში დავით კირვალიძემ გალახა ლაშა ნაცვლიშვილი?", - პასუხობს:

"დიახ. თუმცა ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რაც დღეს დავით კირვალიძის წი-ნააღმდეგ ხდება, ამ საქმის გაყალბების პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურორების ის ჯგუფი, რომელიც განებივრებული იყო ზურაბ ადეიშვილის მიერ".

"რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივაციას, ჯერ ერთი, სოფლის მეურნეობის რეფორმისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია უზარმაზარი თანხა, რაც იწვევს მადის აღძვრას ყველა იმ ადამიანისა თუ სტრუქტურისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში სიმსუნაგის ნიჭით გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, დემონოპოლიზაცია, რომელზეც წინა ხელისუფლების დროს ამდენს ვლაპარაკობდით, არც ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულა - მონოპოლისტები ვინც იყვნენ და სადაც იყვნენ, ისევ დარჩნენ. იმ პირობებში, როდესაც აღარ არსებობს სახელმწიფო რეკეტი, როგორც ჩანს, ელიტური კორუფციის წყარო სადღაც სხვაგან აღმოცენდა და გაუგებარი მიმართულებით წავიდა, რადგან სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლების პირობებში უნდა დაწყებულიყო გაიაფება იმ პროდუქტისა, რაც ამ მიზეზით იყო ძვირი. სხვათა შორის, გაკვირვებულმა ივანიშვილმა იმ შეხვედრაზეც დასვა კითხვა - რატომ არ იაფდებაო? კირვალიძის მინისტრობა, როგორც ჩანს, ბევრს სერიოზულად უშლიდა ხელს. მის გარეშე სოფლის მეურნეობის რეფორმა უფრო გაძნელდებოდა, ესეც შედიოდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესში. ვიღაცას სურდა ისიც, რომ ამას მოჰყოლოდა პრემიერ-მინისტრის კრიტიკა", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.

"როდესაც პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს საქართველოში შემოტანილი ჩეხური `ზეტორის~ ტრაქტორებისთვის მოწყობილი ორგანიზებული საბოტაჟის მიმართულებით, ეს ბევრ კითხვას წარმოშობს. ეს საბოტაჟი გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ ტრაქტორებში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ჩასხმული იყო დიზელის ნაცვლად ქვიშანარევი საწვავი, რასაც ისინი მწყობრიდან გამოჰყავდა. რამდენიმე შემთხვევაში ძრავაში აღმოაჩინეს სრულიად გაურკვეველი წარმოშობის რკინის ნაჭრები. ამის ჩაფიქრებას და განხორციელებას ერთი ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებდა. ამ ყველაფრის ინიციატორი ლაშა ნაცვლიშვილი ნამდვილად არ არის. ფორმალურად ეს საკითხი ინიცირებულია `ჯი-თი ჯგუფის~ მიერ, რომელიც იგებდა ყველა ტენდერს ადეიშვილისა და მერაბიშვილის დროს" - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"მაინტერესებს, პროკურატურამ რატომ არ გამოიძია კიდევ ერთი ამბავი. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, შსს-ში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ექსპერტიზისთვის გადაეგზავნა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს, რათა დაედგინათ, რომელი ტრაქტორი უკეთესი იყო. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ. ამ ცნობაში შეცვლილია ტრაქტორების წონა. როგორც ჩანს, ყური მოჰკრეს, რომ მოსახნავად უმჯობესია მძიმე ტრაქტორი, ვიდრე მსუბუქი, ჰოდა, ჩეხურ ტრაქტორს მოაკლეს 250კგ, თურქულს კი მიუმატეს 200კგ. პროკურატურა ვალდებულია გამოიძიოს და დაადგინოს, ეს შეცდომაა თუ დანაშაული", დასძენს რესპონდენტი.