Washington Post: ამერიკის სადაზვერვო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ჩინური საჰაერო ბუშტი სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენებოდა

Washington Post: ამერიკის სადაზვერვო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ჩინური საჰაერო ბუშტი სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენებოდა

აშშ-ში ჩამოაგდებულ საჰაერო ბუშტს ჩინელი სამხედროები დაზვერვისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ Washington Post-ს ამერიკის დაზვერვის სამსახურებში საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მსგავსი საჰაერო ბუშტები გამოიყენება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, მათ შორის იაპონიაში, ინდოეთში, ტაივანსა და ფილიპინებში სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად

როგორც გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ამერიკის სადაზვერვო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი საჰაერო ბუშტი გაშვებულია კუნძულ ჰაინანიდან, სადაც ჩინეთის სამხედრო საზღვაო ბაზა მდებარეობს.

როგორც CBS News-ს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, 6 თებერვალს აშშ-მა შეატყობინა 40 მოკავშირე ქვეყანას ჯაშუშობის შესაძლო შემთხვევის შესახებ. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ამცნო მოკავშირეებს, რომ 2019 წელს საჰაერო ბუშტმა შემოუარა პლანეტას, მათ შორის გადაუფრინა ჰავაის კუნძულებსა და ფლორიდას.

ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი 5 თებერვალს ჩამოაგდეს.