- გამოდის, რომ ჩვენი საჭადრაკო პარტიები წარსულ ჩაბარდა? - ჰკითხა განჟამ.
- ჯერჯერობით ასეა. სამაგიეროდ, შემიძლია ახალი თამაშის შემოთვაზება, მეზობლებმა მასწავლეს, ”მონოპოლია” ჰქვია. თამაშის ამოცანა მარტივია: უნდა მოიპოვო რაც შეიძლება მეტი ფული, შეძლო მეტოქეების ჩამოშორება, ერთი სიტყვით, ნამდვილი, იდიოტი კაპიტალისტივით უნდა მოიქცე. მაგარია, არა?! თმაშის ფასი იმაშია, რომ ლიბერალურ მორალს გვასწავლის. მე იმათ მხარეზე აღმოვჩნდები, ვისაც ახლა განვსჯი, უბრალოდ, ვითამაშებ... არ ვიდარდებ შედეგებზე, სულაც არ ვიფიქრებ იმაზე, რომ გაზრდილი ქირა უამრავ ოჯახს ტოვებს ჭერის გარეშე. გავხდები წამგლეჯი, ეგოისტი და მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, როგორ ვიშოვო რაც შეიძლება მეტი ფული; თავს არაფრით შევიწუხებ, გარდა უმთავრესისა - როგორ ვიშოვო ფული.
- ეგრე ხომ ნამდვილ იდიოტად იქცევი, - შენიშნა შარლოტამ.
(მარტენ პაჟი, ”როგორ გავხდი იდიოტი”)
გუშინ ანეკდოტი მითხრეს: მიხო სასტიკად გაამწარა შვილმა და გამწარებულმა მამამ მიმართა დასჯის ისეთ სასტიკ ხერხს, როგორიც არის გაგანია ზაფხულში და პაპანაქება სიცხეში მზის გულზე ადამიანის ჯაჭვით დაბმა. მოკლედ, დიდმა მიხომ პატარა მიხო ჯაჭვით დააბა. ბავშვი იტანჯება, საცაა გული შეუწუხდება, სახეზე კანი დაუსკდა... ამ დროს მოვიდა დიდი მიხოს ძმა - მიტო და ხედავს, რომ ძმისშვილი იტანჯება. გადაირია მიტო: ”ეს რა გიქნია, შე...! ასე როგორ შეიძლება, შე...! სულ დაკარგე ადამიანობა, შე...!” - დატუქსა ძმა, ახსნა ჯაჭვი და პატარა მიხო ჩრდილში გადააბა.
ეჰ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს თავის დუქანთან მიბმული ყოჩით... და მიტოსნაირი ჰუმანისტებიც თითებზე ჩამოსათვლელები დარჩნენ.
”საქართველო პალერმოს მსგავსი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში კრიმინალის თვალსაზრისით, ახლა კი, ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მხრივ მეორე ადგილზეა ისლანდიის შემდეგ.
კრიმინალის ხარისხი ჩვენთან ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთსა და რამდენიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში. საქართველოში პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი დასაწყისში მხოლოდ 5% იყო, ახლა კი - 86%-ია, ანუ ის იმ ინსტიტუტიდან, რომელიც საყოველთაოდ სძულდათ, გადაიქცა ინსტიტუტად, რომელიც ძალიან უყვართ. Gallup, Eye-Ray გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, კორუფციის დონე ქვეყანაში მხოლოდ - 0.4%-ია. 6 წლის წინ კი, ეს მაჩვენებელი 98%-ს შეადგენდა”, - თქვა გასულ კვირაში მიშამ და ის ანეკდოტიც ამიტომ გაახლეთ - ჩრდილოეთიდან ამოსულ მზეზე ვიტანჯებოდით და ახლა ჩრდილში ვიტანჯებით.
რაც შეეხება კორუფციის პროცენტებს, აქ, ალბათ, მეტი სიცხადეა საჭირო. ადრე 98 პროცენტი იპარავდა, ახლა კი მხოლოდ 0.4 პროცენტი იპარავს, მაგრამ იპარავს იმდენს, იმ 98 პროცენტს რომ არ დაესიზმრებოდა. თუმცა, სხვა მაგალითიც გვაქვს - გარემოს დაცვის სამინისტროში სულ ასი კაცი მუშაობს და მათი 99 პროცენტი კორუმპირებულია, არაკორუმპირებულ და კეთილსინდისიერ ერთ პროცენტს კი სახელად გოგა ჰქვია და გვარად ხაჩიძეა.
კიდევ ერთი სტატისტიკა: 2010 წელს საქართველოში 46 679 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა (საშუალოდ - თვეში 3 890 ერთეული), რომელთა შორის 98.0% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.0% - არასამეწარმეო სუბიექტი.
გეუბნებით, რაღაცას გვაპარებენ თუ ყოველთვიურად ამდენი ხალხი იწყებს ბიზნესს და პოლიცია მთელ საქართველოს უყვარს, რაღა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას? აი, გაკეთდა რამდენიმე ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მოვიგეთ სლოვენიაში და შედეგიც სახეზეა - ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სიჭინავას კონკურენტი არ ჰყავს. კაცს დომენტი ჰქვია, მთელი საფეხბურთო სამყარო კი რატომღაც ”ზვიადი, ზვიადი”-ს გაიძახის.
”საქართველო პალერმოს მსგავსი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში კრიმინალის თვალსაზრისით” - თქვა მიშამ და დავძენ, რომ 70-იან წლებში პალერმო რუისის მსგავსი სოფელი გახლდათ.
”მოვიწვიეთ 10 ათასი ამერიკელი, რათა ასწავლონ ინგლისური საქართველოში და ჩვენ უკვე 1500 პედაგოგი ჩამოვიდა... რეალობა ისაა, რომ ისინი საზოგადოების დახმარებას ცდილობენ და უმეტესად, ახალგაზრდები, იდეალისტები, თანაც ყველანი მოხალისეები არიან”, - ესეც სააკაშვილის შემოქმედებიდანაა.
მინდა გითხრათ, რომ საქართველოდან უკვე ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია გასული ინგლისურის, რუსულის, თურქულის, გერმანულის, ბერძნულისა და ივრითის შესასწავლად. ისინი უმეტესად ახალგაზრდები, რეალისტები და უხალისოები არიან და ოჯახების დახმარებას ცდილობენ.
გასულ კვირაში სტატისტიკოსებმა და რეიტინგების შედგენის მოყვარულმა პროფესიონალებმა ფრთები გაშალეს და ციფრებით აგვავსეს - ტურისტებისთვის მიმზიდველ 41 ქვეყანას შორის საქართველო მე-6 პოზიციაზეა და საქართველოში შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია. ანუ, სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს სურს საქართველოში ჩამოსვლა და სულ უფრო და უფრო მეტ ბავშვს სურს საქართველოში დაბადება და ეს არც არის გასაკვირი - საქართველოს ბუნება, ქართული ფოლკლორი, კინო, თეატრი, სამზარეულო, ქართული არქიტექტურა, ქართული ღვინო... მოდი, და ნუ მოგინდება აქ დაბადება, მაგრამ თუ არ გაგიმართლა და სხვაგან დაიბადე, მოდი და, ნუ მოგინდება საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა.
სომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარეს ავაგ არუთუნიანს არ გაუმართლა, მაგრამ არც ტურისტად ჩამოსვლა სურს. მას სურს, რომ სომხეთში დაბადება უფრო პრესტიჟული იყოს, რაც შემდეგ ცახკაძორში ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა - უცხოპლანეტელი ტურისტების უპირველესი სამიზნე სომხეთია, საკუთარი თვალით უნდათ, რომ იხილონ ის ქვეყანა, სადაც ”ჩაკრულო” შეიქმნა. ასევე, უცხოპლანეტელებს აინტერესებთ, რატომ არ ემართებათ სომხებს შიდსი.
თქვენ თუ იცით, რატომ? რატომ და - გასულ კვირაში კიდევ ერთხელ სცადეს ოშკის, ბანას, ხახულის და, მათტან ერთად - საფერავის, ჩურჩხელის და ხაჭაპურის მისაკუთრება, ჰოდა, იმიტომაც არ ემართებათ შიდსი.
”ღვინოები ”კახეთი” და ”მსხალი”, მაგალითად, სომხური ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ ხარობს, მათი სახელწოდება კი საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებებს შემთხვევით ემთხვევა” - თქვა არუთუნიანმა და შევეცოდეთ. შემდეგ, გაახსენდა, რომ შოთა რუსთაველი სომეხია და შვებრალეთ.”სომხეთი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართავს” - განაცხადა არითუნიანმა და გაიფიქრა: ”ჩემ ეწი ჟიგული დუმაიუტ...”
ხოლო ჩვენ ღირსეულად ვდუმვართ და საქმეს ვაკეთებთ - თუ ადრე საფრანგეთში ცოცხალი ბაყაყები გაგვყავდა, გასულ წელს თურმე წარმოება აგვიწყვია და 1 100 კილოგრამი ბაყაყის თათი გაგვიტანია. ეს ინფორმაცია ბაკურ კვეზერელის უწყებამ გაავრცელა. ეს ის უწყებაა, მამალი ძროხების შემოყვანას რომ აპირებს, რაც, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დროის საკითხია.
”საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია” - განაცხადა მიშამ. დიახ, რა თქმა უნდა, დროის საკითხია, დროის და სივრცის. დრო და სივრცე კი, როგორც იცით, უსასრულოა, ისევე, როგორც ჩვენი სიბრიყვე. აი, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი:
”ბათუმის დრამატული თეატრის ოთხი მსახიობი და ორი მენეჯერი სამსახურიდან დაითხოვეს... როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, გათავისუფლების მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებებია... გათავისუფლებული და მოქმედი მსახიობები კომენტარისგან თავს იკავებენ...”
კომენტარისგან თავს იკავებენ და ალბათ თავს იმით იმშვიდებენ, რომ ”თავისუფლება ლომთა ხვედრია”.
როგორც გასულ კვირაში გაირკვა, თავისუფლება არა მხოლოდ ლომების, არამედ დაღლილი ვირების ხვედრიც არის - საკუთარმა თანაპარტიელებმა ზურაბ ნოღაიდელი თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს. მიზეზი - ნოღაიდელმა თანაპარტიელებს კუთვნილი ანაზღაურება არ მისცა. შედარებისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრებს არც ხელფასები უგვიანდებათ, არც პრემიები, არც შეღავათები, თანამდებობები, პორტფელები და სავარძლები.
დაღლილი, მაგრამ დაუღალავი ნოღაიდელი ახალი პარტიის შექმნას აპირებს. ”ეს იქნება ფორმალურად სხვა სახელწოდების, მაგრამ შინაარსობრივად იგივე სტრუქტურა” - ამ სიტყვებით დაამშვიდა ნოღაიდელმა შეძრწუნებული ფანატები. ანუ, სახელწოდება იქნება სხვა, მაგრამ საქმიანობის შინაარსი არ შეიცვლება - მოსკოვის მიმართულებით ბილეთებისა და რუსეთის დედაქალაქში სასტუმროს ნომრების დაჯავშნა. ამაზე მეტი არც ძველი პარტიის წევრებს უკეთებიათ და რაში ითხოვდნენ ხელფასებს, ნამდვილად გაუგებარია.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე კი, 2010 წელს ნაყოფიერად აფასებს: ”შვიდი თვის განმავლობაში 84-მდე პროექტი განხორციელდა. მათში 390 000 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, ყველა პროექტი მნიშვენლოვანი იყო”.
სტატისტიკოსებმა ალბათ უმალ დაიანგარიშეს, რომ თითო პროექტში, საშუალოდ, დაახლოებით 5 ათასი სტუდენტი მონაწილეობდა. რამდენი დაიხარჯა და როდისღა დადიოდნენ სტუდენტები ლექციებზე, ამით კონტროლის პალატა და პროკურატურა მომავალში დაინტერესდება. ეს, უბრალოდ, ნატოში შესვლისა არ იყოს, დროის საკითხია.
გუბაძის განცხადებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის საკითხი - შვიდი თვე - რადგან გუბიძემ მხოლოდ შვიდი თვის შედეგები შეაჯამა. როგორც ვხვდები, გუბიძე მხოლოდ შვიდი თვის წინ აირჩიეს და უნივერსიტეტის თვითმმართველობის ისტორიაც, როგორც ჩანს, აქედან იწყება. არადა, აღნიშნულ სტრუქტურას გაცილებით ძველი ისტორია აქვს და მის სათავეებთან არა დაჩი გუბაძე, არამედ ბორის ძნელაძე იდგა.
მოვა დრო და ზემოთჩამოთვლილი და არჩამოთვლილი ბატონები სისხლხორცეულად დაინტერესდებიან ხათუნა კალმახელიძის იმ ბრძანებით, რომელმაც დღის სინათლე გასულ კვირაში იხილა - ადმინისტრაციული პატიმრობისას პირი გასეირნებას მხოლოდ ერთი საათით შეძლებს.
ადმინისტრაციული პატიმრობისას პირს ფერადი ფანქრების, ბანქოსა და ჩაქუჩის ქონა ეკრძალება; მსჯავრდებულს ეკრძალება შეინახოს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები; სატრანსპორტო საშუალებები; ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, მათ შორის ლუდი; სუნამოები, ოდეკოლონები; ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები; ბანქო; ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები; ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები; ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.
ნაჯახი და ფოტოაპარატი - გასაგებია, მაგრამ ტოპოგრაფიულმა რუკებმა რა დააშავეს, ნამდვილად ვერ ვხვდები.
გასულ კვირაში ბაგრატიონის გვარის უკანონო გამოყენებაზე კიდევ ერთი პირი, ლაშა ტიტანიძე დააკავეს. რამდენიმე თვის წინ ლაშა ტიტანიძის ძმა და მამაც დააკავეს. რამე რო იყოს ვარძელაშვილის გვარის უკანონო გამოყენებაზე არავის დააპატიმრებენ?
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა სახლებს ერთ ტონა კაკალს საჩუქრად გადასცემს. ეს რომ შვიტყვე, ერთი პირობა გამიკვირდა კიდეც - ამ სამინისტროდან ყველა დაიჭირეს და მოხუცებს კაკალს ვიღა მიუტანს-მეთქი, მაგრამ შემდეგ სხვა აზრმა გამიტაცა.
ამ მთავრობის ამბავი რომ ვიცი, მოხუცებს და ბავშვებს ერთ ტონა კაკალს მიუტანენ, შემდეგ გადაიფიქრებენ, ნიგოზს უკან წამოიღებენ და დატოვებით, მხოლოდ ნახევარ ტონა კაკლის ნაჭუჭს დაუტოვებენ.
ნიკა ქავთარაძის თქმისა არ იყოს, მთვრობა გამოდგომაზეა, ჩვენ კი - არ გამოგვადგა. ვლადიმერ სანაკოევს თუ დავესესხებით - ”მთავრობა ფანდარასტ”. სანაკოევი ცალკე თემაა. აწი სანაკოევზე ყველას ფეესბე გაახსენდება, ფანდარასტზე კი ყველას ისედაც ახსენდება ”რეალ ტვ”.
ახლა, მე წავალ. არა მგონია, ამდენი სისულელის გახსენება სასარგებლო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ჰოდა, გემშვიდობებით კიდეც.
ე.ს. (ეს საინტერესოა) - მარტო შაბათს საღამოს გადაკვრით ვერ გალოთდები, ბეჯითი დაჟინება და სიხშირეა საჭირო. სულ უნდა სვა, მაგრამ არაა აუცილებელი მაგარი სასმელი იყოს, მთავარია სერიოზულად მიუდგე საქმეს. ადამიანების უმრავლესობა სპეციალური მეთოდის გარეშე ხდება ლოთი. იწყებენ დიდი რაოდენობით ვისკის, არყის სმას, ცუდად ხდებიან, მერე ისევ აგრძელებენ. ეს, ანტუან, ჩემი აზრით, კრეტინობაა.
(მარტენ პაჟი, ”როგორ გავხდი იდიოტი”)