შარლ მიშელი: კრემლი ვერ შეგვაშინებს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ოჯახი ვართ

შარლ მიშელი: კრემლი ვერ შეგვაშინებს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ოჯახი ვართ

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინელ ხალხს ყველანაირად დაეხმარება.

„კრემლი ვერ შეგვაშინებს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ოჯახი ვართ“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

„უკრაინელმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ჩვენ ევროკავშირშიც მივიღეთ მკაფიო გადაწყვეტილება: თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში, თქვენი ბედი ჩვენი ბედია. ჩვენ დღეს აქ ვართ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა პირველივე დღიდან ძლიერი იყო და გაგრძელდება.

„კრემლი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და პასუხი უნდა აგოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებას. ევროკავშირი და უკრაინა აგრძელებენ ერთად მუშაობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნას“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.