ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა

ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა

ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გამოცემა Variety-ს მისმა ცოლმა, ტაჰერეჰ საიდიმ განუცხადა.

გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე 62 წლის პანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტა. 2022 წლის ოქტომბერში ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 6-წლიანი საპატიმრო სასჯელი, რომელიც რეჟისორს „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის“ საქმეზე მიუსაჯეს, თუმცა პანაჰი ციხეში დარჩა.

რეჟისორის ადვოკატი აცხადებს, რომ პანაჰი ჯერ კიდევ გასული წლის 18 ოქტომბერს უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც სასამართლომ მისი განაჩენი გააუქმა.

ჯაფარ პანაჰი კანის, ვენეციის, ბერლინისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ლაურეატია. 2018 წელს კანის კინოფესტივალზე მისმა ფილმმა „სამი სახე“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.