სააკაშვილმა ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტ „ამერიკან ინტერპრაიზში“ გამოსვლისას „საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და რუსეთის აგრესიაზე“ ისაუბრა. ექსპერტი გია ხუხაშვილი ეჭვობს, რომ პრეზიდენტის მიერ მხოლოდ წარმატებებზე საუბრით საქართველო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებას დაკარგავს.
„როცა მხოლოდ ქვეყნის წარმატებაზე საუბრობ, უნდა გაითვალისწინო, რომ ამით პოტეციური დონორების განწყობა შეიძლება შეიცვალოს და მათ იფიქრონ, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება დახმარება. ანუ შეიძლება მოვჭრათ ის ტოტი, რომელზეც ვზივართ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ წარმატებებზე ლაპარაკი წინდაუხედავ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს“, – ასე აფასებს ხუხაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტ „ამერიკან ინტერპრაიზში“ სიტყვით გამოსვლას.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ფინანსური დახმარება კიდევ დიდხანს დასჭრიდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება.
„კიდევ დიდხანს დაგვჭირდება დახმარება, რადგან ეკონომიკური სიტუაცია კი არ უმჯობესდება, პირიქით, ეკონომიკა იკუმშება და ხვალ და ზეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გვემუქრება“, – განუცხადა ექსპერტმა „ჯი-ეიჩ-ენს“.
რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტს, გია ხუხაშვილი საქართველოს პირველ პირს მხოლოდ იმაში ეთანხმება, რომ ქვეყანაში ბევრი ტექნიკური საკითხი და პროცედურა გამარტივდა.
„რა თქმა უნდა, მართლა ბევრი რამ გაკეთდა, რაზეც გამოსვლაშიც იყო ყურადღება გამახვილებული. მაგალითად, მართვის მოწმობის აღება უკვე სამ დღეშია შესაძლებელი და ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას, მაგრამ იყო მომენტები, რასაც პირადად მე არ ვიზიარებ. მაგალითად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქის კეთილდღეობა გაუმჯობესდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ნაკლები ადამიანია. სამწუხაროდ, მე ასე არ ვფიქრობ“, – დასძინა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში, „ამერიკან ინტერპრაიზში“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და რუსეთის აგრესიაზე ყურადღება გაამახვილა.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენთან სამი ისტორიული გზა აშენდა. პირველი გზა რუსეთის იმპერიამ მაშინ ააშენა, როდესაც პირველად დაიპყრო საქართველო და მას რუსეთის სამხედრო გზას უწოდებენ. ეს გზა გათვლილი იყო კავკასიაში ჯარისკაცების შემოსაყვანად.
მეორე გზა 70-იანი წლების ბოლოს აშენდა და ის ჩრდილო ოსეთს სამხრეთ ოსეთთან აკავშირებდა. ამ გზას არ ჰქონდა გადარჩენის შანსი, რადგან ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო. თუმცა მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა – თუ საქართველო კვლავაც გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას მაშინ მისი ფუნქციაც აღდგებოდა. ზუსტად ასე მოხდა 2008 წელს, როცა რუსული ჯარები მთებში გაყვანილი ვიწრო გვირაბებით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს და დასძინა:
„ასე რომ, ორი გზა გვყოფს ჩვენ, ორი გზა წყვეტს რეგიონებს ერთმანეთისაგან, ცივილიზებული სამყაროსგან. ეს გზები გვახშობს, რომ არ ვიყოთ თავისუფალი. თუმცა არსებობს მესამე გზაც, რომელიც ხელახლა აერთიანებს იმ რეგიონებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო ერთმანეთს და იმავდროულად დამცირებული და განუვითარებელი ქვეყნის სხვა ნაწილებთან ერთად. ეს ის გზაა რომლის მშენებლობაც 2005 წელს დავიწყეთ და ახლახანს დავასრულეთ. ვამაყობ, რომ ეს ოფიციალურად გამოვაცხადეთ გახსნილად“.
სააკაშვილის თქმით, ბათუმში უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და უფრო მეტი მშენებლობა მიმდინარეობს ვიდრე მოსკოვში.
„ჩვენ გვაქვს პატარა ქალაქი ბათუმი - შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში სადაც ამჟამად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და უფრო მეტი მშენებლობა მიმდინარეობს ვიდრე მოსკოვში. საქართველოში კერძო ბიზნესის წყალობით შენდება ცათამბჯენები“, – აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კიდევ ძალიან ბევრი რამ რითაც შეუძლია იამაყოს.
„ყველაზე დიდი ცვლილება ჩვენთან ინსტიტუციების შეცვლაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ რასაც ლონდონის ჟურნალმა „ეკონომისტმა“ მენტალური რევოლუცია უწოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კითხვები რომელსაც მისი მისამართით ხშირად სვამენ ასეთია:
„მართალია, რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ? მართალია, რომ მძღოლის ლიცენზიას სამ წუთში იღებ? მართალია, რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით? მართალია, რომ სკოლაში ყველა მოსწავლემ მთავრობისგან ლეპტოპი მიიღო და ყველა სკოლაში ინგლისურს და რამდენიმე სხვა საგანს ამერიკელი ასწავლის? მართალია, რომ ყველაზე კარგი გზები გაქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის? მართალია, რომ ისეთ ქალაქებს აშენებთ, რომლებიც სინგაპურის, დუბაის, ჰონკონგის მსგავსია? - მართალია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. პროცესი დაწყებულია და ყოველივე ეს რეფორმების დამსახურებაა. „მილენიუმ ჩელენჯს“ ჩვენ დიდ პარტნიორად ვხედავთ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“.