ომის ვეტერანები იმისთვის იბრძვიან, რომ თავის გატანა შესძლონ

ომის ვეტერანები იმისთვის იბრძვიან, რომ თავის გატანა შესძლონ

[გიორგი ლომსაძე, Eurasianet]

ბოლოდროინდელმა შემთხვევამ, როდესაც პოლიციამ ომის ვეტერანებს შიმშილობა შეაწყვეტინა, ხაზი გაუსვა მზარდ იმედგაცრუებას მათ შორის, ვინც ადრეულ ქართულ პოსტ-საბჭოთა ომებში იბრძოლა. ბევრი ის ვეტერანი, რომლებიც 1990-იანი წლების კონფლიქტებში მონაწილეობდა, ახლა იმას უჩივის რასაც პატივისცემის და ხელისუფლების მხარდაჭერის დეფიციტად აღიქვამს.

 

3 იანვარს 1990-იანი წლების აფხაზური და სამხრეთ-ოსური კონფლიქტის მონაწილე ვეტერანებმა თბილისის ცენტრში, ომის ვეტერანთა მემორიალთან შიმშილობა დაიწყეს. პოლიციამ ამ საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად ძალა გამოიყენა და შედეგად 11 დემონსტრანტი დააპატიმრა. აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა პოლიციის ქმედებას „დემოკრატიისთვის არასათანადო“ უწოდა. დაკავებული ვეტერანები ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს და ყოველი მათგანი 400 ლარით დააჯარიმეს.

 

მთლიანად საქართველოს ვეტერანების სამი თაობა ჰყავს: მეორე მსოფლიო ომის (1939-1945), 1991-1992, 1992-1994 – სამხრეთ- ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტებთან კონფლიქტისა და  2008 წელს რუსეთთან ომის მონაწილენი. ყველა თაობა თავის დროის „გმირად“ იყო აღიარებული, მაგრამ ბევრი ვეტერანი გრძნობს, რომ საკუთარი წარსულის გადააზრების პროცესში, ზოგიერთი ვეტერანი ახლა უფრო დიდ გმირად მიაჩნიათ, ვიდრე მეორენი.

 

ჩივილი განსაკუთრებით ხმამაღლა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პირველი კონფლიქტის მონაწილეთა შორის ისმის. ეს იყო ორი ველური და ქაოტორი ომი, რომელიც საქართველოს თავის სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის ფასად დაუჯდა.  ეს ვეტერანები, 30 000 მამაკაცზე და ქალზე მეტი შეადგენს ქართველ ვეტერანთა 77 ათასიანი ნუსხის თითქმის ნახევარს.  (სამთავრობო სააგენტოები დღემდე ითვლიან რუსეთთან საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილეთა რაოდენობას).

 

„როგორც კი გვეტყოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანაა დასაცველი, ეგრევე იარაღს ვიღებდით და ბრძოლის ველზე მივიჩქაროდით“ – ამბობს გელა ჯოხაძე, 1992-1994 წ.წ. აფხაზეთის კონფლიქტის ვეტერანი, იმ ომის მონაწილე რომელსაც ვეტერანები ხშირად „საქართველოს ვიეტნამს“ უწოდებენ.

 

„ჩვენ დღემდე არ მიგვიღია არავითარი ფსიქოლოგიური დახმარება იმისთვის, რომ ომის საშინელებათაგან გამოჯანსაღება შევძლოთ, არავის ჩაუტარებია ჩვენთვის წვრთნა იმისთვის, რომ ახალ პროფესიებს დავუფლებოდით და საზოგადოებაში ვინტეგრირდეთ“ – ამბობს ჯოხაძე.

 

ვეტერანების პრივილეგიები საქართველოში საუკუთესო შემთხვევაში მოკრძალებულია.  ანტი-კორუფციული ბრძოლის ფარგლებში, ამ პრივილიგიების მიმღებთა რაოდენობა, რომელიც 2004 წელს 240 000 უდრიდა, დღეს 77 000-მდე შემცირდა – ამბობს ნიკა ცაგარეიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

პირები რომლებიც რეგისტრირებულები არიან როგორც ვეტერანები, თვეში 22 ლარს იღებენ დახმარების სახით. მათ ვისაც ჭრილობების გამო შრომისუნარიანობა აქვთ დაკარგული, თვეში 129 ლარს უხდიან, როგორც ინვალიდობის კომპენსაციას, მსუბუქი ჭრილობების მქონე ვეტერანები 80 ლარს იღებენ, იმ პირებს ვინც ომში ორი ან უფრო მეტი შვილი დაკარგა, თითო დაკარგულ შვილზე თვეში 55 ლარი ეკუთვნით.

 

საომარ მოქმედებებში მოკლულთა მეუღლეები 44 ლარს იღებენ.

ვეტერანები, რომლებსაც წლიური შემოსავალი  3 000 ლარზე დაბალი აქვთ, არ იბეგრებიან და შეუძლიათ თბილისის ვეტერანთა ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღონ,  მაგრამ ჰოსპიტალს „არა აქვს სპეციალური სამედიცინო საჭიროებების მქონე ვეტერანთა პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა“ – ამბობს კავკასიის ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ასლანოვი.

მთლიანობაში დაახლოებით 980 ქართველი ვეტერანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

 

იმ დროს როდესაც ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი აღიარებს, რომ ვეტერანთა მხარდასაჭერად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, მთავრობის გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.  თავდაცვის სამინისტრომ EurasiaNet.org-ის თხოვნას მოეცა ინფორმაცია ვეტერანთა პოლიტიკის შესახებ არ უპასუხა. EurasiaNet.org-მა  განმეორებით სთხოვა ინტერვიუ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს ოთარ თოიძეს, მაგრამ მან ინტერვიუ არ მოგვცა.

 

ამ ბოლო დროს გარკვეული ძალისხმევა ჩატარდა, რათა ვეტერანებისთვის დამატებითი პრივილეგიები მიენიჭებინათ. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღეს ფონდები, რათა აემაღლებინათ 15 000 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია 2008 წლის კონფლიქტში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

2008 წლის ომის ვეტერანებისთვის და მათი ოჯახებისთვის გაცემულმა დახმარებებმა ძველი თაობის ქართველ ვეტერანთა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი აზრით, ბოლო თაობის სამხედროები  საზოგადოებისა და მთავრობისაგან ზედმეტად დიდ ყურადღებას იღებენ. მათ მიაჩნიათ, რომ საბაზისო პროვილეგიების მიღების მცდელობისას, ისინი  კატეგორიების, იარლიყებისა და  საკანცელარიო პროცედურების ბიუროკრატულ სამყაროში ჩაიკარგნენ.

„მათ წარსული დაივიწყეს და  ყველაფერს თავიდან იწყებენ, ხაზი გადაუსვეს ყველაფერს რაც მანამდე იყო“ – ამბობს გივი ბაკურაძე, აფხაზეთის ომის კიდევ ერთი ვეტერანი.

 

ამ შთაბეჭდილებას ის ცვლილებები ქმნის, რომელიც ქართულ საზოგადოებაში 1990-იანი წლების აფხაზურ და ოსურ ომებთან დამოკიდებულებაში მოხდა – კრიტიკა ომებისა, რომელთა დროსაც ტანკები და შეიარაღებულ ადამიანთა ბანდები მთელს ქვეყანას იყვნენ მოდებულები, სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

 

ძალიან ბევრისთვის, პირველი სეპარატისტული კონფლიქტის ვეტერანები ანაქრონისტულად გამოიყურებიან, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ატარებს პარტიზანული ყაიდის წვერს და სამხედრო ტანსაცმელს, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის საქართველოს ამჟამინდელ, აშშ-ს მიერ გაწვრთნილი სამხედროების მედია ხატ-სურათებთან: მოწესრიგებულები, თანამედროვე უნიფორმებში ჩაცმულები და თანამედროვე შეიარაღებით.

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები კი ამასობაში ახლა იმ იდეას უნდა დაუპირისპირდნენ, რომლის თანახმადაც ისინი „ვიღაცის ომში იბრძოდნენ“.

როგორც სჩანს, ვეტერანთა ჯგუფებს შორის არ არსებობს ერთი სტრატეგია, რომელიც ამ შთაბეჭდილებას გამოასწორებდა. მათი პროტესტი, როგორც წესი უგულვებელყოფილია, როგორც ვეტერანთა პროვილეგიების „პოლიტიზირების“ მცდელობა.

 

კავკასიის ვეტერანთა ასოციაციამ 3 იანვრის გამოსვლას თავი აარიდა: „ყველა ჯურის პოლიტიკოსი ცდილობს გამოიყენოს შესაძლებლობა და ქულები დაიგროვოს“ – ამბობს ბნელ და ცივ ოთახში, ორგანიზაციის ოფისში მჯდომი, კავკასიის ვეტერანთა ასოციაციის დირექტორი ასლანოვი – „ჩვენ არ გვინდა ვინმეს პოლიტიკური თამაშების ნაწილად ვიქცეთ. თუ დახმარება უნდათ, აქ მოსვლა და იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე მხოლოდ ლაპარაკია“.

foreignpress