მართალია, საყოველთაო ჯანდაცვა თვეზე მეტია, მუშაობს, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რეგიონების მოსახლეობამ ამის შესახებ, პრაქტიკულად, არ იცის. ამიტომაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ექიმთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს და, რაც მთავარია, დააკვალიანებს, თუ როგორ უნდა ისარგებლოს უფასო ჯანდაცვით.... “ქართული სიტყვა” ზემოხსენებული ჯგუფის ხელმძღვანელ მაკა ბულეიშვილს ესაუბრა. სხვათა შორის, ქალბატონი მაკა თავის დროზე, როგორც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა და მის თანაგუნდელადაც ითვლებოდა, მაგრამ... 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარმა ტრაგედიამ სააკაშვილისა და ბულეიშვილის გზები სამუდამოდ გაყარა _ მაკა ბულეიშვილი სანდრო გირგვლიანის ბიცოლაა... როგორ მოხვდა სააკაშვილის გვერდით და როგორ ექცეოდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაშინ, როცა იქ ირინა ენუქიძე სიკვდილს ებრძოდა? _ “ქართული სიტყვა” მაკა ბულეიშვილს ესაუბრა:
_ მართალია, ექიმთა საინიციატივო ჯგუფი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და საავადმყოფოს აპარატურასაც არ ვიყენებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექცია საქმის კურსში მაინც ჩავაყენეთ.გვაინტერესებდა, მოსახლეობა ჩვენს ინიციატივას როგორ შეხვდებოდა... პირველად გლდანს ვესტუმრეთ. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური ჯგუფი ვართ და არ გვაინტერესებს, ავადმყოფი რომელ პარტიას ეკუთვნის, საქმის კურსში გამგეობა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტი მაინც ჩავაყენეთ... გამოკვლევაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა... ხალხს საყოველთაო ჯანდაცვაზეც ვესაუბრეთ. სხვათა შორის, თავის დროზე ქალაქის ჯანდაცვის ექსპერტად ვმუშაობდი და ვიცი, რომ სახელმწიფო დაზღვევა მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია, თუმცა ერთი კვირის წინ დუშეთში ვიყავით და, მართალია, ე.წ. საყოველთაო დაზღვევა ძალაშია, პრობლემები მაინც დაგვხვდა.
_ რას გულისხმობთ?
_ როგორც გითხარით, ყველაფერი, რაც მუშაობისთვის საჭიროა _ ფურცლიდან დაწყებული აპარატურით დამთავრებული, ჩვენია. გამგეობასთან ერთად გადაწყდა, რომ დუშეთში აქციას “ჯეოჰოსპიტალის” საავადმყოფოში ჩავატარებდით, მაგრამ “ჯეოჰოსპიტალის” წარმომადგენლობაში განგვიცხადეს საავადმყოფოში არ შეგიშვებთო. ამის შესახებ გამგებელსა და დეპუტატის ოფისს ვაცნობეთ...
_ და პრობლემა მოგვარდა?
_ დიახ... დუშეთში უფასოდ 130 ადამიანს ჩავუტარეთ გამოკვლევა. ხალხი გვეუბნებოდა, აქ მოსასვლელი ფულიც არ გვქონდაო... მალე უფასო გამოკვლევას ხარაგაულის მოსახლეობას ჩავუტარებთ. საერთოდ, გვინდა, რომ მაღალმთიან რეგიონებს ვესტუმროთ _ შატილსა და გუდამაყარში მოსახლეობას ძალიან უჭირს...
_ ქალბატონო მაკა, უდავოდ, კარგი წამოწყებაა... საერთოდ, საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ _ თავის დროზე, როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყავით და იუსტიციის სამინისტროშიც მუშაობდით...
_ 2000 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი და, პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, როგორც ექსპერტი, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციალური სისტემის შესასწავლად მიმიწვია... პაატა სიტუაციას ადამიანის უფლებების მხრივ სწავლობდა, მე კი, _ ჯანდაცვას.
_ მაშინ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი იყო, არა?
_ დიახ. მე, პაატამ და, საერთოდ, ჩვენმა ჯგუფმა სერიოზული დასკვნა დავწერეთ. არ გაგიკვირდეთ და, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი იყო, რადგან მგონია, რომ კარგი საქმე გავაკეთე...
ბევრს არ მოვწონდი, რადგან იმას ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო და არა _ იმას, რასაც მკარნახობდნენ... ჩვენი დასკვნა კოლეგიის სხდომაზე გავიტანე და მხოლოდ დარღვევებზე კი არა, იმაზეც ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გვეშველა პენიტენციალური სისტემისთვის. ამ ამბებიდან, დაახლოებით, ათ დღეში იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე.
_ რესპუბლიკური საავადმყოფოდან სააკაშვილმა ექსპერტად მაინცდამაინც თქვენ რატომ მიგიწვიათ, იცნობდით?
_ მიშა 1999 წელს, შემთხვევით გავიცანი _ ჩვენთან, ვაკეში კენჭს დეპუტატად იყრიდა. ხალხს ჩემი სახლის წინ ხვდებოდა. გაგვესაუბრა და გვკითხა, ვინ რა სპეციალობის ვიყავით. ვუთხარი, ექიმი ვარ-მეთქი. ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაუწერიათ და ერთ დღესაც შტაბში დამიბარეს, სადაც ძმები გაჩეჩილაძეები, ასევე, დავით გამყრელიძე დამხვდა... მერე, მიშამ ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძეც გამაცნო. მახსოვს, ჩემზე უთხრა, ვაკის რაიონში საქველმოქმედო აქციას ატარებსო... ჟვანიამ სააკაშვილს მიუგო, კარგია, რომ ახალგაზრდა კადრების მოზიდვის ნიჭი გაქვსო.
_ 1999 წელს ვაკეში რა საქველმოქმედო აქციას ატარებდით?
_ უპოვართა სასადილო გავხსენით. ამასთან, ხალხის პრობლემებს ვიწერდით და მერე, სააკაშვილი დეპუტატი რომ გახდებოდა, ამ პრობლემებს მოაგვარებდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ, ეს დანაპირები არ გახსენებია. ამიტომ, ხალხი პასუხს მე მთხოვდა... 1999 წლის არჩევნების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ურთიერთობა არ გვქონია... მერე, მინისტრი რომ გახდა, დამიძახა.
_ მერე, მოვიდა დრო და თქვენი და სააკაშვილის გზები გაიყარა..
_ იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას, სააკაშვილი ხელს არ მიშლიდა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა... ხელს მისი გარემოცვა მიშლიდა. მე, ირინა იმერლიშვილი და კოტე კუბლაშვილი ერთად ვმუშაობდით. კუბლაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
მერე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გერმანიაში გამაგზავნეს. იქიდან რომ დავბრუნდი, მიშა გადამდგარი დამხვდა. იუსტიციის ახალმა მინისტრმა, როლანდ გილიგაშვილმა ჩათვალა, რომ მის სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებდი...
ამასობაში, მიშამ პარტია ჩამოაყალიბა, დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდზე დავმდგარიყავი. მართალია “ნაცმოძრაობის” წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მიშამ ბოდიში მომიხადა, რადგან საკრებულოს საარჩევნო სიაში ვერ ჩამსვამდა... მიშა საკრებულოს თავმჯდომარე გახდა... მართალია, სულ მის გვერდით ვიყავი, მაგრამ არავის გავახსენდი...
ერთხელაც, საკრებულოში, მარიკა ვერულაშვილთან შევიარე. მიშამ დამინახა და მკითხა, სად ხარ, რას აკეთებო. არსად-მეთქი და გადაწყვიტა, რომ ქალაქის ჯანდაცვის ექსპერტად დავენიშნე. მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ 03-ის პირველი პროგრამა მე დავწერე. ამ თანამდებობაზე 2006 წლამდე ვიყავი და მივხვდი, რომ არ შეიძლება, “ნაციონალებთან” საერთო მქონოდა.
_ ქალბატონო მაკა, სააკაშვილის გუნდიდან წამოსვლა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება? _ როგორც ვიცი, სანდროს ბიცოლა ხართ...
_ ირინა ენუქიძე ჩემი მეუღლის ბიძაშვილი იყო... “ნაციონალებისგან” სექტემბერში წამოვედი, სანდრო კი, იანვარში გარდაიცვალა... ჩემი წამოსვლის მერე დაიწყო პრობლემები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. “ნაციონალები” ვერ გაიგებდნენ, რომ ჩემი შვილი ენუქიძეა? _ ამიტომ, “რესპუბლიკურში” “ტაბუდადებულ” ადამიანად ვიქეცი. როდესაც ირინა ცუდად გახდა, მის სანახავადაც არ მიშვებდნენ.
_ ვინ არ გიშვებდათ?
_ დაცვა, მაგრამ მის უკან ვინც იდგებოდა, ჩემზე კარგად იცით.
_ რა მოტივით არ გიშვებდნენ?
_ ექიმი ვარ და დიაგნოზს ადვილად გავარკვევდი, რაც არ აწყობდათ. პირდაპირი ტერორი მიდიოდა და ჩემი საავადმყოფოდან გაშვება უნდოდათ... ყველანი ძალიან კარგად მიცნობდნენ, მათ შორის, _ დათა ახალაიაც, რომელიც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა ჩვენთან, სამინისტროში ხშირად მოდიოდა. სხვათა შორის, 7 ნოემბრის აქციის დროს, დაშავებულთა სანახავად არ მიშვებდნენ. არც 26 მაისის დაზარალებულებს გამაკარეს.
იცით, გული რაზე მწყდება? _ “პარადი” დღესაც მათ მიჰყავთ, ვინც მაშინ “ნაციონალების” სასარგებლოდ აქტიურობდა.
_ ანუ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღესაც ის სიტუაციაა, რაც ადრე იყო?
_ დიახ, თუმცა ამას ახალ დირექტორზე ვერ ვიტყვი.
_ რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, გამოძიება დამთავრდა, როგორ ფიქრობთ, სამართალმა პური ჭამა?
_ დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქმე ჯერ ბოლომდე არაა მიყვანილი!