2008 წლის ნოემბერში, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) განაცხადა, რომ საქართველოს საპატიმროებში რვა ადამიანი სასჯელს, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც პოლიტიკურ ნიადაგზე იხდიდა. 2009 წლის ოპოზიციის ე.წ. აპრილის გამოსვლების შემდეგ, უფლებადამცველებმა პოლიტპატიმართა სია გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით, საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცეს, ერთი წლის შემდეგ კი, ასევე, თბილისში ჩამოსულ აშშ-ის იმჟამინდელ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს... ყოფილი პოლიციელი ნარგიზ ლორთქიფანიძე თვლის, რომ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს:
_ 2008 წლის 31 დეკემბერს, 180 მუხლის მესამე ნაწილით, მოქალაქე ნანი ჩაუშბას კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დამაკავეს. არადა, მიწის ამ ნაკვეთთან შეხება არასოდეს მქონია. პასუხისგებაში ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო მიმცეს.
_ რას გულისხმობთ?
_ 2003 წლის ნოემბერში, როცა აჭარის ავტონომიური ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, მე, როგორც ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი, უფროსი ლეიტენანტი, ჩოლოქის ხიდთან სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. ძმათა შორის სისხლი რომ არ დაღვრილიყო, მრავალშვილიანი დედები მიმართვის გაკეთებას გეგმავდნენ. ამასობაში, ქალბატონებს სააკაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა _ გიორგი ბარამიძემ და გიორგი არველაძემ უხეშად მიმართეს. ,,ამ წვიმაში აქ რამ მოგიყვანათ? ოჯახის კი არა, ქუჩის ქალები ხართო”, _ მიაძახა არველაძემ ქალბატონებს. ამან ჩემზე იმოქმედა და გავაპროტესტე... ბარამიძე ჩემი ვინაობით მაშინვე დაინტერესდა და როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო, არველაძემ დაამშვიდა, ნუ განიცდი, დრო მოვა და, ჩაცმულობითა და სამკაულებით ამოვიცნობთო.
_ ამოგიცნეს?
_ დიახ... 2004 წლის 17 ივნისს, ამ დროს უკვე ბათუმის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობდი, განყოფილების უფროსმა ილია ჯორთმენაძემ მაცნობა, სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო. გათავისუფლების მიზეზის გასარკვევად შს მაშინდელ მინისტრ გიორგი ბარამიძეს მივმართე, რომელმაც ნიშნისმოგებით მიპასუხა: ,,ნახე, რა დრო მოვიდა?!” რა დროც უნდა მოვიდეს, უსაფუძვლო გათავისუფლება კანონით ისჯება-მეთქი... ბარამიძემ დამიკონკრეტა, რომ სამსახურიდან ჩემი დათხოვნის მიზეზი ,,ბაბუინობა” და ჩოლოქზე დგომა იყო. მერე, მინისტრმა კარისკენ მიმითითა, თან მირჩია, აბაშიძემ დაგასაქმოსო. მერე, შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა და დასახმარებლად მასაც მივმართე, მაგრამ დამემუქრა, თუ არ გაჩერდები, ვიდეოჩანაწერს გაჩვენებ, ჩოლოქზე მიტინგს როგორ მართავო...
პრეზიდენტის საწინააღმდეგო მოძრაობებში ვმონაწილეობდი, რის გამოც ჩემს ქმარ-შვილს ქუჩაში აჩერებდნენ, ჯიბეებს უჩხრეკდნენ, დაკავების მიზეზს ეძებდნენ. აწ გარდაცვლილი ჩემი შვილი მაგნიტოფონის ქურდობის ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში სასტიკად სცემეს. ჩემი ძველი საქმეების ამოჩხრეკაც დაიწყეს _ 1997 წელს ჩემს მიერ გამოძიებულ საქმეზე ხელმოწერა გამიყალბეს, მაგრამ ექსპერტიზის საფუძველზე, რომელმაც გაყალბება ჩემს სასარგებლოდ დაადასტურა, საქმე პროკურატურაშივე შეწყდა. ყველაფერ ამას პროკურორი გელა მახარაძე ხელმძღვანელობდა...Gამდენ ზეწოლას ვეღარ გავუძელით, ქალაქს ქმარ-შვილი გაეცალა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა...
როცა ჩემს წინააღმდეგ ყველა საშუალება ამოიწურა, სხვა ტაქტიკას მიმართეს და ახალი საქმე ,,შემიკერეს” _ მას შემდეგ, რაც აჭარის ზონის მიწებს ზღაპრული ფასი დაედო, ნანი ჩაუშბამ გადაწყვიტა, ბათუმის მიმდებარე ურეხის ტერიტორიაზე ,,ფეოდალურ-პატრიარქალური წყობა” აღედგინა და, თითქოს ოდესღაც მამამისის საკუთრებაში არსებული მიწები დაებრუნებინა, რისთვისაც არც დოკუმენტაციის გაყალბებას მოერიდა და არც _ კორუფციულ გარიგებებს, ნათესაური კავშირები გამოიყენა და, ურეხის ტერიტორიაზე, საიჯარო ხელშეკრულებით 2040 წლამდე ჩემს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა... ნანი ჩაუშბამ მხოლოდ საკუთრება კი არ წამართვა, არამედ, მე და ჩემს შვილს, ჩვენს მფლობელობაში არარსებული მიწების მითვისების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაც დაგვაკისრა.
_ ეს როგორ?
_ ნანი ჩაუშბამ, გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, მიწა ჯერ დედაზე გააფორმა, მერე, იჩუქა, საბოლოოდ კი, მეზობელზე გაასხვისა. სანაცვლოდ, მისგან ბათუმის ტერიტორიაზე ოროთახიანი ბინა მიიღო.
_ ჩაუშბას საბუთების გაყალბებაში, თქვენი აზრით, ვინ დაეხმარა?
_ 2008 წლის ივნისში, ნანი ჩაუშბას სასამართლომ მიწის დასაკუთრებაზე უარი უთხრა, მაგრამ ნოემბერში ჩემს საწინააღმდეგოდ საქმე განაახლეს, რაშიც ეხმარებოდნენ იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კერძოდ, მისი შვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავრობის აპარატის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნიკა კახიძე და თავად ლევან ვარშალომიძე, რომელიც ნანის მამის დეიდაშვილია. საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე სულიკო ჩაუშბა ნანის ბიძაშვილია, ჩემი ბრალმდებელი პროკურორი კი, _ ჩაუშბას ახლო მეგობრის მეუღლე. ასეთი წრე შეიკრა ჩემს გარშემო, რომლის გარღვევა ჩემს ადამიანურ რესურსებს აღემატებოდა. 2008 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, პროკურორმა ლადო თურმანიძემ, ,,განსაკუთრებულად საშიში კრიმინალი”, შვილმკვდარი ნარგიზ ლორთქიფანიძე საკუთარ სახლში დამაკავა. გამოძიებას არასოდეს ვემალებოდი, პირიქით, ვითხოვდი, რომ გამოეძიათ და საქმისთვის სწორი შეფასება მიეცათ, მაგრამ ვიღაც ცდილობდა, ბოლომდე გავემწარებინე.
მოკლედ, თაღლითობის ბრალდებით დამაკავეს. მიღება-ჩაბარების ყალბი დოკუმენტაცია ტატიანა ხალიმოვსკაიამ დაამზადა. მართალია, ჩემი საქმე პროკურორ თემურ ლომთაძეს ებარა, მაგრამ პასუხს გელა მახარაძისგან ვიღებდი. ეს ის პროკურორია, რომელმაც გაყალბებულ ხელმოწერაზე პასუხისგებაში მიმცა. ჩემს მიმართვებზე მისი პასუხი ასეთი იყო: ტატიანა ხალიმოვსკაიას ქმედებაში არაფერია უკანონოო. ანალოგიური პასუხი მივიღე პროკურორ კილაძისგან. ჩაუშბას პოზიციები ექსპერტ დათო გოგუაძის დასკვნამაც გაამყარა. მას მხარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, გოგუაძის თანაკურსელმა ბადრი ლეფსაიამაც დაუჭირა.
ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პირი ხელვაჩაურის ზონის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ჯერალ გორგილაძეა. განსაკუთრებით აქტიურობდა ვლადიმერ თურმანიძე, რომელიც გაყალბებული დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დასკვნებს იცავდა, მასხარად მიგდებდა, ცინიკურად მეუბნებოდა, სამუდამოდ ციხეში გამოგკეტავ, თუ ბევრს იხმაურებ, შვილს თვალითაც ვეღარ ნახავ, გირჩევნია, აღიარო და საპროცესო გარიგებას დასთანხმდეო.
2009 წლის 6 იანვარს შვილის გარდაცვალებიდან წელიწადი გადიოდა, ბათუმის ციხის ადმინისტრაციას შევეხვეწე, საშუალება მოეცა, რომ შვილის საფლავზე გავსულიყავი, მაგრამ სისტიკი უარი მივიღე, რას ლაპარაკობ, სად გაგიშვებთ, შენი დაჭერა რომ შეგვძლებოდა, უფრო ადრე დაგიჭერდით, დაგავიწყდა, მიკროფონები და დროშები რომ გეჭირა ჩოლოქზე? სული აქ ამოგხდებაო...
_ ქმარ-შვილის ბედი როგორ წარიმართა?
_ 2007 წლის ბოლოს, ქმარ-შვილი სამშობლოში დაბრუნდა _ ვერ გაძლო უცხოეთში. ბედი კი, თურმე, უფრო დიდ განსაცდელს მიმზადებდა _ სამი დღის ჩამოსული შვილები ავარიაში მოჰყვნენ და ერთ-ერთი დაიღუპა. მეორე ძმა კი, ნერვიულობისგან, ნარკოტიკს შეეჩვია... დასახმარებლად ნარკოდისპანსერის დირექტორს მივმართე და ვთხოვე, მკურნალობის პერიოდში ანონიმურობა დაეცვა. გოჩას მდგომარეობა ძალოვან სტრუქტურებს ნოყიერ ნიადაგს აძლევდა, რომ ახალ პროვოკაციაზე წასულიყვნენ.
_ გოჩა რა ბრალდებით დააკავეს?
_ 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის პოლიცია ცოცხალი ჯაჭვისთვის ხალხს აგროვებდა. ჩემს შვილს დავურეკე და ვთხოვე, შინ არ მოსულიყო, მეშინოდა, რამე პროვოკაცია არ მოეწყოთ. მეორე დღეს, 2 სექტემბერს გოჩა დააკავეს _ მანქანაში ნარკოტიკი ჩაუდეს. განყოფილებაში წინ ჩვენი სატელეფონო საუბარი დაუდეს, 10 000-დოლარიანი მანქანა ჩამოართვეს, ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების მუხლს ავარიის ეპიზოდიც დაურთეს და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გოჩამ ოთხი წელი და შვიდი თვე მოიხადა და საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა. გოჩას დაკავება სასტიკი მეთოდებით მოხდა _ 2 სექტემბერს, დილიდან ღამის თორმეტ საათამდე, აჭარის სოდ-ის უფროსის, გოგიტა კახიძის თანამშრომლები სცემდნენ, თან უყვიროდნენ, დედაშენს მეორე შვილზეც ვატირებთო. გოჩას სხეულის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომ იძულებულნი გახდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა სამჯერ გამოეძახებინათ. მერე, ბათუმის პირველ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსმა სულიკო ბერიძემ გოჩა არ მიიღო, რადგან ცოცხლებში არ ეწერა... შეტყობინების საფუძველზე, სოდ-ის თანამშრომლების წინააღმდეგ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ თაროზე შემოდეს.
სხვათა შორის, გოჩას წინააღმდეგ საქმის შეკერვას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც აპირებდნენ.
_ რის საფუძველზე?
_ მის მფლობელობაში არარსებული მიწის ნაკვეთის მითვისების ბრალდებით.
_ ქალბატონო ნარგიზ, საპატიმროებში, სადაც ყოფნა მოგიწიათ, როგორი პირობები იყო?
_ პროვოკაციები არც ციხეში მაკლდა. ბათუმის ციხეში პატიმარმა შორენა კეჭეღმაძემ ხელი დაიწვა და, ციხის ადმინისტრაციის დავალებით, ცდილობდა, ეს ჩემთვის დაებრალებინა... ციხის და, ამავე დროს, ბათუმის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ზურაბ ორაგველიძე ჩემს მიმართ ცინიკურად იყო განწყობილი, რადგან ჩემი შვილის ნარკოდამოკიდებულების შესახებ იცოდა _ დახმარების აღმოჩენის მაგივრად, ისეთი პრეპარატი გამიკეთა, რომელმაც არათუ დამამშვიდა, პირიქით, აღმაგზნო... ნიკა კახიძემ და პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ რუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიაში ჩემი თავი “ზონის” უფროს გიორგი ფიფიას გადააბარეს, რომელიც ჩემი მტანჯველი პროკურორის, ვლადიმერ თურმანიძის თანაკურსელი აღმოჩნდა. ასე გადავდიოდი საწამებლად ხელიდან ხელში 56 წლის ქალი.
ფიფიას დამსჯელი ქალების ჯგუფი ჰყავდა. მისი დავალებით დარეჯან ოქრუაშვილი და ნატო მოსიაშვილი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. “კარცერში” ორჯერ უმიზეზოდ ვიჯექი.Nნასვამ მდომარეობაში მყოფი ფიფია ხშირად გვცემდა ქალებს, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ჰყავდა დალაგებული. სანამ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, მთვრალი შემოდიოდა და ლანძღავდა ბიძინა ივანიშვილს, არჩევნების შემდეგ კი, ტრაბახობდა, ჩვენი მოყვანილია ეს ხალხი ხელისუფლებაშიო.
_ დახმარებისთვის ვის მიმართავდით?
_ ყველას _ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროკურატურას, სახალხო დამცველს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა ფიფიას. თუკი დღეს ცოცხალი ვარ, ამას ჯონდი ბაღათურიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვუმადლი!
_ სად არიან დღეს ის ჩინოსნები, რომლებიც თქვენს საქმეში ფიგურირებდნენ?
_ ხელისუფლების შეცვლა საპატიმროში მალე ვიგრძენით _ უცებ გავხდი ,,კანონმორჩილი” პატიმარი. გიორგი ფიფია გაათავისუფლეს. ვლადიმერ თურმანიძე, რომელიც რიგითი გამომძიებელი იყო, ახლა პროკურატურის გამომძიებლების ჯგუფის ხელმძღვანელია. ჯერალ გორგილაძე ისევ ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის, კილაძე კი, ქალაქის ზონის პროკურატურის უფროსია. დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმეებს ძველი კადრები განაგებენ, ამიტომ სამართლიანობის აღდგენა ძნელია.
პოლიტპატიმრის სტატუსს ველოდები. მაისში იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თორმეტკაციანი ჯგუფისგან შემდგარი კომისია შეიქმნა, რომელიც დამნაშავე პროკურორების მიმართ საქმის ძიებას აწარმოებს. სიმართლე გითხრათ, ორხელისუფლებიანობის პირობებში ძნელია, ვინმეს ენდო, თუმცა ჩემი საქმის გამომძიებელი ირაკლი ზეიკიძე გულმოდგინედ ცდილობს სამართლიანობა აღადგინოს.