იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ქართული ძეგლების თურქულად გამოცხადებას და ბათუმში მეჩეთის აშენებას, ისტორიულ ტაოში ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ (რასაც ითვალისწინებს თურქეთ-საქართველოს შორის ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება), ღია დისკუსია “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრესაგე.ტვ-ც ესწრებოდა. ბათუმის პრეს-კაფეში შეკრებილი საზოგადოება - პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, არქეოლოგები, ჟურნალისტები… სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება თან ახლდეს ხელშეკრულების იმგვარი ფორმით ხელმოწერას, როგორითაც ისაა ცნობილი.
ამ შეკრებას დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა და მათი უდიდესი უმრავლესობისთვის, მათ შორის მუსულმანური აღმსარებლობის ქართველებისთვის, ხელშეკრულების იმგვარი ფორმით ხელმოწერა, როგორითაც საზოგადოებისთვის მას-მედიის საშუალებებიდანაა ცნობილი, მიუღებელია.
რადგან ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო “რესპუბლიკური პარტია“, დისკუსია ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ ვრცელი მოხსენებით გახსნა. ამ ღონისძიებას რადიო “თავისუფლებას“ ჟურნალისტი, ნატალია იმედაიშვილი უძღვებოდა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიულ ტაოში ოშკის, იშხანის, ხანძთისა და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში თურქულმა მხარემ რესტავრაცია უნდა გაუკეთოს ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს; ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთს, სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია; ასევე რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს სამხრეთ საქართველოში არსებულ ჰაჯავის მეჩეთს და ბათუმში უნდა აშენდეს ე.წ. აზიზიეს მეჩეთის რეპლიკა.
ბათუმის პრეს-კაფეში სამსაათიან შეხვედრაზე თითოეული გამომსვლელი ეყრდნობოდა მას-მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს, როგორც ხელშეკრულების შინაარსთან, ისე იმ ძეგლებთან დაკავშირებით, რომელთა აღდგენა-აშენებას ითხოვს თურქული მხარე.
მურმან დუმბაძის აზრით, ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება აშკარად სცილდება კულტურული თანამშრომლობის ფარგლებს და არის პოლიტიკური მუხტის მატარებელი, რომლითაც ირღვევა ნაცვალგების პრინციპი, რადგან თურქეთში რესტავრაცია გაუკეთდება ოთხ ტაძარს, ხოლო საქართველოში სამს და პლუს ამას, ერთი აშენდება.
“თურქული მხარე ამბობს, რომ საქართველოში ავაშენებ მეჩეთს, რომელსაც არ ექნება სალოცავი ფუნქცია. ანუ თურქულ მხარეს მუსულმანი მომლოცველები დიდად არ ადარდებს. ხელშეკრულებაში პროზელიტიზმის საფრთხე არის, მაგრამ რეალურად, ესაა რელიგიური ნიშნით შენიღბული პოლიტიკური ხელშეკრულება, რომელზეც მსჯელობს ცენტრალური ხელისუფლება ისე, რომ არ ითვალისწინებს პატრიარქის პოზიციას, ქართველი მუსულმანების აშენებულ ძეგლებს ასაღებს თურქულად, საქმის ვითარებას არ აცნობს, არც საზოგადოებას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება არა მხოლოდ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, არამედ მუსლიმანურ და ქრისტიანულ მრევლს შორის, რაც საქართველოში არასდროს მომხდარა“, - ამბობს დუმბაძე.
მისივე აზრით, ბათუმში მეჩეთის აშენებით ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მოხდება თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დადასტურება საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში - “შეგახსენებთ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საბაჟოს გახსნის დროს - აჭარა საქართველოს ხელში წარმატებულად ვითარდებაო“.
მურმან დუმბაძის თქმით, მეჩეთ-მუზეუმი იქნება ჩვენი სახელმწიფოს მიერ დოკუმენტალურად დადასტურებული თურქული პროპაგანდის კანონიერი ცენტრი ბათუმში - “პრაქტიკულად, ეს იქნება ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმი. საქართველოს ხელისუფლება, ქართული ძეგლების თურქულად გასაღებით და თავისი უგუნური პოლიტიკით ახდენს ჩვენი, ქართველი მუსულმანების ეთნიკურ თურქებთან იდენტიფიცირებას, რაც ძალიან საშიშია“.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე, ხელშეკრულების გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავს. მას მიაჩნია რომ მეჩეთის, ან რაღაც კულტურული ძეგლის აშენებით მრევლის რაოდენობა არ გაიზრდება და მასზე ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს - “თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების აზროვნებაზე და საქართველოს მოსახლეობაზე, მე მგონი 90%-ში ეს არაფერს შეცვლის. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიბერალურები და დემოკრატიულები, ალბათ, ესეც უნდა დავუშვათ“.
“რესპუბლიკელ“ გია მასალკინის თქმით, ის ზემოხსენებული საკითხისადმი შედარებით ტოლერანტულადაა განწყობილი; ამბობს რომ საზოგადოება ხელშეკრულების გაფორმებაში უნდა ჩაერთოს, მაგრამ ტონი კონსტრუქციული უნდა იყოს.
კიდევ ერთი “რესპუბლიკელის“, იოსებ თავდგირიძის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ძეგლების თურქულად გამოცხადებით და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებით, თურქეთი აქ ალამს აღმართავს და პერსპექტივაში ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს - “დავაკვირდეთ ასეთ მომენტს, მარნეულში არიან მუსულმანური აღმსარებლობის აზერბაიჯანლები, მაგრამ იქ თურქული პოლიტიკური სივრცე არ ყოფილა, იქ არ ითხოვენ მეჩეთის აშენებას. ამის გაკეთება უნდათ ახალციხეში და ბათუმში“.
“კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის განმარტებით, ტაო-კლარჯეთს ჰყავს მეუფე, რომელიც ასე მოიხენიება , როგორც ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი - “რადგან ტაო-კლარჯეთიც დედა ეკლესიის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, ხელშეკრულების შესახებ საპატრიარქოსაც უნდა ჰკითხონ და მისი პოზიცია გაიზიარონ. ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვხედავ დეფინიციაში - “თურქული კულტურის ძეგლები“. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის თურქეთის ყოფილი ტერიტორია“.
ბაციკაძის აზრით, ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომაც, რომ ნახოს სარგებელი და ეს დოკუმენტი იყოს პარიტეტული, აქაურმა ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ევროკავშირს, რომლის წევრობასაც თურქეთი ისწრაფვის და ამ გზით მოახდინოს ზეწოლა მეზობელ თურქეთზე, იქ არსებული ქართული ტაძრების გადასარჩენად.
ამასთან, დავით ბაციკაძე ისტორიულ ტაოში არსებული ძეგლების გადარჩენის მეორე გზაზეც საუბრობს, რომელიც ამ საკითხში იუნესკოს ჩარევას ითვალისწინებს და რომელსაც თურქულმა მხარემ უნდა მიმართოს, რადგან ძეგლები მის ტერიტორიაზეა; თურქული მხარე კი ქართულმა მხარემ უნდა აიძულოს გადადგას ეს ნაბიჯი. ბაციკაძის თქმით, გაზეთ “კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნიკა ვაჩეიშვილი დიდ ტყუილს ამბობს - “იუნესკოს მფარველობაში დანგრეული და უპატრონო, ყოფნა-არყოფნის პირას მყოფი ძეგლები არ შედის“-ო. ბაციკაძემ შეგვახსენა, რომ იუნესკომ 1994 წელს თავის სიაში გუმბათჩამონგრეული ბაგრატის ტაძარი შეიტანა...
“ქრისტიან-დემოკრატმა“ ნიაზ ზოსიძემ, რომელიც ამავდროულად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია, ამ პრობლემის მოგვარების მისეული მოსაზრებაც გამოხატა - “აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეჩეთი არის ღორჯომში, რომელიც დანგრევის პირასაა. მე ვაჩეიშვილს მივწერე, რომ ეს ძეგლი, როგორც ხელოვნების ნიმუში, გადასარჩენია. თუ ნამდვილად მეჩეთებისა და ჯამეების რესტავრაციით არიან დაინტერესებულები, აღადგინონ და გაამაგრონ ეს ძეგლი“.
ისტორიკოსმა ემზარ კახიძემ პრეს-კაფეში შეკრებილ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ მათ გამოსვლებში დემოკრატიის დეფიციტი იგრძნობოდა და რომ მათ ვაიპატრიოტული პოზიცია აქვთ, რასაც დემოკრატიული ღირებულებები ეწირება.
“მე არ მიმაჩნია სწორად იმ საკითხზე გადართვა, უნდა აშენდეს თუ არა აქ მეჩეთი. ჩვენ გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. თუ თურქეთს აქ მეჩეთის აშენება უნდა, დემოკრატიული ღირებებულებიდან გამომდინარე, ჩვენ მას ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ მუზეუმის აშენებას სჯობს იყოს მეჩეთი. ჩვენ გვაქვს იმის უფლება რომ მუზეუმის აშენების უფლება არ მივცეთ“.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ბიძინა აფხაზავამ განაცხადა, რომ აზიზიეს მეჩეთს არ ჰქონდა განსაკუთრებული ღირებულება; ისეთი, როგორიც აქვს მაგალითად, დიდაჭარაში არსებულ ჯამეს, კვირიკეს მეჩეთს. აფხაზავა ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ზემოხსენებულ ხელშეკრულებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა - “დღეს რატომ არის თურქეთი ასე დაინტერესებული ბათუმით?! იმიტომ რომ ხვალ აქ შემოსასვლელად პლაცდარმი შექმნას“. ბიძინა აფხაზავაც თვლის, რომ იუნესკოს დახმარებით უნდა აღსდგეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, რისთვისაც ქართულმა მხარემ უნდა იბრძოლოს.
მწერალი თენგიზ თავდგირიძე: “დროა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. მე როგორც ქართველი კაცი, ვალდებული ვარ ჩემი გვარის, ჩემი კუთხის და ჩემი შვილების წინაშე, რომ ამ ქვეყნიდან პირმართალი წავიდე. იმას რატომ არ ვამბობთ რომ ასეულობით ბავშვი აქედან გაყვანილია და ყურან-კურსებს ასწავლიან?!...“
“კონსერვატორ“ სულხან ოქროპირიძის თქმით, რომელიც ამავდროულად ისტორიკოსია, ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში და ამასთან, ერდოღანისა და სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში (რომ თურქეთი ისტორიულად ჩვენი მტერი არასდროს ყოფილა) ხედავს საფრთხეს და ამბობს - “ის რომ მოხდა აჭარის ეკონომიკური ანექსია და ეს რეგიონი დაიქსელა თურქული მაღაზიებით, სადაც წარწერებიც თურქულია, სადაო არ არის. დღეს მეჩეთს ჩაგვიდგამენ, სასტუმროს ააშენებენ, ხვალ...“
ხელვაჩაურის საკრებულოს “რესპუბლიკელი“ დეპუტატის, ავთანდილ ბერიძის აზრით, ხელშეკრულების ამ ფორმით ხელმოწერა ნიშნავს თურქეთის მხრიდან დროშის აღმართვას - “მაგრამ მე არ ვედავები თურქს, მე ვედავები სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას. მე ამის უფლება მაქვს. აქ იკითხეს, თუ არ მოგწონთ სანაცვლოდ რა შევთავაზოთო და მე ვთავაზობ არ მოაწერონ ხელი ამ ხელშეკრულებას, იმ სახით, როგორითაც არის ცნობილი“.
არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგია. ხელშეკრულების უკან იგი სხვების მსგავსად, საფრთხეს ხედავს:
“თურქეთის კონსულებთან ვისაც გქონიათ ურთიერთობა, თქვენ იცით, რომ აქვთ ასეთი პოზიცია - “ცოტა ხანში აქ მთავარი ენები იქნება თურქული და ინგლისური“. მე ასეთი აზრი მოვისმინე კონსულისგან. გესმით, რა ხდება?! ამ აზრზს ანვითარებენ და ეს ყველაფერი ფეხს ძალიან იკიდებს. თქვენ ხედავთ ქალაქი როგორ იცვლება. არქიტექტურა არის პროპაგანდის საშუალება. მათ უნდათ ზღვისპირას ჩადგან თურქული სიმბოლო. შეიძლება ჩვენ გვეუბნება ასე ჩვენი ხელისუფლება, თორემ თურქებმა ზუსტად იციან, რომ მეჩეთი შენდება. აქაურობა იქცევა თურქულ ქალაქად. მეჩეთის სახით კულტურის ცენტრი რატომ უნდა ააშენონ?! ყველაფერს ყიდულობენ და იყიდონ რომელიმე ძველი შენობა, გაარემონტონ და იქ იყოს კულტურის ცენტრი“.
ყოფილი პარლამენტარი, გურამ თურმანიძე ამბობს, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, თურქეთის ულტიმატუმით ბათუმში მეჩეთის აშენება არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც აჭარის რეგიონის დაპატრონებას ისახავს მიზნად.
“რიგითი აჭარელი მუსულმანის“ სახელით თემურ გორგაძე გამოვიდა:
“დიდი მადლობა ბატონს რომელმაც წეღან თქვა ქართველი მუსულმანიო და ასევე დიდი მადლობა ბატონს, რომელმაც თქვა აჭარა წაიღეს, მუსულმანები გაათურქესო. თუ კი აჭარა წაიღეს, ასე წყნარად როგორ ზიხართ, ბატონებო?! ხელში ხმალი უნდა გეჭიროთ“. ამაზე დარბაზში მყოფთაგან ერთ-ერთმა რეპლიკა ისროლა - დავიჭერთ ხმალსო, რაზეც თემურ გორგაძემ მიუგო:
“ხმალს თქვენთან ერთად დავიჭერ მე და შეიძლება გაგასწროთ კიდეც, იმის წინააღმდეგ, ვინც აჭარის ასაღებად გამოემართებაო. გეთანხმებით იმაში, რომ აქ არ უნდა აშენებდეს თურქი მეჩეთს, მით უმეტეს მუზეუმის შეფუთვით. ეს თურქების საქმე არ არის. თურქეთის აშენებული მეჩეთი სალოცავი ფუნქციითაც რომ იყოს, პირადად მე, როგორც რიგითი მუსულმანი, წინააღმდეგი ვარ. თურქები ამას პოლიტიკური ნიშნით, რომ აშენებენ, ეს ყველამ ვიცით. ეს სხვა თემაა. უბრალოდ, როდესაც შენი სახელმწიფო, არც ახლის აშენების საშუალებას გაძლევს, არც აშენებულის მიხედვის საშუალებას და აშენებულსაც გინგრევს, შენც იძულებული ხარ თურქს, ჩეჩენს, რუსს, ან თუნდაც ვატიკანს მიმართო და რაღაცნაირად მოიძიო საშუალება, რითაც შენს სალოცავს რესტავრაციას მაინც ჩაუტარებ“.
თემურ გიორგაძეს “ქართველ მუსულმანთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ჩაენაცვლა - “ბათუმში მეჩეთის აშენება მხოლოდმხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, როდესაც ჩემი ქვეყანა მომცემს საშუალებას ავაშენო მეჩეთი. ქობულეთში, შსს-მ, სოფელ მუხაესტატეში მეჩეთი დაანგრია და პოლიციის გამჭირვალე შენობა ააშენა. არც თქვენგან და სამწუხაროდ, არც ჩვენგან არავინ გამოსულა ამის გასაპროტესტებლად“. ის, რომ ქობულეთში მეჩეთი დაანგრიეს, პრეს-კაფეში მყოფთათვის სიახლე აღმოჩნდა.
ანზორ სოლომონიძე, “მრეწველთა კავშირიდან“, აცხადებს, რომ თურქეთის საქმე არ არის საქართველოში აქაურები რას ავაშენებთ და რას არა - “დღეს თურქეთს აქვს სურვილი, რომ მის ყოფილ იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიებზე ააშენოს მეჩეთები. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ მეჩეთით დაკონსერვდება თურქეთის პრეტენზიები, ხოლო მომავალში ეს ჩამქვრალი ვულკანი ამოქმედდეება და წალეკავს ყველაფერს?! რელიგიური ღირებულებებით სპეკულაციას ეწევიან, ეს ძალიან სახიფათოა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ“.
“ახალი მემარჯვენეებიდან“ პაატა მგელაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ხელმოწერა იგეგმება, სახიფათო, წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი პრობლემების გადაჭრის დროს თანმიმდევრული პოლიტიკა არა აქვს და შემხვედრ ნაბიჯებს მარტივად დგამს.
პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს გაუკვირდა ის, რომ პრეს-კაფეში გამართულ შეხვედრაზე არავის აღუნიშნავს გულწრფელი სიხარული იმის გამო, რომ “ჩვენს უგუნურ ხელისუფლებას“ გაუჩნდა ისტორიულ ტაოში არსებული ტაძრების რესტავრაციის სურვილი - “ამას მე ვაფასებ, ეს ძალიან სასიხარულოა. პოლიტიკა არის ვაჭრობა. თუ ჩვენ გვინდა ამ ეროვნული საქმის გაკეთება, თურქული სახელმწიფო გვთხოვს საზღაურს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომწონს და არ ვეთანხმები, ამ საზღაურის გაღება მოგვიწევს. გააჩნია როგორ ჭკვიანურად ვევაჭრებით მათ. ჩვენ მინიმუმი უნდა დავთმოთ“.
მხატვარი კაკო ძნელაძე, რომელიც ამავდროულად, ტვ25-ზე გადაცემა “ჩაკეტილი სივრცის“ წამყვანია, ამბობს, რომ ბათუმში მეჩეთის აგება არის ერთ-ერთი ატრიბუტი იმ საშინელებისა, რაც მეზობელი სახელმწიფოს იმპერიული აზროვნებიდან მოდის. ძნელაძის თქმით, ძველ ბათუმში ძირითადად თურქები არიან, ქართული საუბარი ნაკლებად ისმის; ბათუმში ჩადებული აქვთ მილიონობით ინსვესტიცია, ექსპანსია ნელ-ნელა ხდება, თურქული ფულით, მენტალობით...
“შედით ბათუმის “შერატონში“, რომელმაც მხოლოდ 2-3 დღე იმუშავა, ახალი წლის დღეებში და ნახეთ ახლა თუ ვინმეა იქ, ან ტურისტი, ან ვინმეს სხვა. ფაქტიურად იქაურობა დაკეტილია. დიდი ამბავი იყო ატეხილი ძველ ბათუმში, თურქული წარწერების გამო. თურქულის წინააღმდეგი ვინ არის?! მაგრამ თურქული პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ“, - აღნიშნა კაკო ძნელაძემ და იქვე მისეული პროგნოზიც გაგვაცნო:
“2-3 წლის შემდეგ შეიძლება იცით რა პროვოკაცია მოხდეს?! - ორი ქართველი გალახავს ერთ თურქს, მერე ათი თურქი გალახავს სამ ქართველს. მეექვსე არმია აგერ დგას და მას შეუძლია შემოსვლა, თავისი ინვესტიციების დასაცავად. აი, ასე შემოვა, როგორც რუსეთი შემოვიდა და ეს მოხდება ბათუმში“.
ბათუმის პრეს-კაფეში გამართული ღონისძიების მეორე დღეს, “რესპუბლიკელებმა“ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ხელშეკრულების არსებული ფორმით ხელმოწერის წინააღმდეგ.