უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომისთვის უკრაინას დამატებით 300-დან 500-მდე ტანკი სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ძალიან მადლიერია აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, თუმცა შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც ტანკები ბრძოლის ველზე იქნება.
ზელენსკიმ დასავლეთს უკრაინისათვის ტანკების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
Sky News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პარტნიორებს სთხოვა შეემცირებინათ ინტერვალი ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების მიღებასა და უკრაინისათვის მათ რეალურ გადაცემას შორის.
„ტანკების რაოდენობა და დრო, როდესაც მათ შეუძლიათ ჩვენამდე მოაღწიონ, განუყოფელ და უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - განაცხადა მან.
დღეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინული ძალები საუკეთესოდ იყვნენ აღჭურვილნი აღნიშნული ტანჯების გამოსაყენებლად, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ საბოლოოდ მიიღებენ.
“არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან ჯერ კიდევ ვამუშავებთ გეგმებს, თუმცა ამას [ტანკების მიწოდებას] უამრავი თვე დასჭირდება”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.