”როგორც ირკევევა, ნაახალწლევს მთავრობა გეგმავს სრულიად ახალი გადასახადების შემოღებას. კერძოდ, დაწესდება გადასახადი სიამოვნებაზე. ყველა მოქალაქეს რომელსაც სიამოვნებას მიანიჭებს საზეიმოდ მორთული და განათებული ქუჩები, ახალი, ლამაზი, შენობები და ხიდები, სატელევიზიო შოუები, მომხიბლავი მინისტრები და შიშველი პრეზიდენტი, დაეკისრებათ სიამოვნების გადასახადი. ხოლო ისინი, ვისაც ყოველივე ზემოთჩამოთვლილი, სიამოვნებას არ მიანიჭებს, შეირაცხებიან დაუნახავებად და მათ წინააღმდეგ გატარდება სანქციები ზემოაღნიშნული გადასახადის გაორმაგებით”.
ამგვარად მოდელირებულ ახალ ამბებს ქართულ ინტერნეტფორუმებზე არცთუ იშვიათად გადააწყდებოდით. ბოლო პერიდში, ე.წ. ალტერნატიული ახალი ამბების ნამდვილი ბუმია ქართულ ინტერნეტ–სივრცეში.
გულია: “როგორც იცით, მომავალი წელი საქართველოს ელექტრომობილიზაციის წელია. ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში, პრეზიდენტის ინიციატივით შევა მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, დაწესდება შეღავათები ელექტრომობილების მფლობელთათვის. მაგალითად ელექტრომობილის მძღოლს წელიწადში ერთხელ, დაუსჯელად, შეეძლება ერთი ფეხით მოსიარულის გატანა. თუ ბანკის მძარცველი აღმოჩნდება ელექტრომობილის მფლობელი, მას ეს სტატუსი ჩაეთვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. ელექტრომობილის მფლობელებს უფასოდ ჩაუტარდებათ მკურნალობა ელექტროშოკით. ხოლო მეხის დაცემის შემთხვევაში, მათი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“.
მეხი და ვაიუშველებელი გვინდა კიდევ ჩვენ. (მით უმეტეს, რომ ეს მეხიც როგორც სხვა ბევრი რამ, ამ ქვეყანაში) არ იქნება ნამდვილი...
ამასობაში, გაირკვა სიმართლე გაჩეჩილაძე-ბიწაძის სკანდალის თაობაზე. თურმე სააკაშვილს ბიწაძეც მოუტყუებია.
ნინნ: “გაჩეჩილაძის ნაცვლად საიდუმლო შეხვედრაზე მისი პაროდისტი მიუყვანიათ. ბიწაძეს ხმა ვერ გაურჩევია და ამიტომ ეგონა გაჩეჩილაძე მექრთამე. ეს ამბავი თავად გაჩეჩილაძის პარტიის წევრებმა გამოაშკარავეს და საზოგადოებას ხსენებული პაროდისტი წარუდგინეს. სპეციალურ ბრიფინგზე პაროდისტმა გაჩეჩილაძის პაროდიებიც შეასრულა. კერძოდ დაიგინა, დაღრიალა “მიშა მოვდივარ” და ბანკის გასახსნელად 12 მილიონიც მოითხოვა. მაგრამ, მაინც რჩება კითხვის ნიშნები. კერძოდ, წარმოდგენილი პაროდია ორიგინალს არ ჰგავს, ხმა სხვა ტემბრისაა, სიტყვების პრონონსი არაა ვაკური, “ლ“ რბილია და საერთოდ, პაროდისტი - ქალბატონი ჟუჟუნა ქემოკლიძე აღმოჩნდა“.
საიდანღაც მახსოვს ეგ ბიწაძე. ვითომ ავტორბოლებიდან?
კვირის კითხვა: რამე რომ იყოს, გაუშვებთ თუ არა შვილებს ჯარში?
lasha1997: “ბოლოდროინდელი ამბების და ამ წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ,სადაც შავით თეთრზე დაწერილია, რომ ყველა ვეტერანს დახმარება შეუწყვიტეს და თურმე ორი შვილი უნდა მოჰკდომოდა დედას, რომ დახმარება მიეღო. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხის მიმართ.
არავითარი პროვოკაცია არ დევს ამ ჩემს ნაწერში. თუ დემოკრატია გვაქვს, ყველანაირი კითხვის დასმა შეუძლია ნებისმიერს. ზვიადისტებს ვთხოვ, აგვისტოს ომის ვეტერანებზე და დაღუპულების ოჯახებზე გაამახვილონ ყურადღება..
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, მათ შორის ვეტერანებზეც. 2011 წლიდან არ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად ემსახურებოდა 5-7 ათას ვეტერანს, ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი“.
მთავრობა რა ხვითოცაა, ყველამ კარგად ვიცით და ჯარში გაშვებაზეა ლაპარაკი, ბაღში გაშვებაზე ხომ არაა?
ბოლო პერიოდში წარმოებული ინფრასტრუქტურული პროექტების (გზები, ტროტუარები, სკვერები და ა.შ.) ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კარგი ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიხმაროთ “ყველაფერი ფურთხით კეთდება“ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) და გახსნიდან 1 ან 2 თვეში იშლება და ინგრევა...
_GEORGIA_: “ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლების ბევრი რეფორმა წარმატებული გამოდგა, ბოლო პერიოდში სამაგალითოა საპატრულო პოლიციის მუშაობა, ძალიან კარგია შსს-ს სერვის ცენტრების მუშაობა (მართვის მოწმობის აღება, იარაღის გაფორმება და ა.შ.) კარგად მუშაობს საჯარო რეესტრი, (უძრავი ქონების რეგისტრაცია, იპოთეკა, ყადაღა), ასევე კარგია სამოქალაქო რეესტრი ( პასპორტების და პირადობის მოწმობების გაცემა, დაბადების მოწმობები და ა.შ.)
ამ წარმატებების ფონზე უბრალოდ გულისამრევად გამოიყურება შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი, მერიაში, საგზაო დეპარტამენტსა თუ ეკონომიკის სამინისტროში არავინ ხარისხიანად შესრულებას არ ითხოვს, არავინ ნაკლის ან დეფექტის აღმოფხვრას არ ითხოვს, არავინ სამუშაოების მიმდინარეობისას ხარისხს არ აკონტროლებს. მიდის ტენდერებში ჩაწყობა, ახლობლების ლობირება ან ქრთამის აღება, შესაბამისად იმ კომპანიას, რომელმაც ქრთამი გადაიხადა ვერ თხოვენ ხარისხიანად გაკეთებას და ვერ აჯარიმებენ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება მიფუჩეჩებით, ნაუცბათევად, უგემოვნოდ, ზერელედ, უხარისხოდ...
ფული რაში გააკეთონ მერე? უხარისხოდ დააგებენ, 1 წელიწადში დაიწუნებენ
აყრიან და თავიდან დააგებენ... მერე ისევ თავიდან და ასე...
პენსია – თემა რომელიც მუდამ აქტუალური იქნება ჩვენს ქვეყანაში...
MONTY: “2009 წლის მონაცმებით, საქართველოში 838.5 ათასი პენსიონერია რეგისტრირებული და დღევანდელი მონაცემებით მაქსიმალური პენსია 90 ლარი არის! დღევანდელი მონაცემებით კი საარსებო მინიმუმი არის 144 ლარი. გამოდის, რომ არსებობის საშუალებაც კი არ აქვს 838.5 ათას ადამიანს.
ქვეყნის ეკონომიკა თუ იზრდება, მაშინ მინიმუმ 838.5 ათასი ადამიანი რატომ ღებულობს საარსებო მინიმუმზე დაბალ პენსიას? ჯერ იმ ხალხს უნდა დაუხვრიტო ფეხები, ვინც 144 ლარი დააწესა საარსებო მინიმუმი და მეორეც იმას, ვინც პენსიის გაზრდა შეუძლია და არ ზრდის იმის გამო, რომ კონცერტებზე და ხიდების ასაშენებელი ფული რომ არ მოაკლდეს...“
მერე მამალი ბოჩელი და დედალი ძროხები როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ, ამაზე თუ გიფიქრიათ?
ქართული ბრენდები სომხური სახელწოდებებით. ანუ, ქართული გულგრილობა და დოყლაპიობა...
Lazare: “საფრანგეთის რუსულ მაღაზიებში მრავლად იყიდება ქართული პროდუქცია, რომელთაც აქვთ სომხური სახელწოდებები. ასე მაგალითად:
ქართული ხაჭაპური - ხაჩატურიანი,
ჩურჩხელა - არმიანსკოე ჩუდო,
საფერავი - სომხური საფერავი,
აჩმა - აჩმეიადინი,
შოთის პური - აშოტას პური,
გოზინაყი - აინუში.
უკვე დიდი ხანია საფრანგეთში "ჩაკრულო" ცნობილია როგორც სომხური ხალხური სიმღერა: "რუსთავს" ჰქვია - სომხური ხალხური ანსამბლი; სუხიშვილების ანსამბლის კომპაქტდისკები იყიდება, როგორც სომხური ანსამბლის კომპაქტ დისკები... ეს ახალი ახალი ამბავი არ არის“.
“აშოტას პურით“ შეიძლება ვინმე მართლა მოატყუო, მაგრამ ნებისმიერ ევროპელს, რომელსაც ღვინო ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაულევუია, გარწმუნებთ, რომ “სომხური საფერავის“ დალევის შემდეგ, სომხურს არასდროს აღარაფერს იყიდის ცხოვრებაში...
ჯერ ეს “ვიკილიქსი” რა არის და ისიც მოდელირებული...
ანუნაკი: “საიტმა “ვიკილიქსმა“ გაავრცელა ახალი სკანდალური ინფორმაცია ქართული სტუმართმოყვარეობის თაობაზე. საუბარია ამერიკის ელჩის წერილზე, სადაც იგი განიხილავს ქართული პოლიტ ელიტის სტრუმართმოყვარეობის თავისებურებებს. კერძოდ, ელჩი აღწერს თუ როგორი სუფრა გაუშალეს პოლიტიკოსებთან სტუმრობისას.
ალასანიას სუფრა უმია, არც თევზია და არც ხორცი. გაჩეჩილაძეს კარგი პურ-მარილი აქვს, მაგრამ ღვინო არ უვარგა. შალვა ნათელაშვილი გხვდება შავი პურით, “კილკითა“ და მოხარშული კარტოფილით... ამასთან სუფრაზე ვერ მოილხენ, რადგან პარტიის წევრები მშიერი თვალებით გიყურებენ... ბურჯანაძესთან – ძალიან ბევრი ცომეულია და მხოლოდ რუსულ არაყს გთავაზობენ. ნოღაიდელის სუფრას არაუშავს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სტუმრებს ფულს ახდევინებს“>
მიშა სააკაშვილთან – ყველაფერია სუფრაზე, მაგრამ ჭამა უნდა მოასწრო...
რა სარგებელი მოაქვს ოპოზიციას, გარდა იმისა რომ ქერტლს ებრძვის?
citizen of georgia: “დიდი ხანია მაქვს შეკითხვა: რა სარგებელი მოაქვს ოპოზიციას საქართველოში? გთხოვთ ჩამოთვალოთ ოპოზიციის სასარგებლო და საჭირო საქმეები, მიღწევები და განხორცილებული პროექტები. საუბარი მაქვს როგორც საპარლამენტო ასევე არასაპრლამენტო ოპოზიციაზე“.
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ერთადერთი ფუნქცია – “დემოკრატიის შუქურაზე“ შუშების გაწმენდა!
ესაო, ისაო, პარტნიორები კი ხართო, თქვენი დიდი ხათრიც გვაქვსო, მაგრამ იარაღს მაინც არ მოგცემთო – ასე გვეუბნებიან ამერიკელები....
A10: “რატომ არ გვაძლევს აშშ იარაღს? იმიტომ, რომ არ აქვს იმის იმედი რომ საქართველო და მისი არაადექვატური ხელისუფლება მორიგ შარში არ გაეხვევა. არსებულმა ტექნიკამ შეიძლება საქართველოს მთავრობა გახადოს უფრო ხისტი და მიაღებინოს არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვის სავალალოდ დამთვარდება. ამიტომაც არ გვაძლევს.
ამას გარდა:
1. საქართველოს არ უჩნდება იმის შეგრძნება რომ ის ძლიერია,
2. რუსეთს არ უჩნდება იმის შეგრძნება, რომ მის საწინაააღმდეგოდ ვიღაცას არ აიარაღებენ,
3. შესაბამისად, არცერთი მხარე არ ფიქრობს რევანშზე, ან პრევენციულ დარტყმაზე“.
რომ მისცენ რა? რუსებს როდესაც მოუნდებათ, მაშინ შემოვლენ და წაგვართმევენ. ეგღა აკლია ამერიკას უფასოდ აიარაღოს მოსკოვი...
კვირის დარდი: რატომ არ არსებობენ არაპოლიტიკურ საკითხებზე მომუშავეთა დამფინანსებელი ფონდები?
ბებე: “ახლა ვეძებ ფონდს, ინსტიტუტს ან მსგავს რამეს რომელსაც შეუძლიათ დამაფინანსოთ რაგაც საკითხზე და ვერაფერს ვერ მივაგენი. მაინც და მაინც პოლიტიკოსი უნდა ვიყო და პოლიტიკურ საკითხებზე უნდა ვმუშაობდე რომ ვინმემ დამაფინანსოს?
ერთ-ერთ საკითხზე ვმუშაობ, რომელიც არ არის პოლიტიკური, მაგრამ არის მნიშვნელოვანი და მარტო ვერ “ვქაჩავ“ და მინდა, რომ მოხალისეები მოვიძო და ფართი რომ ვიშოვო. ვერ მივაგენი მსგავს ორგანიზაციას და ფონდს“.
ეს კაცი მგონი პოლარული თეთრი დათვების საჰარის უდაბნოში გადასახლების პროექტს ამუშავებს.
ელიტური “მიშკორუფცია“ თავის აპოგეაში და ბობოლა “მიშჩინოსნების“ პიკური ცოლთშემოსავლები...
კოდექსი: “ერთადერთი შემორჩენილი ოპო-ტვ-ს (ანუ ნამდვილი ტვ-ს) “კავკასიის“ დღევანდელი საინფორმაციოს ცნობით, (დაახლოებით 5 საათზე იყო), პრაქტიკულად ყველა “მიშგრანდჩინოსანთა“ ცოლები ისეთი განათლებულები, ვუნდერკინდშები და ლამის აინშტაინკები ყოფილან, რომ ქვეყანაში ამ ტოტალური უმუშევრობის ან მათხოვრულხელფასიანი სამუშაოს ფონზე მათი შემოსავლები ბევრად სჭარბობს მათ მეორე ნახევართა “მიშნაწყალევ“ ათასებს და ათიათასებს...“.
ღმერთო შენ უშველე “მიშსაქართველოს“ და შენ მოგვეცი “მიშგამძლეობა!“.