თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება

თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება

გასული წლის მიწურულს მსოფლიოს ავტორიტარულმა რეჟიმებმა მთელი რიგი სერიოზული დარღვევები განახორციელეს. ეგვიპტემ და ბელორუსმა არჩევნები საოცარი დარღვევებით ჩაატარეს, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ მათ, ვინც გაპროტესტებას შეეცადა. რუსეთში მოსამართლემ ნავთობის ყოფილ მაგნატს მიხეილ ხადარკოვსკის დამატებით 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა (თავად სასამართლო პროცესი დადგმული იყო და საბჭოთა სასამართლოს არაფრით ჩამოუვარდებოდა). ვენესუელას დიქტატორმა უგო ჩავესმა ნულამდე დაიყვანა ოპოზიციის მიღწევები ახლახანს ჩატარებულ კონგრესის არჩევნებში და მოქმედი კონგრესისგან ვადის ამოწურვამდე ქვეყნის განკარგულებებით მართვის უფლება მიიღო. ჩინეთი ნაცისტური გერმანიის შემდეგ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნობელის პრემიის ლაურეატს ოსლოში პრემიის გადაცემაზე გამგზავრების უფლება არ მისცა და სხვა ქვეყნებსაც თავხედურად მოსთხოვა იქ საკუთარი წარმომადგენლები არ გაეგზავნათ 


ამ ყველაფრის შემდეგ არ არის გასაკვირი, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის მორიგ ანგარიშში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზეა საუბარი, მისი გაუარესება ზედიზედ მეხუთედ ფიქსირდება. 1972 წლიდან ეს ვაშინგტონური ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს „თავისუფალ“, „ნაწილობრივ თავისუფალ“ და „არათავისუფალ“ ქვეყნებად ჰყოფს. შარშან ამ ორგანიზაციის შეფასებით, სიტუაციის არსებითად გაუარესება ოცდახუთ ქვეყანაში ფიქსირდება. „თავისუფალი“ ქვეყნების რაოდენობა 89-დან 87-მდე შემცირდა. ისეთი ქვეყნების რაოდენობა, სადაც დემოკრატიული არჩევნების სისტემა მოქმედებს 115-ია (2005 წელს მათი რაოდენობა 123 იყო). ჩამოქვეითებულ ქვეყნებს შორის არიან – მექსიკა (სადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული შეტაკებები მიმდინარეობს) და უკრაინა (აქ პრესის და სასამართლოების თავისუფლება შეიზღუდა).

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს მოკავშირეების მიერ განხორციელებული დარღვევები (მაგალითად, ეგვიპტის მიერ), ასევე იმ ქვეყნების მიერ რომლებთანაც ობამას ადმინისტრაცია ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის (მაგალითად, რუსეთი და ბელორუსია), „სხვების მოსაზრებების მიმართ აგრესიულობის, თვითდაჯერებულობის და აგდებული დამოკიდებულების უზარმაზარი ხარისხით ხასიათდებოდნენ“. Freedom House-ის კვლევითი განყოფილების დირექტორმა არჩ პადინგტონმა აღნიშნა: „მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ავტორიტარული რეჟიმების აგრესიულობის ზრდა დროში დაემთხვა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უუნარობას ეპასუხათ ამ გამოწვევისთვის, რომელსაც მათ ავტორიტარული სამყარო უგზავნის, რასაც სერიოზული შედეგები აქვს თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობისთვის მთელ მსოფლიოში“.

ნაწილობრივ ასეთ ცუდ მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა ობამას ადმინისტრაციასაც ეკისრება. ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაერთხელ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, დაეწყოთ საუბარი ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მაგალითად აშშ-ს რეაქცია ეგვიპტის არჩევნებზე და ხადარკოვსკის სასამართლოზე, ცალკეული განცხადებებით შემოიფარგლა. ისიც ხდებოდა, რომ ხმამაღალ განცხადებებს შემდეგ არაფერი მოსდევდა, ავტორიტარული ლიდერებისთვის ეს არანაირი შედეგებით არ სრულდებოდა. ადმინისტრაციამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ეკონომიკური ბერკეტები, რათა მაგალითად ეგვიპტის ან ვენესუელასთვის ცვლილებები ეიძულებინა, ასევე არანაირი ფასის გადახდა არ მოსთხოვა არც რუსეთს და არც ჩინეთს განსხვავებული აზრის დევნისთვის. კონგრესმენები გამოდიან ინიციატივით, რომ დარღვევებზე პასუხისმგებელი რუსეთის ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემა აიკრძალოს, მაგრამ მათ არავინ უსმენს.

როდესაც აშშ წყვეტს თავისუფლებისთვის აქტიურ ბრძოლას, სხვა დემოკრატიული ქვეყნები საკუთარ თავში იკეტებიან, ხოლო ავტორიტარულები თამამდებიან. Freedom House-ის შემაშფოთებელი ტენდენციის უკან დასაბრუნებლად, ობამას მოუწევს თავის საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში თავისუფლებისთვის ბრძოლას გაცილებით მაღალი პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭოს.