ვისი ინტერესები იკვეთება დავით ბახტაძის მკვლელობის საქმეში?

ვისი ინტერესები იკვეთება დავით ბახტაძის მკვლელობის საქმეში?

თბილისის პროკურატურამ დავით ბახტაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განაახლა. პროკურატურას გამოძიების განახლების მოთხოვნით მოკლულის ოჯახმა მიმართა. For.ge-ს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ ამ საქმეზე ძიება განახლდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისევე როგორც ამ საქმეზე, ასევე ბიზნესმენ კახი ასათიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გასული არიან მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებლის კვალზე. არ არის გამორიცხული, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საპატიმროებშიც დაიკითხონ.

2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე, აეროპორტის დასახლებაში, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ „აირზენას“ გენერალურ დირექტორს თამაზ გაიაშვილს, თავდასხმა მკვლელობით დასრულდა, მოკლული იქნა გაიაშვილის დისშვილი 27 წლის დავით ბახტაძე, რომელიც ბიძის მანქანას მართავდა. მას 3 ტყვია ესროლეს, აქედან 2 - საკონტროლო. თავდამსხმელებს ბახტაძე მის ბიძაში, თამაზ გაიაშვილში შეეშალათ.

ამ მკვლელობიდან 1 წლის თავზე 2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ბიზნესმენს, „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ ვიცე-პრეზიდენტს კახი ასათიანს კლავენ.

გამოძიება კახი ასათიანის მკვლელობას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. კახი ასათიანმა ავიაკომპანია „აირზენას“ აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა, თუმცა, იმ პერიოდში, კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. ამის მიუხედავად, საქართველოში ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ის ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა (ბევრს საუბრობდნენ კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ინტერესებზე თბილისის აეროპორტსა და ავიაკომპანია „ორბში“). ამბობდნენ, რომ ონიანმა თვალი „აირზენასაც“ დაადგა და ყველა ხერხით ცდილობდა მის ხელში ჩაგდებასო.

იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ ბახტაძისა და ასათიანის მკვლელობა ერთი და იგივე პირის მიერ იყო შეკვეთილი, მაგრამ ვინ იყო ეს იდუმალი მკვლელი, ამას გამოძიებამ პასუხი ვერ გასცა. იმ დროისთვის, „აირზენას“ გენერალური დირექტორი თამაზ გაიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ასათიანის მკვლელობა „აირზენას“ არ უკავშირდებოდა.

დავით ბახტაძის დედა, ლეილა გაიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ მისი შვილის მკვლელობა, ძმის, თამაზ გაიაშვილის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. მეტიც, ამბობს, რომ „აირზენას“ მფლობელებთან მოლაპარაკებას ნამდვილად აწარმოებდა ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი. გარდა ამისა, გაიაშვილი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრების ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიებამ სწორედ ისინი უნდა დაკითხოს.

აი რას უყვება for.ge-ს „აირზენას“ გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის და, ლეილა გაიაშვილი რომელიც კომპანია „აირზენაში“ კანცელარიის უფროსია.

როდის მიმართეთ გამოძიებას?

ლეილა გაიაშვილი: როცა ამ საქმის გამოძიება შეწყდა, გვითხრეს, რომ დიდი ხალხია ჩარეულიო და ამიტომ შეწყვიტეს ეს საქმე. არ გამოუძიებიათ, ჩვენთვის არ უთქვმათ ვინ და რატომ ჩაიდინა ეს მკვლელობა. დღეს, უკვე, ის ხალხი წასულია თანამდებობიდან და ამიტომ, ახლა შესაძლოა, რომ გამოიძიონ ობიექტურად ეს საქმე.

კონკრეტულად ვინ გითხრათ, რომ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ამ საქმეში ჩართული? ეს გამომძიებელმა გითხრათ თუ შემოგითვალეს?

- შემოგვითვალეს. ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.

შევარდნაძის დროინდელ პერიოდზე საუბრობთ, თუ - მიხეილ სააკაშვილის?

- სააკაშვილის, ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში. მკვლელობა 2001 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, გამოძიება მაშინვე დაიწყო, მაგრამ იმ დროს ჩვენ გონზე არ ვიყავით რა ხდებოდა ჩვენს თავს. რამდენიმე ხნის მერე რომ მივედით და ვიკითხეთ საქმე რატომ არ იქნა გამოძიებული, გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა საქმის გაგრძელება და გააჩერესო.

მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თავდასხმა არ იყო თქვენი შვილისთვის გამიზნული მკვლელობა, ეს თავდასხმა დაგეგმილი იყო თქვენი ძმის წინააღმდეგ...

- ჩემი შვილი წლოვანებით პატარა იყო, 26 წლის იყო დათო, მას არც ისეთი თანამდებობა ჰქონდა, რომ ამის გულისთვის მოეკლა ვინმეს. ისეთი კეთილი და ალალი იყო, რომ პირადი მტერიც არ ჰყავდა, ნაწყენიც კი არავინ არ ჰყავდა. ერთ ადამიანსაც კი ვერ მიაგნეს რაღაცა ეჭვი შეპაროდათ მის უარყოფით თვისებაში. ეს მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ჩემს ძმასთან, მის პროფესიასთან... ყველას მზამზარეული უნდა. გამზადებული კომპანია იყო და ამის გულისთვის იბრძოდნენ. თამაზის თუ მოიშორებდნენ კომპანია ხელში ჩაუვარდებოდათ.

ვინ იყო დაინტერესებული ამ კომპანიით და ბატონი თამაზის ლიკვიდაციით? კახი ასათიანის მკვლელობაც თქვენი შვილის მკველობას დაუკავშირდა...

- ძალიან ბევრი ვერსია იყო. იყო ისეთ ადამიანზეც ეჭვი, რომელსაც ვალები ჰქონდა. მისი მამა ძალიან ახლობელი იყო, ის ამტკიცებდა, რომ ამას ჩემი შვილი არ გააკეთებდაო. იყო სხვა ვარიანტებიც, ვისაც „აირზენას“ ხელში ჩაგდება უნდოდა. ჩვენ ვერ მივედით იმ დასკვნამდე რომელს შეეძლო გაეკეთებინა ეს საქმე. ამიტომ გვინდა, რომ გამოიძიონ ეს საქმე.

მაშინ გამოძიება ირწმუნებოდა, რომ დავით ბახტაძისა და კახი ასათიანის მკვლელობა ერთი და იგივე პირის მიერ იყო შეკვეთილი. ვინ იყო შემკვეთი დღემდე უცნობია...

- კახი ერთი წლის თავზე მოკლეს. ეტყობა, ვიღაც ზეწოლას ახდენდა მათზე, რომ ეს კომპანია ხელში ჩაეგდო. ასე ვფიქრობდით მაშინ და იგივე აზრზე ვარ დღესაც. ხელი რომ არ მიუწვდა ამ კომპანიის დასაკუთრებაში, ადგა და კახიც მოკლა. ეჭვი ბევრ ვინმეზე გვაქვს.

კონკრეტულად ვისზე გაქვთ ეჭვი?

- მაშინ ითქვა, რომ ქურდული სამყარო იყო ამაში ჩართული. ანუ ამ მკვლელობის თავი და თავი იყო ქურდული სამყარო.

ითქვა, რომ ორივე მკვლელობა ტარიელ ონიანთან იყო კავშირში...

- ტარიელ ონიანი იმ პერიოდში მოდიოდა კიდეც. ეტყობა ითხოვდა რაღაცას... რომ არ მისცეს... მაშინვე ითქვა, რომ განაწყენებული წავიდა ასათიანისგან და მერე ასათიანის მკვლელობაც მოხდა.

ტარიელ ონიანიაირზენასსაკონტროლო პაკეტს ითხოვდა?

- დიახ. მე ასე ვიცი.

თქვენს ძმასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას თუ მხოლოდ კახი ასათიანთან?

- კახისთანაც მოდიოდა, თამაზისთანაც ლაპარაკობდა. მე არ ვიცი ამ საუბრის დეტალები. დათოს მკვლელობის შემდეგ 4 თვეში ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. არ ვიცი მან იცოდა თუ არა, რომ აქ ვმუშაობდი. საბურთალოზე გვქონდა ოფისი და რომ მოდიოდა დაცვა დგებოდა, ყველამ იცოდა, რომ ტარიელ ონიანი იყო მოსული სალაპარაკოდ.

თქვენი შვილის მკვლელობის შემდეგაც მოდიოდა?

- კი, მოდიოდა... მანამ კახის მოკლავდნენ მოდიოდა. კახის მკვლელობის მერე არ გამოჩენილა. მერე მისი ცოლი დადიოდა მარტო... რისთვის მოდიოდა არ ვიცი. მე ვიცი, რომ ბილეთს თხოულობდა და აძლევდნენ... დანარჩენი არ ვიცი.

რადგან თქვენმა ძმამ არ დაუთმო მისი წილი ონიანს ამიტომ დაიგეგმა ეს მკვლელობა? თქვენი ძმის ბიზმესსაქმიანობის გამო მოკლეს თქვენი შვილი?

- დიახ, ასე ვფიქრობ. კერძოდ ვინ და რატომ, როგორც გითხარით სხვა ვერსიებიც არის, მაგრამ, ძირითადად, დათოს მკვლელობა მაინც თამაზის საქმიანობას უკავშირდება. დათო ისეთი ბავშვი იყო, რომ არ შეიძლება მას მტერი ჰყოლოდა და მოეკლა.

რომ დავაზუსტოთ, ვინაიდან თქვენმა ძმამ არ დათმო წილი დათო ამის გამო მოკლეს?

- დიახ, ასეა ზუსტად.

ტარიელ ონიანის გარდა, რას იტყვით ყოფილი თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაინტერესებული იყვნენაირზენასსაკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებით...

- დიდი თანამდებობის პირებზე და მათ ნათესავებზე იყო ლაპარაკი.

იყვნენ თუ არა ესენი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრები? ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მათი დავალებით აწარმოებდა ტარიელ ონიანი მოლაპარაკებას თქვენს ძმასთან და კახი ასათიანთან...

- თითქმის ეს ვარიანტია.

ანუ, მათი დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებას?

- დიახ.

რაც შეეხება ინფორმაციას რომელიც მაშინ გავრცელდა. დაპირისპირება იყოაირზენაშიკახი ასათიანსა და თამაზ გაიაშვილს შორის, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- მე არ გამიგია, რომ კახისა და ჩემს ძმას შორის დაპირისპირება ყოფილიყო. არა, არა!

თქვენმა ძმამ მაშინ განაცხადა, რომ კახი ასათიანის მკვლელობააირზენასსაქმინაობას არ უკავშირდებაო, მაგრამ თქვენ საუბრობთ, რომ ტარიელ ონიანი ითხოვდა წილებს, რასაც ჯერ თქვენი შვილი ემსხვერპლა, შემდეგ კახი ასათიანი...

- შეიძლება სულაც არ ითხოვდა ამ წილებს. ამას ჩვენ ვვარაუდობთ. ეგ ზუსტად რომ ვიცოდე, ჩვენ თვითონ გავუსწორდებოდით მკვლელს. ჩემი მეუღლე ისე არის, რომ ამდენი წელიწედია გასული და იძახის, რომ გამაგებინა ვინაა მკვლელი, ჩემი ხელით მოვკლავო...

თქვენი ძმა ამბობდა, რომ კახი ასათიანის მკვლელობააირზენასარ უკავშირდება და კარგი იქნება თუ ამ მკვლელობის მოტივებზე კითხვას შევარდნაძესაც დაუსვამთო. პარალელურად, თენგიზ კიტოვანმა თქვა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბადრი პატარკაციშვილი კახი ასათიანს ელაპარაკააირზენასსაკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანმა თანხმობა არ მისცა და დახმარება შევარდნაძეს სთხოვა. როგორც ირკვევა საკონტროლო პაკეტი უნდოდა პატარკაციშვილს?

- ენდომებოდა პატარკაციშვილსაც, რატომ არ ენდომებოდა? -  გამზადებული კომპანია იყო და ხელში ჩაგდება უნდოდა, არაფერი საეჭვო ამაში არაა. ეს ვერსიაც იყო, მაგრამ ზუსტად პატარკაციშვილის ბრალია თუ არა, ამას ვერ გეტყვით.

შევარდნაძის დაკითხვა რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმეში?

- შევარდნაძეს რა უნდა მოჰკითხონ ახლა? თუ დაკითხვა იქნება, მისი მძახალი უნდა დაკითხონ. შევარდნაძის დაკითხვა არაფერს მოგვცემს. უნდა დაიკითხონ ისინი, ვისზეც ეჭვები არსებობს.

სააკაშვილმა 2002 წელს, როდესაც საკრებულოს წევრი იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორად შევარდნაძის ოჯახი დაასახელა. ის ადასტურებდა, რომ ასათიანს საავიაციო ბიზნესში კონფლიქტი ჰქონდა და ეს კონფლიტქი ჰქონდა თქვენს ძმასთან. თქვენ უარყოფთ კონფლიქტის არსებობს მათ შორის?

- მე არ გამიგია ასეთი რამ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა.

გამოძიება ასათიანის მკვლელობას მის ბიზნესსაქმინაობას უკავშირებდა. ასათიანმააირზენას“ აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა.

- არა, პირიქით, კომპანია აღმავლობის გზაზე მიდიოდა, ვალები ნამდვილად არ ჰქონდა, ეს ტყუილია. წილი ჰქონდა ასათიანს კომპანიაში, მაგრამ ეს არ იყო დიდი ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაიაშვილს ეკუთვნოდა.

იმედი გაქვთ, რომ 13 წლის შემდეგ თქვენი შვილის მკვლელობაზე გამოძიება მტკიცებულებას დადებს?

- როგორ გითხრათ, როცა ცხელ კვალზე შეიძლებოდა საქმის გამოძიებს, მაშინ არ გამოიძიეს ეს საქმე და თავი დაანებეს. ისეთი ადამიანები ფიგურირებენ, რომ მე მგონია ახლაც არ გამოიძიებენ... ყოველ შემთხვევაში მე იმედი არ მაქვს.

თქვენ ადასტურებთ, რომ მკვლელობა თქვენი ძმის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, ნამდვილად ასეა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი.