სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხმაურიანი დაკავების დღიდან ნათელი გახდა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველების მხრიდან იმ დროს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე ალაპარაკდა.
მამუკა ივანიაძემ განმარტა, რომ ღამის საათებში პროკურორი გიორგი დავითაშვილი მასთან შეხვედრებს მართავდა. ბრალდებულს საკანში ციხის დირექტორის მოადგილე ზურაბ მოდებაძეც ესტუმრა. გარდა ამისა, მასთან საკანში იმყოფებოდა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც ადმინისტრაციის დავალებით მუშაობდა. მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.
მამუკა ივანიაძემ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.
„ეს არი იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, ეს იყო პერიოდი, როცა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავი 14 ივნისიდან 25 ივნისამდე, რაც მთლიანად მიმართული იყო დავით კირვალიძის წინააღმდეგ. დაკავების შემდეგ ჩემზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დავწერე. ჩვენება მივეცი პროკურატურას, აღიძრა საქმე და ვნახოთ“, - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 1 კვირაში მტყუან-მართალიც გამოავლინა. მთავარი პროკურატურის გამოძიების შედეგებით, „სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება“. პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი ირწმუნება, რომ უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანაიძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგვარი კანონსაწინააღდეგო ზეგავლენის გარეშე.
„ივანიაძემ განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით, პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. დაისვა ორი ამოცანა – წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას და მეორე – დარღვეულ იქნა თუ არა საპროცესო კოდექსის წესები მისი დაკითხვისას. ორივე კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი.
უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგავრი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. მათი ნამდვილობა და უტყუარობა კი ამ ჩვენების დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა მტკიცებულების ერთობლიობით“, - განაცხადა პროკურორმა
ამასთან, მთავარმა პროკურატურამ მედიას ვიდეომასალაც წარუდგინა, რომლითაც, მათი განმარტებით, ნათლად ჩანს, რომ ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად. პროკურორი ირწმუნება, რომ ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლბაზე, არამედ მან საკუთარი ინიციატივით გამოთქვა მზადყოფნა დამნაშავე პირთა მხილებისთვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
ვიდეომასალა სასჯელაღსრულების დაწებულებაშია გადაღებული. სწორედ ეს არის ის ჩვენება, რომელიც დაკავებულმა პროკურორ დავითაშვილის ზეწოლის შედეგად მისცა. ამ ჩვენებაში ის რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობს, მათ შორის იმაზე, რომ ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და, რომ სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილი მინისტრი მას, როგორც ვირს, ისე ეპყრობოდა.
„სამივე შვილი ამომიწყდეს, გეფიცები მაგათ სისხლად ამოვადენ ყველაფერს, ჩამწერითაც ვივლი, არაფერზე არ წავალ უკან. თანამშრომლობაზე კი არა, ლამის ჩავაბარებ იურიდიულზე და თქვენი კოლეგა გავხდები... კომისიაზე რომ უნდა ვიყო კირვალიძემ ახსენა ჩემთან. ხიტრია და ისეთი უკავია რა, მე აქა ვარო და თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ნული კლასიდან მოვდიოდით ერთად, შენ ხარ მუშა, ვირი, მე ვარ მინისტრი რა. მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი და შენ ხარ ისა... თუ რაღაცას იმასშვება... ის ელეპარაკება რამდენიმე კაცს. ელაპარაკება შერვაშიძეს, რომელიც დიდი ხანია მოყვება. ელაპარაკება მრჩეველს - თავისი ბიძაშვილია იაკობაშვილი. მინისტრი რომ არაა, ეს იაკობაშვილი არის ფაქტიურად მინისტრი. ნახუცვრიშვილს პირდაპირი შეხება ჰქონდა კირვალიძესთან.
ქარჩავა ყველასთან ახლოს არის რა, მინისტრთანაც და კოტესთანაც ახლოს არის. ქაიხოსროსთანაც ახლოს არის, ყველა იმაზე... მაგ იმასთან მაგ იაკობაშვილთან კოტე კი არა მინისტრის მოადგილეებიც შედიან როგორც მინისტრი. კირვალიძის მარჯვენა ხელია. ვაჟას და დათოს აქვს... კირვალიძეს უყვარს ფეხბურთი. ისა ბარსას და რეალის თამაში რომ იყო ხოლმე, სულ იქ იჯდა ხოლმე. გადაწყვეტილებას იღებდა ხურცაიძე. თედორაძე, გოჭოშვილი და ხურცაიძე იყო ერთ იმაში რა, ერთ პოზიციაზე“, - ასეთია მამუკა ივანიაძის ჩვენება რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი რომელსაც ივანიაძემ პატიმრობისას აცილება მისცა, აცხადებს, რომ ჩვენება რომელიც პროკურატურამ გაავრცელა დაუშვებელი მტიკიცებულებაა. ბარათაშვილი კატეგორიულად ითხოვს პროკურატურისგან იმ ჩვენების გამოქვეყნებას, რომელიც მან ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თანდასწრებით მისცა პროკურატურას.
„გამოაქვეყნეს ჩვენება, რომელიც პროკურორმა დავითაშვილმა დააწერინა. აქიდან გამომდინარე ეს მტკიცებულებად არ ჩაითვლება. გამოაქვეყნონ ის ჩვენება, რომელიც მან გირაოთი განთავისუფლების შემდეგ მისცა და სადაც ის საუბრობს ზეწოლის ფორმებზე. გარდა ამისა, პროკურატურამ აჩვენოს ის ჩანაწერები რომელიც გადაღებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში, როგორ და რომელ საათზე გაჰყავთ იგი კამერიდან და როდის შემოყავთ უკან. აი ეს გამოაქვეყნოს უწყვეტად პროკურატურამ და ამის შემდეგ ისაუბროს. ხატოვანი გამოსვლებით კი ნუ საუბრობენ, ისაუბრონ მტკიცებულებებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატი ასევე კატეგორიულად უარყოფს მასა და ივანიაძის შორის არსებულ დიალოგს იმასთან დაკვშირებით, რომ ის დაკავებულის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
„ჩემთვის მსგავსი არაფერი არ უთქვია მას, რომ თითქოსდა შენ ჩემი ადვოკატი ხარ თუ კირვალიძისო, ჩვენს შორის მსგავსი არაფერი არ ყოფილა. სწორედ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიაძემ ჩვენება მისცა პროკურორის ზეწოლის შედეგად“, - აცხადება სოსო ბარათაშვილი.
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით პროკურატურაში დასმული კითხვები ეხებოდა მამუკა ივანიაძის მიერ გაჟღერებულ ფაქტებს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როცა აიძულეს, რომ ყალბი ჩვენება მიეცა. მათ შორის მამუკა ივანიაძემ ახსენა, რომ კითხვები ზეწოლის დროს იყო დავით კირვალიძესთან დაკავშირებითაც.
„იგი ამტკიცებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცა ჩვენება და რომ იმეორებდა იმას, რასაც კარნახობდა პროკურორი დავითაშვილი. ორჯერ ვიყავით მოწმის სახით დაკითხვაზე, მან აშკარად და ღიად განაცხადა, რომ მისი ეს ჩვენება მიცემული იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად. როდესაც პროკურატურა ერთ ჩვენებას აქვეყნებს, კეთილი ინებოს და მეორე ჩვენებაც გამოაქვეყნოს, სადაც ივანიაძე დეტალურად ხსნის იმ მოტივებს რატომ მისცა ის ჩვენება, რომლითაც დღეს პროკურატურა აპელირებს.
გამოაქვეყნონ ორივე ჩვენება. საზოგადოებას, პროკურატურის „დახმარების“ გარეშე მიეცეს საშუალება თვითონ გამოიტანოს დასკვნა რომელია სწორი და რომელი არა. როდესაც ცალმხრივად დამონტაჟებულს და ისიც ფარულად გადაღებულ საუბარს აქვეყნებ, ეს არის თავის გამართლების მცდელობა“, - განაცხადა for.ge-სთა საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.
ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაკავებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურის ბრალდება დაუსაბუთებელია. ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რა კანოდარღვევებია ამ სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩენილი.
„2013 წლის 1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენი დაკვირვებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველების მხრიდან იმ დროს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
საქმე ეხება შპს „მექანიზატორისთვის“ ტრაქტორების შეძენის ფაქტს. კომპანიის 100% წილის მესაკუთრეა არასამეწარმეო იურიდიული პირი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“. შპს „მექანიზატორი“ 2009 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, აღნიშნული ტექნიკით ფერმერების მომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და სხვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა, რომ ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ უნდა შეემუშავებინა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი.
ამ მიზნის განხორციელებისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნომენკლატურის და სპეციფიკაციის დამდგენი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში სამუშაო ჯგუფი). სამუშაო ჯგუფმა 2012 წლის დეკემბერში დაადგინა შესაძენი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კრიტერიუმები. 2012 წლის 24 დეკემბერსა და 2013 წლის იანვარს ორი განკარგულებით საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა შესაბამისი ტექნიკის შეძენა. შედეგად შეიქმნა ტექნიკის შესყიდვის კომისია (შემდგომში კომისია)“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კომისია 2012 წლის დეკემბრიდან შეუდგა მუშაობას. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კომისიამ გამოაცხადა ტენდერი და მიიღო გადაწყვეტილება ტრაქტორების შეძენის შესახებ. შედეგად შეირჩა ორი ევროპული (CLAAS & ZETOR) და ერთი ამერიკული (NEW HOLLAND) კომპანია. სწორედ ამ ტენდერის სამართლიანობას და მიზანშეწონილობას განიხილავდა ბრალდება.
საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და დაკავებულ პირებს ბრალი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებაში ედებათ.
„ბრალდებით ვერ დასტურდება ტექნიკური სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრების უკანონო ინტერესები, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის აუცილებელია. ასევე, დაუსაბუთებელია ბრალდების ვარაუდი, რომ საქართველოში მიწის დამუშავებისთვის საკმარისი იქნებოდა კომისიის მიერ დადგენილზე დაბალი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორების შეძენა. გარდა ამისა, მცდარია ბრალდების მიერ ზიანის დათვლა.
ამ შემთხვევაში, დაუდგენელია, რა მეთოდებით გამოითვალა ბრალდებამ სახელმწიფოსთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ოდენობა. მით უმეტეს, ბრალდების მთავარი მოწმე ზეწოლაზე მიუთითებს, არ ეთანხმება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და აცხადებს, რომ ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის ზეწოლის შედეგად მისცა.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაცვის მხარის იურისტებმა განუცხადეს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა (რომელიც ტრაქტორების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას აფასებდა) მთელ რიგ უზუსტობებს შეიცავდა და ექსპერტიზის ჩატარებისთვის კანონით დადგენილ წესებს არ შეესაბამებოდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.