ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჯანმრთელობისთვის უვნებელი არ არის და ჟანგბადთან ერთად მავნე ნივთიერებებსაც ვითვისებთ. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი საქართველოს დიდ ქალაქებში დააკვირდა ჰაერის დაბინძურების დონეს და აღმოჩნდა, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშვები რაოდენობა ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. ხოლო თბილისში კი მტვრის კონცენტრაცია ნორმას 3,3-ჯერ აღემატება.
თბილისში დაბინძურების მთავარი წყაროებია ტრანსპორტი, მშენებლობა და მცირე საწარმოები. ცენტრალურ უბანში სარეკრიაციო ზონებიც არ გამოირჩევა ჰაერის სისუფთავით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დედაქალაქში ქვეყნის მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების ერთ მესამედზე მეტია თავმოყრილი. საქართველო რომ მეორადი ავტომობილების ქვეყანაა და ავტოპარკიც ხანდაზმულია, ეს აისახება ჰაერის დაბინძურებაზე, სადაც ავტომოტრანსპორტის წილი 71 %-ს შეადგენს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რომლებიც ახალ მანქანებს ვერ იძენენ.
მრგვალი ბაღი ინტენსიური საავტომობილო მოძრაობისა და საცობების გამო დასვენების საუკეთესო ადგილი არ არის. დედაქალაქის ჰაერი გადაჭარბებული რაოდენობით შეიცავს მტვერს, ნახშიროჟანგს, გოგირდსა და აზოტის დიოქსიდს, რაც ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კერძოდ, ამ მხრივაც დამაფიქრებელია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა ალერგიები, ქრონიკული თუ რესპირატორული დავადებები.
ამ მხრივ თბილისისთვის სანიმუშოა ვაშლიჯვრის ჰაერი. ამიტომაც სწორედ ამ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური აშენდა უკანასკნელი ტექნოლოგიებით. ვაშლიჯვრის მონაცემებს სპეციალისტები თბილისის ყველაზე დატვირთული პროსპექტების მაჩვენებელს ყოველდღიურ რეჟიმში უდარებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამი სტაციონარული ჯიხურია განთავსებული წერეთლის, მოსკოვის გამზირებზე და აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირთა გადაკვეთის ადგილას. ამ მონიტორინგის სადგურებზე იზომება ის კომპონენტები, რითაც ჰაერია გაჯერებული, რადგან, ძირითადად, ავტონტრანსპორტის გამონაბოლქვით ბინძურდება ქალაქი.
„აღნიშნულ მონაცემებს შემდგომში ვუდარებთ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ გარემოს ხარისხობრივ ნორმატივებს. ამ ეტაპზე არ გვაქვს საშუალება, მოგახსენოთ უბნების მიხედვით, თუ სად არის უკეთესი ჰაერი, მაგრამ მომავალში ამასაც ვგეგმავთ. მეტეოროლოგიურ პარამეტრებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რადგან გააჩნია, როგორი ამინდია - ქარიანი, წვიმიანი და ა.შ. შესაბამისად, ჰაერის სხვადასხვა კონცენტრაციას ვაფიქსირებთ. ქარიანი ამინდის დროს, პირიქით, ჰაერის განიავება ხდება და დაბინძურება ნაკლებია. ეს ცოცხალი ბუნებაა. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, დიდ ცვლილებას ვერ ვხედავთ. წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ერთი დონე ფიქსირდება და, სამწუხაროდ, გადაჭარბებულ დონეზე სტაბილურად ვრჩებით“, - აცხადებს მარინე არაბიძე.
როგორც გავარკვიეთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებას. მართალია, ეს პროექტი 2013-16 წლებისთვისაა გაწერილი, მაგრამ აქ არის რეკომენდაციები ყველა უწყების მიმართ, არა მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კუთხით. სამომავლოდ სახელმწოფო დონეზე გაკონტროლდება ავტომანქანების ასაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მოძველებულია, ასევე, საწვავის ხარისხიანობა, რაც ჩვენში ევროპის მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება.
თუ აქამდე ტექდათვალიერება მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო აღარ იყო, მოსალოდნელია, რომ ეს წესიც შეიცვალოს. განბაჟების წესმა კი უნდა წაახალისოს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შემოყვანა.
საქართველოში 20 წელზე მეტი ხნოვანების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. იგეგმება, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.
გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, ასევე, დაგეგმილია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ტრამვაის ხაზის მშენებლობა, ასევე, თბილისში საბაგირო გზების მშენებლობა. გარდა ამისა, გადატვირთულ უბნებში მცხოვრები, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაკვირვების ქვეშ იქნება.
სიახლე ელით ავტომანქანის მართვის შესწავლის მსურველებსაც. საგამოცდო ბილეთებში დამატებით ავტომობილების ეკო-მართვის წესების შესახებ საკითხები იქნება შეტანილი.