დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის დასრულება, მიმდინარე წლის ნოემბერში, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე.
„დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხების ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება, ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა, ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ შეთანხმებით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურებების ექსპორტი ევროკავშირში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არამარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისათვის. ეს შეთანხმება ასევე მნიშნველოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის.
„მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარეობდა ჩვიდმეტი თვის განმავლობაში - გაიმართა ექვსი რაუნდი თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა“, - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ალექსანდრე თვალჭრელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენს წევრობას ვერ ვიყენებდით, რადგანაც ევროკავშირთან ეს ხელშეკრულება არ გვქონდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქცია გავა ევროპულ ბაზარზე. ამას აქვს როგორც პოლიტიკური მნიშვნელობა (ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე გაიცნობენ), ასევე ქართული პროდუქციის ხარისხის ამაღლების კუთხითაც. კერძოდ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის აკრძალვამ ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება გამოიწვია“, - ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
მისი თქმით, ამ შეთანხმებას პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ასევე აქვს გეოპოლიტიკური ეფექტიც, რადგან ევროპაში ეცოდინებათ, რა არის საქართველო და ამასთანავე, ქართული პროდუქციის ხარისხიც ამაღლდება. ექსპერტი კომენტარს აკეთებს ასევე გავრცელებულ მოსაზრებაზე, თითქოს, ევროპაში საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს. თვალჭრელიძის თქმით, ევროკომისრების მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, კრიტიკა კი მხოლოდ ევროპარლამენტარებისგან, და ისიც მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან იყო, თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკაც შეწყდება.
„ამგვარი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას განიხილავენ, როგორც ევროპის ნაწილს. მაგალითად, ასეთი ხელშეკრულება თურქეთს არ აქვს“, - აღნიშნავს თვალჭრელიძე.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მისცემს შესაძლებლობას ქართველ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ევროკავშირს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 45 ქვეყანასთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლდოვასა და სომხეთთან. უკრაინასთან შეთანხმება უკვე ინიცირებულია.
საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა კი ასეთია - ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 27% უკავია და საშუალოდ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ყოველწლიური ექსპორტი 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და საქართველოს მთლიანი ექსპორტის 15-16% უკავია. საშუალოდ ყოველწლიურად იმპორტი 2.4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მთლიანი იმპორტის 29-31% უკავია.
ძირითად ექსპორტს შეადგენს სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია: თხილი და კაკალი, ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, უალკოჰოლო სასმელები, ცხოველური ტყავები და ა.შ. ასევე სამრეწველო პროდუქცია: მინერალური სასუქები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები; შავი ლითონის და სპილენძის ჯართი და ნარჩენები; მანგანუმის ოქსიდები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2008-2012 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელდა 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ამ პერიოდში განხორციელებული მთლიანი ინვესტიციების 38% შეადგენს.