ნელი ნავერიანი: „ქალების დაჭერას სვანეთი არავის პატიობს“

ნელი ნავერიანი: „ქალების დაჭერას სვანეთი არავის პატიობს“

მესტიის სპეცოპერაციის გამო შესაძლოა, თენგიზ გუნავას ბრალი დაუმძიმდეს. მესტიის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა ციხეში რა ბრალდებით ზის, რადგან მას მესტიაში 2010 წლის მაისსა და ივლისში განხორციელებული  სპეცოპერაციები მძიმე ტვირთად დააწვება.

როგორც ნელი ნავერიანი იხსენებს, 2010 წლის 3 მაისს გუნავამ, მხარის მაშინდელ რწმუნებულ ზაზა გოროზიასა და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად, მესტიის გამგეობაში ოპოზიციური პარტია „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატები ძალის გამოყენებით მიიყვანა და ზეწოლის შედეგად სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინა ხელი, რომლის მიხედვითაც, ისინი კანდიდატობაზე უარს ამბობდნენ. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ მათ ღიად აღარ დევნიდნენ, თუმცა იმავე წლის 7 ივლისს მომდევნო სპეცოპერაცია დაიგეგმა ისევ გუნავას ხელმძღვანელობით.

For.ge მესტიის გამგებლის მოადგილეს ნელი ნავერიანს ესაუბრა.

- მესტიაში სპეცოპერაცია ორჯერ ჩატარდა. ერთი იყო წინასაარჩევნოდ, 2010 წლის 3 მაისს, რაც ვიდეოთიც არის გადაღებული, სადაც გუნავას მუქარა და ზეწოლაა დაფიქსირებული და ეს იცის თვითონაც. მოსამართლე არ ვარ, მაგრამ, ალბათ, ამას საარჩევნო სუბიექტებზე ძალადობის, ზეწოლისა და შანტაჟის კვალიფიკაცია მიეცემა წინასაარჩევნო პერიოდში. სისხლის სამართლის მიხედვით, ეს დასჯადია. მეორე სპეცოპერცია უკვე არჩევნების შემდეგ განხორციელდა. ეს იყო ჩვენი დაპატიმრების სპეცოპერაცია, რასაც ისევ გუნავა ხელმძღვანელობდა, იქ იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, თავის მოადგილესთან კოხტა კოდუასთან ერთად. სხვათა შორის, კოხტა კოდუა მოწმედ იყო გამოყვანილი ჩვენს სასამართლო პროცესზე და ერთადერთი მოწმე იყო. მეორე სპეცოპერაციის დროს ძალადობის თვითმხილველი უამრავი მოწმე არსებობს და არსებობს ქალბატონი,  მზიური ჯაფარიძე, რომელსაც თავში ე.წ. დუბინკა ანუ ხელკეტი ჩაარტყა. იმ დღეს დიდი ამბავი ატყდა მესტიაში და როდესაც ედავებოდნენ ჩვენი ოჯახის ახლობლები, ნათესავები, ზოგადად, ხალხი, მან ხელი დაადო სხვას, სამ პიროვნებას, ჩვენივე კუთხის წარმომადგენელს - მაშინდელ მაჟორიტარ დეპუტატს, გუბერნატორის მოადგილეს და იმდროინდელ გამგებელს.

თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ დავალებას ასრულებდა.

- ალბათ, ამას გაარკვევს სასამართლო და ისევ თვითონ ისაუბრებს ამის შესახებ. თუ ორივეჯერ ბრძანებას ასრულებდა, გამოდის, უკანონო ბრძანების შემსრულებელი არ უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ?! სპეცოპერაციის დროს წინააღმდეგობა ვინც გასწია, ხელის შეშლის მუხლით 7-8 პიროვნების დაკავებას აპირებდნენ. საუბარია ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. ვინც ეს ბრძანება არ შეასრულა, მაშინდელი პოლიციის უფროსის მოადგილე - გუგუსიანი გადადგა.

თქვენი ლოგიკით, გუნავასაც შეეძლო გადამდგარიყო და აეცილებინა  სპეცოპერაციებში მონაწილეობა?

- ბუნებრივია, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამას გააკეთებდა, რადგან პირველი სპეცოპერაციის დროს ისეთ ენთუზიაზმს იჩენდა, ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ასევე, იქ იმყოფებოდნენ კახა ჟორჟოლიანი, ალექსანდრე ხერგიანი. ჩვენს გუნდს ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს ნაწვნევი, თუ რა ენთუზიაზმითა და ხალისით ასრულებდა ამ ყველაფერს. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ არსებობს ბრძანება, რომელსაც ასრულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს შესაშური ენთუზიაზმით აკეთებენ. შესაძლოა, ეს მორალის საქმეა, მაგრამ რა დონეზე იქნება აქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს სასამართლოს დასადგენია, მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ.

პირველ შემთხვევაში, ვიდეოკადრშიც ისმის ტექსტი, მანქანის გადაყენებას გვიბრძანებს. არადა, მანქანა მხოლოდ იმიტომ დავაყენეთ იქ, რომ ფარების შუქზე დაგვეფიქსირებინა, რასაც მოიმოქმედებდა, თორემ, ჩაბნელებული იყო იქაურობა. ის მიხვდა ამას და პირდაპირ იყო მუქარა მისი მხრიდან სამხარეო ადმინისტრაციაში ხალხის ჩაყვანის თაობაზე, რა ვაჟკაცებიც იქნებიან, იქ გამოჩნდებაო. ასე დაემუქრა ნოდარ ნაკანს, კახა ჟორჟოლიანს. ეს წინასაარჩევნო სპეცოპერაცია იყო, მუქარა, შანტაჟი და დაშინება პარტიული სიების დაშლის მიზნით, რომ მონაწილეებს, ვინც იყო ამ 15-კაციან სიაში, უარი ეთქვა ამ სიებზე. ორი პარტიული სია იყო ოპოზიციური სპექტრიდან და, ბუნებრივია, თუ ათს ჩამოსცდებოდა ეს შემადგენლობა, მოიხსნებოდა საარჩევნო პროცესიდან და მონაწილეობას ვერ მიიღებდა არჩევნებში ოპოზიციური მხარე. ამიტომ ამოვიდნენ ღამის 11 საათზე მანქანებით, შეიარაღებულები. აწყობდათ, ასეთი პროცესები განეხორციელებინათ სრულ სიბნელეში. თუმცა ამ ფაქტს ვიდეოკამერით იღებდნენ სკოლის მოსწავლე გოგონები, არაპროფესიონალები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ და შემთხვევით გადაიღეს ეს ყველაფერი. 

რაც შეეხება მეორე სპეცოპერაციას, თქვენ სახლიდან ძალით გამოგიყვანეს, თანხის გამოძალვის ბრალდებით დაგაკავეს და ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერტმფრენით ჩაგიყვანეს, რადგან მესტიელებმა სამანქანო გზა გადაკეტეს. ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული - მზევინარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის ხელი არავის უხლია, მაგრამ მოწმის სახით გამოიძახეს და შემდეგ დაიჭირეს. კონკრეტულად რაში იკვეთება გუნავას ბრალი?

- სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა გუნავა, მონაწილეობდა მთლიანად სამხარეო პოლიციაც, ადგილობრივებიც და პროკურატურაც. სპეცრაზმელებს რაც შეეხება, ჩვენთან იყო პოლიციის უფროსის მოადგილე ჯონი ბელქანია, პროკურორი ტერენტი კოკაია და ნიღბიანი სპეცრაზმელები. ისინი სახლში შემომივარდნენ და გამიყვანეს. როდესაც ხალხმა დაიწყო შეგროვება, გზების გადაკეტვა (როგორც მოგვიანებით გადმომცეს, სოფლებიდანაც მოდიოდნენ), პოლიციის შენობის უკანა კარიდან ჩუმად გამიყვანეს. პოლიციის წინააღმდეგ ხალხი ისე იყო აღელვებული და იმდენად ცუდი რეზონანსი მოჰყვა ჩემს დაკავებას, რომ ჩუმად გამაპარეს და სამხედრო აეროპორტის მანქანაში ჩამსვეს. ვუყურებდი, სანამ სპეციალური დამატებითი ძალები არ გამოიძახეს.

სხვათა შორის, ეს სპეცნაზი იყო კოჯრის ბატალიონი, რომელიც მესტიის ცენტრში არ გამოსულა. უბრალოდ, დამატებითი ძალები ჰყავდათ რეზერვში ჩასაფრებული და გამოიყენებდნენ იმის მიხედვით, თუ რა დონეზე წავიდოდა წინააღმდეგობა. თუკი სამხარეო ადმინისტრაცია, გუნავას ხელმძღვანელობით, დაძლევდა ამ წინააღმდეგობას, მაშინ, ბუნებრივია, კოჯრის ბატალიონს აღარ ჩართავდნენ. ის ბატალიონი, ორი ვერტმფრენით, სრული ეკიპირებით დარჩა სამხედრო აეროპორტზე და მე ვერტმფრენით გადამიყვანეს პირდაპირ სამხარეო ადმინისტრაციაში, ეზოში დასვეს ვერტმფრენი.  

ყოფილი ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებდა, თითქოს კანადელ ინვესტორს - უილიამ ჯეიმს სიმფსონს ტურისტული ბაზის ინტერესი ჰქონდა დაბა მესტიაში და თქვენ სახელმწიფოსგან მისთვის მიყიდული მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვდით ნათესავებთან ერთად. ჩვენ გვახსოვს აფრასიძეების, კვიციანების, გირგვლიანის საქმეები. სვანების მიმართ ყოფილი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ დაუმორჩილებელი კუთხის გატეხვა სურდა?

- სვანების გატეხვა მათ ინტერესში ნამდვილად შედიოდა, რაც შემდგომ უკეთესად გაირკვა. თავიდან მეგონა, ერთადერთი მიზანი იყო ჩემი პოლიტიკური განეიტრალება და პოლიტიკური პროცესებიდან მოშორება, რადგან ვერაფერი მომიხერხეს. სხვათა შორის, იმეორებდნენ მერაბიშვილის ტექსტს_რა გახდა ასეთი სვანეთი, რა გახდა ყოველ არჩევნებზე ეს მესტია?! ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიქტორ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მართალია, ძალიან ბევრნი არ ვიყავით, მაგრამ პრინციპულები გახლდით და ასე ვართ დღემდე. ყველა არჩევნებზე, როდესაც არსად ჰქონდათ ნაციონალებს პრობლემა, მესტიაში ჰქონდათ პრობლემა. ჩვენ არ ვიბრძოდით კულისებიდან, ჩვენ ვიბრძოდოთ ღიად. ამიტომ თავიდან მოდიოდა გაფრთხილებები, ირიბად თუ პირდაპირ, კეთილის მსურველებს გვიგზავნიდნენ სათითაოდ. რას არ გაიღებდნენ, რომ მოსყიდვით ან გადაბირებით, მესტიაში არ ყოფილიყო პოლიტიკური ოპოზიცია. თავდაპირველად არ იყო შანტაჟი და სულ სხვა გზებით ცდილობდნენ ამის მიღწევას. 

რაც შეეხება .. კანადელი ინვესტორის საქმეს და 70 ათას ლარს, რომლის გამოძალვასაც გაბრალებდნენ?

- კანადელი ინვესტორი ბუნებაში არ არსებობდა. ფაქტობრივად, ეს იყო ადეიშვილის ინტერესი. ადეიშვილმა იყიდა ეს მიწა. რაც შეეხება სასტუმროს გარემონტებას, მობრძანდით მესტიაში და კარგი იქნება, თუ დააფიქსირებთ იმ ნანგრევებს, უარესი მდგომარეობა იქნება, ვიდრე იყო. ეს არის ნანგრევი ტურისტული ბაზა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა დაინგრეს და იქ სხვა რაღაც უნდა აშენდეს. ვსვამ კითხვას, თუ ეს კანადელმა ინვესტორმა იყიდა, რომელიც სინამდვილეში, სანტექნიკოსად მუშაობდა რომელიღაც ფირმაში და, რომელსაც ლობირებდა მერაბიშვილი, ადეიშვილი თუ ორივე ერთად (ყოველ შემთხვევაში, ძალიან მაგარი ე.წ. „კრიშა“ ჰყავდა ამ ქართულ-ამერიკულ კომპანიას), მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი კანადელი ინვესტორის იყო, ჩვენი დაჭერის შემდეგ მისი, როგორც უცხოეთის მოქალაქის, ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა როგორღა გახსნეს? ორი-სამი თვეა, რაც იქ უკვე აღარ არის სამხედრო ბაზა. მეტიც, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სააარჩევნო უბანი როგორ მოაწყეს, რომელიც შემდეგ გააუქმა ცესკომ? ეს პროცესები რამდენად სამართლიანია, თუკი ეს ნამდვილად ასე იყო? 

სვანებს საკუთარი კუთხის დაცვის სურვილი მომეტებულად აქვთ, რაც გასაკვირი არაა. იქნებ, მართლაც არ გსურდათ კანადელის  შეშვება იმ ტერიტორიაზე? თქვენ ხომ თავიდან ასე იცოდით, რომ კანადელს სურდა ეს ტერტორია?

- სინამდვილეში, სვანეთში ახლა მეტ-ნაკლებად წინ წავიდა ეს პროცესი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ის მიწა მართლაც ჩემი მეუღლის, ჯაფარიძეების ოჯახის მამაპაპისეული საკუთრება გახლდათ. საამისო დოკუმენტაციაც არსებობს. ეს დოკუმენტი არ არის თანამედროვე, არამედ ძველია. დიდ პაპას ხუთი შვილი ჰყავდა და შვილს გადასცა ეს მამული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რაც მიწების დაბრუნების პროცესი დაიწყო. სრულიად უპრობლემოდ იბრუნებდა ხალხი მიწას სვანეთში. აბსოლუტურად ყველას ახსოვდა საკუთარი მიწის საზღვარ-სამანი. ამდენად, ეს სვანებს შიგნით პრობლემური არ ყოფილა. ჩემს მეუღლეს ჰყავდა ოთხი ძმა. მზევინარ ჯაფარიძე კი გარე ბიძაშვილია ამ ოჯახის, ანუ მთლიანად ექვსი ოჯახის იყო ეს მიწა. პრობლემა ის არის, რომ მის გაფორმებაში ხელი შეგვიშალეს. რეალურად კი ვფლობდით, მაგრამ იურიდიულად ვერ ვიფორმებდით, რადგან სწორედ ზემოდან იყო ბრძანება, რომ გაფორმების საშუალება არ მოეცათ. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს ადგილი მათთვის შესაშური ყოფილა. ამდენად, როცა კითხვა ისმოდა, რატომ არ დაისაკუთრეთ თანამედროვე წესით ეს მიწები, პასუხი ერთი იყო, იმიტომ, რომ ბრძანება იყო, არ მოეცათ საარქივო ცნობა და არ დაგვეკანონებინა მამა-პაპის მამული. თუმცა დე-ფაქტო მფლობელობაში გვქონდა 18 წლის განმავლობაში. ჩვენი ოჯახი ამ მიწას ამუშავებდა, თიბავდა და ისტორიული მეპატრონეც იყო.

პროკურატურაში თუ შეიტანეთ სარჩელი?

- იუსტიციის სამინისტროში მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ველოდებით. ამ საკითხზე ქალბატონ წულუკიანთან გვქონდა შეხვედრა დაზარალებულებს, ყოფილ პოლიტპატიმრებს და ასეთნაირად გადავწყვიტეთ, პროკურატურაში და იმ სასამართლოში, დღეს რომ სამეგრელოშია, სადაც იგივე ხალხია, იგივე პროკურორები და იგივე მოსამართლეები, აზრი არ აქვს რაიმეს შეტანას. ჩვენი საქმე როცა შებრუნდება ახალი გარემოებებით, ისევ იმავე სასამართლომ უნდა განიხილოს?! ამიტომ მათ უნდობლობას ვუცხადებთ და სექტემბრისთვის ველოდებით კომისიის შექმნას. ამისთვის ორი გზა არსებობს: ახალი გარემოებით საქმის ხელახლა აღძრვა და ამ კომისიიას მოლოდინი.

რაც შეეხება 70 ათას ლარს?

- პროვოკატორი მოგვიგზავნეს - დავით ქუხილავა, რომელიც შევიდა ჩემი მაზლის ოჯახში, დაიბარა ოჯახის მთელი შემადგენლობა, ვინც კი ამ მიწის მეწილე იყო. მე მგონი, საერთოდ არ უნახავს ეს ადგილი და იქ არც ასულა. ამ საკითხებში დათო ქურხილავას ძალიან ხშირად იყენებდნენ, ჩვენი დაპატიმრების შემდეგ მსგავსი პროვოკაციით ხობის ყოფილი გამგებელი იგორ ტყებუჩავაც დააპატიმრეს და ერთი წელი გლდანის ციხეში იჯდა. ასე რომ, თვითონ ნაციონალებისგან წამოვიდა შემოთავაზება და მათგან გავიგეთ კანადელი ინვესტორის შესახებ. სადმე თუ გაგიგიათ თანხის გამოძალვა, როცა ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, არც ვიცნობდით და არაფერი ვიცოდით მის შესახებ, ამ დროს მოდიან ოჯახში და შეკრებილებს თვითონვე გვთავაზობენ კომპენსაციას. ეს სვანეთში ბუნებრივი პროცესია, ამიტომაც დაიჯერეს ასე მარტივად. არაფერი დამალული არ ყოფილა, მთელი მესტია ჩვენს ოჯახს ულოცავდა, რომ თქვენი მიწის მყიდველებიც გამოჩნდნენ, სამართლიანობა აღდგება და თქვენც მიიღებთ კომპენსაციას, რადგან არ გაგიფორმეს მიწა და ჩუმად გაყიდესო. ასეთი გამოძალვა ვინმეს სმენია? მით უფრო, ოჯახის ყველა წევრმა პირველსავე შეხვედრაზე არ მოითხოვა ფული, სამაგიეროდ, მოითხოვეს მიწის ყიდვა სადმე, რადგან ჩვენ მეტი მიწა არ გვაქვს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

ამდენად, მათ ინტერესში ფულის გადაცემის დაფიქსირება შედიოდა?

- დიახ, მათ აინტერესებდათ მახის დაგება მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ფული ყოფილიყო. მაზლის შვილები მიიყვანეს კომპენსაციის გადასაცემად და მე სახლში შემომივარდნენ, რადგან ვერ მიაღწიეს იმას, რომ კომპენსაციის ასაღებად გავსულიყავი ან მეაქტიურა. მე ვემზადებოდი საკრებულოს სხდომისთვის. რაც შეეხება მზევინარ ჯაფარიძეს, კარგად რომ დამალულიყო ეს საქმე და არ ყოფილიყო პროტესტი ან მინიშნება, თუ მიწის ყველა მეპატრონეზე რატომ თანაბრად არ განაწილდა პასუხისმგებლობა, მოწმედ დაიბარეს და დააკავეს.

მინდა გამოვკვეთო, ამ სპეცოპერაციას ჰქონდა ორი მიზანი - ერთი, ჩემი პოლიტიკური განეიტრალება და ჩვენი გუნდის დაშლა, რადგან ქალის ციხეში ჩასმა როგორც აღიქმება ყველასთვის, ეს გასაგებია. მეორე, ეს იყო შორს მიმავალი გეგმები, რაც დასაწყისში თქვენც იკითხეთ - სვანეთი სათავისოდ უნდოდათ, დასასვენებლად, ათასნაირი გართობისთვის. დაგეგმილი იყო, რომ აქ ადგილობრივი სვანების ადგილი აღარსად რჩებოდა, მიწებთან დაკავშირებით მერეც შეექმნებოდათ პრობლემები. ეს პროცესი სხვისთვის იყო დასანახი, რომ, ნახეთ, წინააღმდეგობას რა მოჰყვება! სწორედ ამ ტექსტებით აშინებდნენ სხვებს, რაც მოუვიდათ ჯაფარიძეს და ნავერიანს, ის მოგივათ თქვენცო.

ამით აიხსნება, რომ დაშინებული ხალხი სვანეთშიც კარგად ხვდებოდა სააკაშვილს, თუ ისინი სამეგრელოდან იყვნენ ამოყვანილნი? ამასთან, თენგიზ გუნავას გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო იმ პერიოდში, ხომ არ ნიშნავდა, რომ მეგრელებთანაც დაპირისპირებაში შესულიყავით?

- წინასაარჩევნო გამოსვლებშიც ვამბობდით, თენგიზ გუნავას და ზაზა გოროზიას ვეძახდით მეგრულ-სვანურ ბანდას. ერთი ნაძირალა ოჯახშიც გამოერევა, ამ ბანდაში იყვნენ სამეგრელოდანაც და იყვნენ ადგილობრივებიც. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კუთხის შვილია. სამეგრელოში უბრალო მოსახლეობა იმაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავდათ, ვიდრე სვანეთში. ის ხალხი, ვინც სააკაშვილს მესტიაში ხვდებოდა, მათივე ნათქვამიდან ვიცი, რომ სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით აჰყავდათ, გუბერნატორის მხრიდან წინასწარ მთელი სამეგრელოს მობილიზაცია ხდებოდა. მე და მზევინარ ჯაფარიძე საკანში ვუყურებდით გზის გახსნის სცენებს სვანეთში. მოგვიანებით უკვე რუსთავის ციხეში ვიყავით და გვეცინებოდა, იმ კადრებში დავთვალეთ მხოლოდ ექვსი ადგილობრივი მაცხოვრებელი, მაშინ, როცა გადაჭედილი იყო მესტიის მთელი ცენტრი. ბოლო გაკვეთილებიდან ხსნიდნენ მოსწავლეებს, დანარჩენები კი სამეგრელოდან ამოყვანილი მუშები იყვნენ. მათ სპეციალური ფორმები ეცვათ, რომლის გამოცვლასაც დიდი დრო არ სჭირდებოდა. ის კადრები დღესაც შეიძლება ამოვიღოთ და ვნახოთ. სხვათა შორის, სააკაშვილმაც დააფიქსირა გზის გახსნისას, რატომ არის მესტიელების მხრიდან ასეთი ნეიტრალური განწყობა, როცა ასეთი კარგი საქმე გაკეთდაო?! ეს იმიტომ, რომ ქალების დაჭერას სვანეთი ასე მარტივად არავის პატიობს.

ციხეში როგორ პირობებში იმყოფებოდით?

- ის კადრები, რაც ვნახეთ და, რასაც ბიჭებს უკეთებდნენ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქალებსაც ცემა-ტყეპით უმასპინძლდებოდნენ, ასეთი რამ არ მინახავს. ზუგდიდის ციხეში გავატარე ათი თვე. თუნდაც ერთხელ არასამთავრობოები ან ჟურნალისტები თუკი იქ  შეიხედავენ, დაინახავენ იმ ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. თუ არ ვცდები, უკვე დაიხურა ის ციხე, თუმცა ის იყო 120 წლის წინანდელი ამორტიზებული შენობა, ნაირ-ნაირი ჯიშის ტარაკნებით და თაგვებით, ბიჭებისთვის იქ აუტანელი სისასტიკე იყო, მე იქ ოჯახის წევრები მეგულებოდა, ჩემი ოჯახის სამი წევრი იყო იქ და კარს მიღმა ისმოდა ეს საშინელებები. არ არის აუცილებელი, ქალებს კეტები ურტყან ციხეში, რომ ამას ზეწოლა და შანტაჟი დაერქვას. არსებობს სხვადასხვა ფორმის ძალადობა, დაწყებული 24-საათიანი გაბდღვრიალებული შუქით, დღე და ღამე რომ მოსვენებას გიკარგავს და არ შეიძლებოდა, რამე მიგეფარებინა ნათურისთვის. შეწუხებული იყო ხალხი. ამდენი ისაუბრეს გლდანისა და ორთაჭალის ციხეებზე, მაგრამ ვერცერთი ვერ მივა ზუგდიდის ციხესთან თავისი საშინელი პირობებით. ეს იყო ჯოჯოხეთი.