აღმოჩენილია 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილი

აღმოჩენილია 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. ამის შესახებ ბაქრაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია იმ კომისიის ზოგიერთი წევრისაგან მიიღო, რომელთაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდათ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აღნიშნული ჩანაწერების შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა.

„როდესაც ქვეყნის მეორე პირს გწერენ, ეს ძალიან ცუდია. მე როგორც გადმოცემით ვიცი, მათ შორის ჩემი ჩანაწერებიც არსებობს. სიტუაციას სრულიადაც არ ამარტივებს, როცა ქვეყნის მეორე პირს უკანონოდ გწერენ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერებიც არსებობს არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცეები არის. ეს ინფორმაცია კომისიის ზოგიერთი წევრისგან მომივიდა, ვისაც ჰქონდა შეხება ამ ფირებთან.

ამ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ მე ეს არ ვიცოდი (მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვიცოდი), საკმარისი არ არის და როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას დავმდგარიყავი თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატად, ძალიან დიდხანს ვიფიქრე. ზუსტად ამიტომ ვიფიქრე, რომ ვიღაცის მხრიდან, ზურა ჯაფარიძის მხრიდან შეიძლება საკმარისია იმის თქმა, რომ არ იცოდა, იმიტომ, რომ ის არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე.

თუ მე ვიქენი ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჩემი ამოცანა იქნება, ეს თემა დაიხუროს იმით, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ამასთან შეხება ჰქონდა, დაისაჯოს და შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს, ესეთი დახურული სისტემების არსებობას მომავალში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამალავებში აღმოჩენილი ფარული ვიდეო და აუდიო ფაილების საერთო რაოდენობა დაასახელა. მისი თქმით, სამალავებში 8 კასრის გარდა კიდევ 4 კასრია აღმოჩენილი და საერთო ჯამი, 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია. მისივე თქმით, მასალებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საქმიანობის ამსახველი ჩანაწერები.

„სამალავებში აღმოჩენილ მასალაზე დაიწყო გამოძიება. აღმოჩენილია ადამიანების წამების ძალიან მძიმე ვიდეოკადრები. იმ დამატებით 8 კასრთან ერთად, კიდევ, 4 კასრი ამოვიღეთ, რომლებშიც მოთავსებული იყო 405 დისკი, უამრავი მასალაა ასეულობით ადამიანზე. რაც შეეხება ბოლო თვეების განმავლობაში მოგროვებულ მასალებს, ბოლო მონაცემებით, საერთო რაოდენობა შეადგენს 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილს, სადაც მოცემულია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები, ასევე ჩანაწერებში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის, გამოჩენილი ადამიანის, ჟურნალისტის საქმიანობის ამსახველი მასალები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, სპეციალური კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე და ელოდება თომას ჰამერბერგის რეკომენდაციას.
„კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე. ამჟამად, ველოდებით თომას ჰამერბერგის საბოლოო რეკომენდაციას, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, თავდაცვის სამინისტრომაც აღმოაჩინა. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ საქმეზე ერთობლივი გამოძიება წარმოებს, რომელსაც პროკურატურა უძღვება.

„ეს ის მასალები არ არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა აღმოჩენილი ცოტა ხნის წინ. ეს სხვაა, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აქტორები, დამგეგმავები და განმახორციელებლები, სავარაუდოდ, ერთი ჯგუფია. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ასევე სამხედრო პოლიციაში, ფაქტობრივად, ერთი ფიგურანტები იყვნენ, მიგრაცია იყო ერთი უწყებიდან მეორეში. გამოძიება რა ეტაპზეა მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვინც კი სავარაუდო ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ასეთ ქმედებებში, არც ერთი არ არის სამხედრო პოლიციაში“, - განაცხადა ალასანიამ.

აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ მასალებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ამჟამად თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს ელოდება, რის შემდეგაც, კომისიის წევრები ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ შს სამინისტროში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების პროცესი გაიწელა და მთავრობამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, რაც უფრო დროში გაიწელება განადგურების პროცესი, მით უფრო ხშირი იქნება იმაზე საუბარი, რომ გარკვეულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს და მონაწილეები არიან იმ ფირებისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაცული.
„ეს პროცესი გაიწელა. მთავრობამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რას მოიმოქმედებს ამ ფირებთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ ხელისუფლების დასაბუთება ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს გამოძიების ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც უზენაესია. ჩვენთვის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ ხელისუფლების დასაბუთება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხდა ეკა გიგაურმა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, ბრალდებულამდე მივიდა ინფორმაცია, რომ მასზე ფარული ჩანაწერი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ავრცელებს. საიას ხელმძღვანელმა არ დაასახელა რომელ საქმეზე ბრალდებულზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები პრობლემებს უქმნის ადამიანებს.

„რაც მალე განადგურდება ეს ჩანაწერები, მით უკეთესი იქნება. ამ თემაზე უნდა დამთავრდეს საუბარი. იმედი მაქვს, რომ თომას ჰამარბერგი ამ რეკომენდაციას მისცემს მთავრობას. ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, ბრალდებულამდე მივიდა ინფორმაცია, რომ მასზე ფარული ჩანაწერი არსებობს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომისიის წევრი ლაშა ტუღუში for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შს სამინსიტრომ საჭიროდ ჩათვალა, მოეწვია თომას ჰამერბერგი იმისათვის, რომ საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც იქნას გათვალისწინებული კადრების განადგურების აუცილებლობასთან დაკავშიერბით.

„კომისიის სხდომას ესწრებოდა ბატონი ჰამერბერგი და მან გვითხრა, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში თავის მოსაზრებას წერილობითი სახით გამოაგზავნის. ველოდებით მის პასუხს და იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება. მეორე მხრივ, მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომელიც გამოხატა ქალბატონმა ეკა გიგაურა, ვინაიდან მართლა გაიჭიმა ეს პროცესი. ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება განადგურების თარიღთან დაკავშირებით და რამდენიმეჯერ გადაიდო ეს გადაწყვეტილება. აქ ბოლო სიტყვა ეკუთვნის შსს-ს. კომისიაც შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შევიკრიბეთ, დავადგინეთ თარიღები, მაგრამ სამწუხაროდ ისევ შეფერხდა,“ - აცხადებს ტუღუში.

მისივე განცხადებით, ფარული ჩანაწერების განადგურების შეფერხება დამატებით აღმოჩენილმა კადრებმა გამოიწვია.

„წამების ფაქტები გამოაშკარავდა და ამან გამოიწვია განადგურების გადადება. მე მესმის, რომ უჭირს შსს-ს. მაგრამ რაღაცა გადაწყვეტილება, ალბათ, მისაღებია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა განადგურდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა განადგურდეს წამების ამსახველი მასალები. არსებობს ამის იურიდული დასაბუთებაც და ვფიქრობ, რომ არსებობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეთიკური ლოგიკა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. თუმცა როგორც ხედავთ, ვერ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მაქვს, რომ ჰამერბერგის დასკვნის შემდეგ, თუ ეს დასკვნა იქნება ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს, გადაიდგმევა ეს ნაბიჯი“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.