ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ბოდიშს უხდის

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ბოდიშს უხდის

მოგეხსენებათ, ჟურნალისტებს დროდადრო საარქივო მასალებზე მუშაობა გვიწევს და ამ მიზნით ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობა არაერთხელ გვიწევს. ცოტა ხნის წინ ამ დაწესებულებაში მისვლა კიდევ ერთხელ მომიწია და ერთი მოულოდნელი ფაქტის წინაშე აღვმოჩნდი. როდესაც საჭირო მასალა მოვიძიე, აღმოვაჩინე რომ შენობაში ადრე განთავსებული ქსეროქსის ორივე აპარატიდან არცერთი არ ფუნქციონირებდა. მართალია დახმარება, თანაც სრულიად უსასყიდლოდ, ციფრული ფოტოაპარატით შეიარაღებულმა ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემომთავაზა, მაგრამ დაახლოებით 30-40 გვერდი მქონდა გადასაღები და ამ წინადადებაზე უარი განვუცხადე.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საქმის კურსში შემიყვანა და მაცნობა, რომ ქსეროქსების ამოქმედების შესახებ მათმა სამსახურმა სპეციალური ტენდერი გამოაცხადა. მისი თქმით პრობლემა ზაფხულის განმავლობაში აუცილებლად მოგვარდებოდა. ბიბლიოთეკის შესასვლელთან რამდენიმე განრისხებულ ადამიანსაც გამოველაპარაკე. მათი უმეტესობა სხვადასხვა ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები აღმოჩნდნენ, რომლებიც ქსეროქსების თამაშგარე მდგომარეობამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს ხალხი მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე ემზადება და ბიბლიოთეკას ლექციების მოსამზადებლად საჭირო მასალის მოსაძიებლად ესტუმრა. მათი დიდი ნაწილი საპატიო ასაკის ბრძანდებოდა და ინტერნეტთან, აგრეთვე ციფრულ ტექნოლოგიებთან „სიახლოვით“ ვერ დაიკვეხნიდა.

„გამწყრალმა“ მეცნიერებმა ერთი დაუჯერებელი ინფორმაციაც მომაწოდეს. მათი მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ქსეროქსით საგადასახადოს თანამშრომლებმა „ისარგებლეს“ და სავალდებულო ჩეკის არგამოწერის შემდეგ ამ აპარატების მფლობელებს სოლიდური ფულადი ჯარიმა გამოუწერეს. ეს „ვერსია“ აშკარად ვიღაცის მონაჭორს წააგავდა - სად საგადასახადო და სად ბიბლიოთეკაში მომუშავე ქსეროქსის აპარატი?

იმავე საღამოს რამდენიმე ნაცნობი ჟურნალისტიც დამიკავშირდა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქსეროქსების გაუჩინარების გამო პროტესტი ღიად გამოთქვა.

რასაკვირველია ამ მტკივნეული საკითხის საგულდაგულოდ გამოკვლევა ვცადე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ბატონ გიორგი კეკელიძეს შევეხმიანე. ბატონი გიორგი საუბარზე დამთანხმა და ზემოთმოყვანილ მტკივნეულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდა.

ბატონო გიორგი, რამ გამოიწვია ქსეროქსის აპარატების მუშაობის შეჩერება. მკითხველების ნაწილში გავრცელებული ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად „საგადასახადომ დაგაჯარიმათ“.

- თავდაპირველად ამ მტკივნეული საკითხით დაინტერესების გამო დიდ მადლობას მოგახსენებთ. ბოლო პერიოდში არაერთმა განაწყენებულმა მკითხველმა მომმართა და თითოეულ მათგანთან ცალკე საუბარი მიწევდა. კარგია რომ ამ საკითხის ირგვლივ ამჯერად ფართო საზოგადოების წინაშე ვისაუბრებ. თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ საგადასახოს შესახებ გავრცელებული ვერსია სრული აბსურდია და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. სიმართლე შემდეგში მდგომარეობს.

დაახლოებით თვენახევრის წინ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ მომახსენა, რომ შენობაში მომუშავე ქსეროქსის აპარატები საკმაოდ მოძველდა და მათი ფუნქციონირება ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებდა. მოგეხსენებათ ჩვენს საცავებში არაერთი უნიკალური წიგნი და ჟურნალ-გაზეთებია დაცული და ამჟამინდელი გაუმართავი აპარატები მათ აზიანებდნენ. ამის გარდა თავად მკითხველები გახლდნენ უკმაყოფილონი, რადგან გადაღებული მასალა მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა.

ქსეროქსები ჩვენი საკუთრება არ გახლავთ. ისინი კერძო პირებს ეკუთვნით, რომლებსაც ბიბლიოთეკასთან ხელშეკრულება კი აკავშირებთ, მაგრამ გადასახადს ეკონომიკის სამინისტროში იხდიან. აპარატების ფუნქციონირებას თავად დავესწარი და მათი გაჩერების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე. მესმის რომ არაპოპულარული ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მასალებისა და თავად მკითხველების ინტერესი უნდა დამეცვა.

როდის აღსდგება ქსეროქსების მუშაობა?

- ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ და შესაბამისი აუქციონი გამოცხადდება. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა ის გახლავთ, რომ ახალი ქსეროქსები იმ უახლოესი ტექნოლოგიებით იყოს აღჭურვილი, რომელიც დაცული მასალების დაზიანებას არ გამოიწვევს. ჩემი ვარაუდით ეს პრობლემა ივლისის დასასრულს ან აგვისტოს განმავლობაში აუცილებლად გადაიჭრება.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ აქტუალურ საკითხსაც შევეხები. საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა ჯერჯერობით სათანადო დონეზე არ დგას. ალბათ დადგება დრო და ამ საკითხს აუცილებლად მოევლება. ამ შემთხვევაში ქსეროქსი საავტორო უფლებების დარღვევის უპირველესი საშიშროებაა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკაში, მკითხველს ამა თუ იმ ავტორის ნამუშევრის მხოლოდ 5%-ის გადაღების უფლება გააჩნია. ადრე თუ გვიან ამ პრობლემის წინაშე ჩვენც აღვმოვჩნდებით.

არაერთ მკითხველს აინტერესებს რომელ წლამდე გამოცემული მასალების გადაღება შეიძლება ქსეროქსზე?

- დღეისათვის 1950 წლამდე გამოშვებული მასალების ქსეროქსის აპარატზე გადაღება სასტიკად აკრძალულია. ეს ჩემი ახირება არ გახლავთ. ეს გამოცემები სიძველის გამო სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან და მათზე უბრალო ხელის შეხებაც კი უარყოფითად მოქმედებს. სამწუხაროდ ეს აკრძალვა მომავალში აქეთ გამოიწევს და თანდათან 1960 წლამდე გავრცელდება. გამონაკლისი ერთია - ფოტოგადაღება და და კომპიუტერზე გადატანა. ზემოთნახსენები ტენდერის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ისიც გახლავთ, რომ ახალმა ქსეროქსებმა ეს ისტორიული მემკვიდრეობა არ დააზიანოს. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი მაქვს 1950 წლის შემდეგ გამოშვებულ მასალებზე.

ძველი ჟურნალ-გაზეთებით ხშირად ვსარგებლობ და საინტერესოა რა მდგომარეობაშია თქვენი არქივი?

- სამწუხაროდ ბოლო 20-25 წელიწადში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა არქივს თავისი უარყოფითი ხელი დაატყო. არაერთი გამოცემა უგზო-უკვლოდ დავკარგეთ, მრავალი მათგანი კი უპასუხისმგებლო მკითხველებმა დააზიანეს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად გასული წლის მარტში დავინიშნე და თავიდანვე უმთავრეს მიზნად ჩვენი უნიკალური არქივის აღდგენა დავისახე. უკვე შედგენილი გვაქვს სპეციალური სია, სადაც დაზიანებული და გაუჩინარებული ჟურნალ-გაზეთების ჩამონათვალია მოყვანილი. ჩვენივე ძალებით მათ აღდგენას ვცდილობთ. მეტსაც გეტყვით - თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილ რამდენიმე ბუკინისტურ მაღაზიებს ხშირად პირადად ვსტუმრობ და თუ საჭირო წიგნებს ვაწყდები, ბიბლიოთეკისთვის მათ შეძენას ვცდილობ.

მესმის რომ ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე მუდმივად არ ვიმუშავებ და მსურს მომავალ კოლეგებს კარგი მემკვიდრეობა დავუტოვო. სიმართლე გითხრათ და, არქივს მძიმედ, მაგრამ მაინც თანდათან ვავსებთ.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ერთი წინადადებით მოგმართოთ. ქართული ვებ-გვერდების აქტიური მკითხველი გახლავართ და რუბრიკა „რეტრო“ მხოლოდ თქვენს საიტს გააჩნია. „For.ge” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი ინტერნეტგამოცემაა. მსურს შემოგთავაზოთ, რომ რუბრიკა „რეტრომ“ საზღვრები გაშალოს და მკითხველს უფრო ადრეული წლების მასალები წარუდგინოს.  მე და ჩემი თანამშრომლები დაგეხმარებით და ილია ჭავჭავაძის „ივერიის“, ქართული მენშევიკური პრესისა და სტალინური 30-იანი წლების საინტერესო მასალებს მოგაწვდით. იმედია ჩემი წინადადებით დაინტერესდებით და საინტერესო ერთობლივი პროექტი გამოგვივა.

ერთი კი მაინტერესებს. არ შეიძლება იგივე ქსეროქსის აპარატები ბიბლიოთეკის საკუთრებაში იყოს და შემოსული თანხა თუნდაც არქივის განახლებას მოხმარდეს.

- ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში შედის და კერძო მეწარმეობა გვეკრძალება. ქსეროქსებს გარკვეული შემოსავალი ნამდვილად მოაქვს, მაგრამ ჩვენ ერთი თეთრიც არ გვრჩება. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და მას მე ვერ შევცვლი. გეტყვით რომ ანალოგიური მდგომარეობა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშიც არსებობს. ასევეა სხვა ქვეყნებშიც.

ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ?

- სამწუხაროდ არ გაგვაჩნია არქივებში დაცული მასალების ელექტრონული კატალოგები. ამ საკითხის მოგვარებაზე კი ვმუშაობთ მაგრამ ამ საქმის გადაჭრა წინ კუს ნაბიჯით მიიწევს. საწყენია, რადგან თუნდაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებს თავიანთი არქივის ელექტრონული კატალოგები უკვე დიდი ხანია შექმნილი აქვთ.

ჩვენი საუბრის დასასრულს მკითხველს რას ეტყოდით?

- კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან თავად მწერალი გახლავართ და თავის დროზე სამკითხველო დარბაზში არაერთი საათი გამიტარებია. იმედია ამ დროებით პრობლემას გაგებით მოეკიდებიან, რადგან ეს არაპოპულარული ნაბიჯი ისევ მათი ინტერესების დასაცავად გადავდგით. მკითხველებს ვპირდები რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ხელთ არსებულ არქივს კიდევ გავამდიდრებთ და ადგილზე მუშაობის უფრო ხელსაყრელ პირობებს შევუქმნით.