მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტულ საქმედ ყოფილი პრემიერის და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების გარემოების ზუსტი და თანმიმდევრული გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული პროგრესი არის. არჩილ კბილაშვილის ამ განცხადების პარალელურად სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო სახელწოდებით „ცისფერი ჟვანია მთვრალ ბიჭუნებში“ გავრცელდა. ვიდეორგოლი youtube -ზეა ატვრირთული.
ზურაბ ჟვანიას მეგობარი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ერთ-ერთია რომელმაც ეს ვიდეო ნახა. ის დარწმუნებულია ამ კადრების ინტერნეტ სივრცეში განთავსება პირდაპირ კავშირშია გამოძიების შედეგებთან, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. გოგა ხაინდრავა მიმართავს გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საკითხი.
„მეტი სხვა უნარი ამათ არ გააჩნდათ. ერთადერთი იარაღი სააკაშვილის და მერებიშვილის ხელში ეს იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ახლა, ამ ბინძური მეთოდით ზურას ოჯახზე და მის ახლობლებზე მიდის შეტევა. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ ვინ აკეთებს ამას. ეს იგივე ხელია, ვინც, ვითომდა, თალიბანის მოწოდება გაავრცელა. ერთი და იგივე ხელწერაა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ვინ ავრცელებს ამას. ვინ იწერდა ვიცით, მაგრამ ვინ ავრცელებს ეს უნდა გვითხრათ სასწრაფოდ. ეს მათ მიერ შეთხზული ვერსიის გამართლებაა. საქმე პრაქტიკულად მივიდა იქამდე, რომ ნათელი გახდება ვინ არის დამნაშავე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია. მისი განმარტებით, ამ საქმის გახსნა ერთ-ერთი პრიორიტეტია და გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს. თუმცა, როგორც კბილაშვილი აღნიშნავს, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, როდესაც საქმეში ზოგიერთი დოკუმენტი არ არის, ან შედგენილია არაჯეროვნად, გამოძიებას დასახული ამოცანის შესრულებას ურთულებს.
„გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები - რა მოხდა, სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს და რასთან გვაქვს საქმე - უბედურ შემთხვევასთან თუ სხვა რამესთან, ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იმსახურებენ. ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, გვაწუხებს ჩვენც და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
2005 წლის 3 თებერვალს დილის 9 საათზე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის დაღუპვის შესახებ. მერაბიშვილმა დაღუპვის მიზეზად უბედური შემთხვევა დაასახელა, რომელიც მისი მტკიცებით გაზის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. თუმცა „ეფ-ბი-აის“ სპეციალისტებმა მას ვერავითარი დაზიანება, არასრული წვის კვალი ვერ აღმოუჩინეს და დაწერეს, რომ არავითარი სასიკვდილო გარემო ოთახში არ ყოფილა.
მეტიც, ე.წ. კონსპირაციულ ბინაში, სადაც პრემიერისა და ქვემო ქართლის გუბრენატორის მოადგილის ცხედარი აღმოაჩინეს, თითების ანაბეჭდები ვერ იპოვეს. არადა გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ისინი წყალს, ბორჯომსა და კონიაკს სვამდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტისას, პრემიერის დაცვის ბიჭები იმ ფანჯარაში, საიდანაც, მათი მტკიცებით, ბინაში შეაღწიეს, უბრალოდ, ვერ შეეტიენ.
ყოფილი პრემიერის მეუღლეს ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ლოგიკურად ეჩვენება ის ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება დათა ახალაიას, გია ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს, რომლებიც შემდეგ უკვე გირგვლიანის მკვლელობისას ყოფილი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ყოფილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია for.ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით, ადეიშვილის, მერაბიშვილის და ბარამიძის მიერ განხორციელდა.
„ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა, რომ ზურა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, აბსოლუტური ტყუილი იყო და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს. ზურას თანაგუნდელები - მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე დარწმუნებული არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ხელისუფლების რუპორები იყვნენ და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისულებას სურდა“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძეს ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა ინსცენირებაში.
„მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბარამიძე პირადად მონაწილეობდა იმ სცენარის დადგმაში, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო. გახსოვთ, რომ იქ მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი და უბედური შემთხვევის სცენა დადგეს. ამას პირადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა და ამაში მონაწილეობდა გიორგი ბარამიძე. მას მოუწევს აუცილებლად პროკურატურასთან ამაზე საუბარი“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ირწმუნება, რომ ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაციის პროცესში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილზე იმყოფებოდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება დასრულებულია და წერტილი დასმული აქვს. საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა ძალიან მძაფრად იკვეთება. სააკაშვილი ჟვანიას სიკვდილის წუთებში იქ იყო. დეტალებს ნუ ჩამეკითხებით, რასაც ვამბობ, გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას, ჟვანიას ლიკვიდაციის პროცესში სააკაშვილი იქ იყო. ასევე, დაახლოებით ვიცი, სააკაშვილის გვერდით იმ პროცესში ვინ იმყოფებოდა, ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი არ მინდა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოზიციას არ იცვლის და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე წინა ხელისუფლების დროს ბოლომდე იქნა გამოძიებული და ეს უბედური შემთხვევა იყო. სააკაშვილი ამბობს, რომ ხალხი შეეცადა დაემკვიდრებინა ტერმინი – ჟვანიას მკვლელობა.
„რაც არ არის იმას ვერ დაამკვიდრებენ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ეს საქმე არის ბოლომდე გამოძიებული, გამოკვლეული. ჩვენ დროს ყველაფერი იქნა გამოძიებული და დადებული. თუ რომელიმე ადამიანი მისი სახელის გამოყენებას სპეკულაციისთვის აპირებს, ეს მათი პრობლემაა. ეს ყველაფერი არასერიოზულია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაულ უსუპოვის მამა, იაშა უსუფოვი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ხელით მოახრჩვეს და შემდეგ ორგანიზმში შხამი ნემსით შეუშვეს. ისევე როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, იაშა უსუპოვიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ბარამიძეს ასახელებს.
„მესამე დღეს უკვე გამოვიტანე დასკვნა, რომ ისინი მოკლულები იყვნენ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით როგორ და რითი არიან მოკლულები. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ეს მხოლოდ სააკაშვილს და მის მომხრეებს აწყობდათ და აწყობთ ახლაც. გაზი იმ საღამოს ბინაში არ იყო და გაზით როგორ გაიგუდნებოდნენ? ჩემს შვილს ყელზე ჰქონდა ზოლი, ძალიან წვრილად ეტყობოდა მკერდზე ნანემსარი.
ჩვენ დღეს მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხეულში შხამი შეუშვეს. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს, მეტს ვერაფერს ამ საკითხზე ვერ გეტყვით. ისეთი ფაქტები დაიდება, რომ მერე ხმის ამოღებას ვერ გაბედავენ ნაციონალები. რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირების გარეშე მათ ვერ მოკლავდნენ. როგორ ფიქრობთ პრემიერ-მინისტრს რომ კლავდნენ ეს არ იცოდა მაღალი თანამდებობის პირებმა? რა თქმა უნდა, - იცოდნენ“, - აცხადებს იაშა უსუფოვი.
უბედური შემთხვევის ვერსიას არ იზიარებს გოგა ხაინდრავა. კინორეჟისორი ამბობს, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის არასწორად თარგმნა გიგა ბოკერიას დავალებით მოხდა.
„ნათლად იკვეთება, რომ არანაირი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ეს მაშინავე ნათელი იყო. გამოძიების ბიუროს დასკვნა, რომელიც არასწორად იქნა ნათარგმნი, ამაში, პირდაპირ, გიგა ბოკერიას ხელი ერია. მე მაინტერესებს, რატომ იყო მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს დანაშაული გაეყალბებინათ?!. არის უამრავი ფაქტები, რომელიც პირველი დღიდან ძალიან საეჭვოს ხდის იმ ვერსიას, რომ თითქოს, გაზით მოწამვლას ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს იყო მკვლელობა. უამრავი მოტივი არსებობდა იმისა, რომ ზურაბ ჟვანია მოეცილებინათ“, - აცხადებს ხაინდრავა და აქვე დასძენს, რომ ჰარი-ჰარალოზე პრემიერ-მინისტრებს არ კლავენ, მითუმეტეს ისეთ გავლენიან პოლიტიკოსს როგორც ზურაბ ჟვანია იყო.
მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ვინც მაშინ ჟვანიას თანამებრძოლად ითვლებოდა და რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, ამ მკვლელობასთან არიან კავშირში, პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
„თუნდაც იმიტომ, რომ სათანადო ყურადღება არ დაუთმეს, როცა სიმართლე იყო სათქმელი. როდესაც აბსოლუტურტად აბსურდული ღირსების შემლახავი ვერსია იყო გავრცელებული, ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოთქვეს. წლების განმავლობაში ეს საქმე გამოუძიებელი იყო და ამაზე პროტესტი არ გამოუთქვამთ. ის ფაქტი, რომ ამ საქმის ძიებას სამართლიანად არ ითხოვდნენ მეტყველებს იმაზე, რომ ცდილობდნენ წაეყრუებინათ.
ნინო ბურჯანაძე მეორე პირი იყო ხელისუფლებაში. მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა ზურაბ ჟვანაიას დამსახურება იყო. სააკაშვილი და ბურჯანაძე ზურაბ ჟვანიას გავლენის შედეგად გახდნენ პოლიტიკური ფიგურები. თავის დროზე უხერხულ კითხვებს რომ არ სვამდა ბურჯანაძე იმიტომაც უწოდა მას ფოლადის ლედი სააკაშვილმა.
არავის ამოუღია ხმა იმისათვის, რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარებულიყო. ეს ეხება ბარამიძესაც, ნოღაიდელსაც, მაჭავარიანსაც, გოგორიშვილსაც და ყველა იმ ადამიანს ვინც პოლიტიკაში ზურაბ ჟვანაიას მოყვანილი იყო, ვინც თავის თავს მის სიცოცხლეში ზურას მეგობრებად ასაღებდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მიიმალნენ“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მთავარმა პროკურატურამ პარალელურ რეჟიმში ლევან სამხარაულის გარდაცვალების საქმის ძიება განაახლა. საქმე შეწყვეტილი იმის გამო, რომ ორივე პირმა ოფიციალური ვერსიით თავი ვითმკვლელობით დაასრულეს. ჯერჯერობით, დაკითხული არავინაა, თუმცა როგორც პროკურატურაში განმარტავენ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები. დაერთვება თუ არა ამ საქმეს ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმე, მთავარი პროკურორი ამ საქმეების შესაძლო სამართლებლივ კავშირებზე კომენტარს არ აკეთებს.
ლევან სამხარაული, რომელიც, მაშინ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 3 თვეში 22 მაისს ყვარელში მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ლევან სამხარაული მისმა კლასელმა, დავით მჭედლიშვილმა 2005 წლის 22 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი 2 გასროლით თავი მოიკლა.
ლევან სამხარაულის მამა, ვანო სამხარაული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას მთავარი პროკურატურისთვის საქმის გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავს. როგორც ის ამბობს, არანაირი მოლოდინი არ აქვს.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოიძიებენ თუ არა ამ საქმეს თავიდან“, - ამბობს ვანო სამხარაული.