რუსთავის მე-16 დაწესებულების 60 თანამშრომელი ციხის უფროსს, ბედია ლიპარტელიანს ბრალდებას უყენებს. ისინი პროკურატურას განცხადებით მიმართავენ და მოითხოვენ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის“ მუხლით. ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანმა სამსახურიდან განთავისუფლების საბუთზე მათ ხელი ძალით მოაწერინა.
თავის მხრივ ციხის დირექტორი თანამშრომელთა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათი უკმაყოფილება ტესტირების შედეგებს მოჰყვა, რომელიც ციხეში თანამშრომლებს სამ წელიწადში ერთხელ უტარდებათ. ბერდია ლიპარტელიანი თანამშრომლების განთავისუფლების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ 60-ივე თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მათი განთავისუფლება ტესტირების შედეგად უახლოეს დღეებში მოხდება.
„კანონსაწინააღმდეგო ქმედაბას დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია. ტესტირება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. 28 ივნისს დირექტორის კაბინეტში შეკრებილი იყვნენ ეს თანამშრომლები, რათა მათთვის გაგვეცნო საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნა. ამ დასკვნის გაცნობის შემდეგ მათ დაუყონებლივ დატოვეს დაწესებულება. განთავისუფლების ბრძანებები არ არსებობს, შესაბამისად, იძულებით ხელი მათთვის არავის მოუწერინებია. თუ ისინი თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებებლი, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - აცხადებს ბერდია ლიპარტელიანი.
რუსთავის მე-16 დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორი ნუგზარ სარლაძეს თქმით, განთავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ისინი ძველი თანამშრომლები არიან.
„გვითხრეს, რომ ჩვენ ვართ ძველი თანამშრომლები. თავისი ხალხის მოყვანა უნდათ. სავალდებულო ქულები ჩვენ მოვიპოვეთ“, - ამბობს ნუგზარ სარლაძე და განმარტავს, რომ ის პატიოსნად ასრულებდა მის მოვალეობას და არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომელიც პატიმრის უფლებას ლახავს.
განთავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა სარჩელი უკვე შეიტანა მთავარ პროკურატურაში „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასთან“ დაკავშირებით. გარდა ამისა ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი შრომის კოდექსის დარღვევის მუხლით შეიტანა. ის ამბობს, რომ რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულებით დაწესებულების 60 თანამშრომელს მათი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს.
ადვოკატის ლალი ბიწოშვილის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელმა ბერდია ლიპარტელიანმა მათ შენობის დატოვების უფლება მანამდე არ მისცა, სანამ თითოეულმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. დაწესებულების თანამშრომლებს თავდაპირველად ტესტირება ჩაუტარეს, სადაც ბარიერი 35 ქულიანი იყო. ბარიერის გადალახვის შემდეგ მათ დაუგეგმავ გასაუბრებაზე მოუწიათ გასვლა.
ადვოკატის განცხადებით კითხვები გასაუბრებაზე არაადეკვატური იყო. მაგალითისთვის, თანამშრომლებს ჰკითხეს - რამდენ ლიტრ ღვინოს სვამდნენ ისინი.
„60-ვე თანამშრომელმა 35 ქულიან ბარიერს საკმაოდ დიდი ქულებით გადააჭარბა. ამის შემდეგ ორ დღეში დაუგეგმავი გასაუბრება ჩაუტარეს თანამშრომლებს, სადაც სპეციალიზაციასთან შეუსაბამო კითხვები დაუსვეს. მეორე დღეს 60-ვე თანამშრომელი დაიბარეს დირექტორმის ბერდია ლიპარტელიანის კაბინეტში და უთხრეს, რომ მართალია, თქვენ ტესტირება გაიარეთ, მაგრამ გასაუბრებაში ვერ გადალახეთ სამქულიანი ბარიერი.
ამ დროს მათთვის არც ამ სამი ქულის შესახებ იყო ცნობილი და თან, გასაუბრებაში ქულები არ იწერება. უთხრეს, რომ 60-ვე განთავისუფლებულები ხართ და მოგვიწერეთ ხელი თქვენს განთავისუფლების ფურცელზეო. ყველა მათგანმა დატოვა ბერდია ლიპარტელიანის კაბინეტი და მოხდა ისე, რომ როცა გარეთ გამოვიდნენ, ისინი არ გამოუშვეს, 15-20 წუთის განმავლობაში აღუკვეთეს თავისუფლება. მოთხოვნა იყო, რომ ხელი მოეწერათ განთავისუფლების საბუთზე“, -აცხადებს ლალი ბიწოშვილი.
განთავისუფლებული თანამშრომლების საკითხთან დაკავშირებით ადვოკატმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა და საკითხით დაინტერესება სთხოვა. ლალი ბიწოშვილის განცხადებით, მან ასევე მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე გამოხმაურება ფაქტს არ მოჰყოლია.
„თანამშრომლებს, რამდენიმეს მოუვიდა ასეთი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თქვენ მართალია გაიარეთ საკონკურსო- საატესტაციო ტესტირება, მაგრამ ვერ გაიარეთ გასაუბრება. საერთოდ საკონკურსო ტესტირება ნიშნავს იმას, რომ მე თანამშრომელს ვიყვან სამსახურში. მოქმედ თანამშრომელს არანაირი საკონკურო ტესტირება კანონით არ უნდა ჩაუტარდეს. ამ დოკუმენტებში, რომელსაც ხელს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუკრი ლოლაძე აწერს, არსად არაფერია ნათქვამი, რომ გასაუბრება ვერ გაიარეს“, - აცხადებს ლალი ბიწოშვილი.
რუსთავის მე-16 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს ჯერ-ჯერობით არ მიუმართავთ სახალხო დამცველის ოფისისთვის. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, მომართვის შემთხვევაში სახლხო დამცველის ოფისი იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
„არ მოუმართავთ, მაგრამ თუ მოგვმართავენ ყველა უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ, რაც სახალხო დამცველს გააჩნია და შესაბამისად, ნებისმიერ დარღვევის ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას“, - აცხადებს პაატა ბელთაძე.