უზენაესი სასამართლო „დასჯილი“ ადვოკატის საჩივარს განიხილავს

უზენაესი სასამართლო „დასჯილი“ ადვოკატის საჩივარს განიხილავს

ადვოკატ მამუკა ნოზაძის საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს სადიციპლინო საბჭო ორშაბათს იმსჯელებს იმაზე, რამდენად მართებულად მოიქცა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელმაც 2012 წლის დეკემბერში მამუკა ნოზაძე დასაჯა - „დისციპლინური წესით გაფრთხილება“ დააკისრა. ამ სიახლის ირგვლივ for.ge-მ თავად მამუკა ნოზაძისგან შეიტყო. მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან გაიგებთ რა საერთო აქვთ ერთმანეთთან: ჟურნალ „ტაბულას“, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ციხის ჯალათებად გამოცხადებულ პირებს.

რას ნიშნავს მარტივ ენაზედისციპლინური წესით გაფრთხილებადა რა უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას?

მამუკა ნოზაძე: ესაა დასჯის ერთ-ერთი სახეობა. რაც შეეხება საფუძველს -სააკაშვილის რეჟიმის დროს სამმა პატიმარმა: მამუკა კოჭლამაზაშვილმა, მამუკა ალადაშვილმა და ვალერიან ბალიაშვილმა ვერ გაუძლეს: ზეწოლას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რომელიც სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო დაწესებულებაში სუფევდა და ერთ-ერთი მწამებლის, ვაჟა ცხვედიანის და სხვა მოძალადეების ნებას დაჰყვნენ - ხელი მოაწერეს გამზადებულ ტექსტს, რომლითაც ეს სამი პატიმარი უარს ამბობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივარზე. 

რა სტადიაში იყო მათი საქმეების განხილვა?

- ევროპულ სასამართლოში მათი საქმეების განხილვა დასრულებული იყო, ევროპული კონვენციის მე-2-ე და მე-3-ე მუხლებით (სიცოცხლის უფლების ხელყოფა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა). ამავდროულად, ევროპულ სასამართლოს ამ საქმეებზე საქართველოს მთავრობისთვის მითითებული ჰქონდა, რომ ამ კონკრეტულ პატიმრებს ადეკვატური მკურნალობა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩატარებოდათ. ეს მითითება საქართველოს მთავრობას არ შეუსრულებია. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ამ საქმეებს ევროპულ სასამართლოში წააგებდნენ. საქართველოს მთავრობას ევროპულ სასამართლოში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო, ანუ ზურაბ ადეიშვილი, მისი მარჯვენა ხელი თინა ბურჯალიანი და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან მესხორაძე.

ზემოხსენებულ სამ პატიმარს ხელი სწორედ იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ ტექსტზე მოაწერინეს, თორემ, ვაჟა ცხვედიანსა და სხვა ჯალათებს საიდან უნდა სცოდნოდათ საქმე რა ეტაპზე იყო და რას ასაჩივრებდნენ პატიმრები?! საჩივრის მოხსნის თაობაზე სამივე პატიმრის განცხადების ტექსტი ერთმანეთის მსგავსი გახლდათ. ეს განცხადებები, არც მათი ოჯახის წევრებს გაუგზავნიათ და არც მე - განცხადებები იუსტიციის სამინისტროდან გაიგზავნა.

როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ?

- ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი უკანონო განცხადებები გადმომიგზავნა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა პატიმარმა ვალერიან ბალიაშვილმა ევროპულ სასამართლოს წერილობით აცნობა იმ ზეწოლისა და მუქარის დეტალები, რომლითაც საპატიმროში მიტანილ განცხადებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ბალიაშვილმა საჩივრის განხილვის გაგრძელება ითხოვა. ევროპულმა სასამართლომ კომენტარის გაკეთება მთხოვა. მე ამომწურავად აღვწერე საპატიმროებში არსებული სიტუაცია, თუ რა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში იყვნენ პატიმრები, დავწერე თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა, განსაკუთრებით იმ პატიმრების მიმართ, რომელთა საჩივრები ევროპულ სასამართლოში იხილებოდა. ევროპულმა სასამართლომ დამავალა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შევხვედროდი და გამერკვია მათი განცხადებები იყო თუ არა მათი ნების შესაბამისი.

მათ შევხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განცხადებებზე ხელი იძულებით მოაწერინეს. მათ ამიხსნეს, რომ მათ სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე და ეს ნაბიჯი ამიტომ გადადგეს. ალადაშვილი იმჟამად  №16-ე საპატიმროში იყო და განცხადებაზე ხელი იძულებით მოაწერინა საპატიმროს დირექტორის მოადგილემ, მუმლაძემ, რომელიც ამჟამად პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დაპატიმრებულია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმრებმა მთხოვეს ევროსასამართლოში წერილი ჩემი სახელით გამეგზავნა (ევროპული სასამართლოს რეგლამენტი ამის უფლებამოსილებას მანიჭებდა), რეალური სიტუაცია აღმეწერა და საჩივრის განხილვის გაგრძელების თაობაზე მეცნობებინა. ეს იყო ჩვენს შორის შემდგარი სიტყვიერი შეთანხმება, იმ დროისთვის კონფიდენციალური.

ევროპულმა სასამართლომ თქვენ და იმ სამ პატიმარს დაუჯერა თუ იუსტიციის სამინისტროს?

- ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 3 აპრილს გადაწყვეტილებები გამოიტანა - ციხეებში არსებული ვითარება სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, საქართველოს

მთავრობის პოზიცია გაიზიარა და საჩივრები საქმეთა განხილვის სიიდან ამორიცხა. ამავდროულად, გადაწვეტილებაში მიუთითა, რომ ევროსასამართლოში წერილები თითქოსდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუთანხმებლად გავგზავნე. ამის შემდეგ ჟურნალ ”ტაბულაში” ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ასევე მითითებული იყო ლია მუხაშავრიას დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზეც. ”ტაბულაში” გამოქვეყნებული წერილის  შემდეგ დაუყოვნებლივ შეიკრიბა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მათ ”ტაბულას” წერილის საფუძველზე ეთიკის კომისიას მოსთხოვეს დისციპლინარული დევნის საკითხის შესწავლა.

აღმასრულებელი საბჭო მხოლოდტაბულასწერილებზე რეაგირებს, თუ სხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ წერილებზეც დაუყოვნებლივ იკრიბებიან?

- ეს მეც ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის, აღმასრულებელი საბჭო ”ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული. მაგალითად, ზაზა ბიბილაშვილი ”ნაცების” მხარდამჭერია, გოჩა სვანიძე დღესაც ადეიშვილის ადვოკატია.

ეთიკის კომისიას საქმის შესასწავლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა, მაგრამ დებულება დაარღვიეს და დისციპლინარული დევნის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილება 4 თვის შემდეგ გადმომცეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ეთიკის კომისიის სხვა წევრებს საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა დაევალათ. ეთიკის კომისიის სხვა შემადგენლობამ კანონი კვლავ დაარღვია და როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილება გამოიტანა 2012 წლის 27 დეკემბერს, დისციპლინარული სახდელის - საყვედურის გამოცხადების თაობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ არ ჩამბარებია, რასაც დებულება ითხოვს. აღნიშნული გადაწყვეტილებები 2013 წლის ივნისში ჩამბარდა, რაც ამჟამად გასაჩივრებული მაქვს.

ეთიკის კომისია არ დაინტერესდა პატიმრების მდომარეობით, მათი პოზიციით?

- საქმე იმაშია, რომ ბატონმა კოჭლამაზაშვილმა და ბატონმა ალადაშვილმა ეთიკის კომისიას საქმის აღძვრის შემდეგ მიმართეს და დაუსაბუთეს, რომ ევროპულ სასამართლოში წერილები მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მათი მითითებითა და მათთან შეთანხმებით გავაგზავნე. მათ მოითხოვეს ჩემს მიმართ დევნა არ განხორციელებულიყო. ისინი წერილში მიუთითებდნენ, რომ ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე თავად ეთიკის კომისიის წევრებს და მათ შორის აღმასრულებელი საბჭოს ზოგიერთ წევრებს, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან განსხვავებით ხმა არასოდეს ამოუღიათ. პატიმრები წერდნენ იმაზეც, რომ ჩემს წინააღმდეგ, როგორც სამართლიანობისათვის მებრძოლ და უკომპრომისო ადვოკატზე ბრძოლა მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.

მე რომ მართალი ვიყავი, ეს გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა ციხის კადრებმაც დაადასტურა. პატიმრები ეთიკის კომისიას ამასაც ახსენებდნენ და საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდნენ.

საფუძვლად რას უთითებს ეთიკის კომისია, თავის გადაწყვეტილებაში?

- სამწუხარო ისაა, რომ ეთიკის კომისია თავად მოიქცა არაეთიკურად, დებულება დაარღვია და 2012-ის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება 7 თვის დაგვიანებით ჩამაბარა. მასში მიუთითა, რომ კოჭლამაზაშვილისა და ალადაშვილის მოსაზრებებს არ ვიზიარებთ, რადგან უკვე არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაო.

როგორ აფასებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპულ სასამართლოსაც შეეშალა, რაც საქართველოში შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ იხილა რა სისასტიკითა და არაადამიანური მეთოდებით უსწორდებოდნენ პატიმრებს. თავის დროზე ევროპულ სასამართლოს ადვოკატთა მიერ გაგზავნილ კორესპონდენციებზე ადეკვატური ზომები, რომ მიეღო და საჩივრების განხილვა, რომ არ გაეჭიანურებინათ, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ვერ გაბედავდა იმას, რასაც ბედავდა და რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა.

ახლა რას ითხოვთ თქვენს საჩივარში?

- ეთიკის კომისიის უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ვითხოვ.

თქვენ გამონაკლისი ხართ, თუ სხვა ადვოკატებიც იბრძვიან საკუთარი ღირსებისა და უფლებებისთვის?

- სხვა ადვოკატებიც ცდილობენ თავიანთი უფლებებისა და ღისრების დაცვას, მაგრამ ჩემი საქმე უპრეცედენტო და არაორდინალურია, რადგან გადაწყვეტილება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ეთიკის კოდექსის ნორმების უგულებელყოფით მიიღეს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო საბჭოს მსგავსი საჩივრების განხილვის უფლებამოსილება არა აქვს. საკითხი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს, რადგან კანონის ანალოგით არ შეიძლება ასეთი სპეციფიკური საკითხის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციურია თუ არა კანონის ანალოგით ასეთი საკითხის განხილვა. კანონი უნდა იქნეს მიღებული და იმის მიხედვით უნდა მოხდეს საქმეთა განხილვა.