უტოპიური ევრაზიული კავშირი

უტოპიური ევრაზიული კავშირი

კარგა ხანია, პუტინი ევრაზიული კავშირის შექმნის იდეის მოწოდებით გამოდის. ცალკეული უცხოელი მიმომხილველი ამ კავშირის შექმნას საბჭოთა კავშირის შექმნის შენიღბულ მცდელობად აღიქვამს, იმ საბჭოთა კავშირის, რომლის დაშლაც პუტინმა გამოიტირა და მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მოიხსენია. მართალია, რუსეთის პრეზიდენტი იმთავითვე ირწმუნებოდა, რომ მისი ინიციატივა სულაც არ გულისხმობდა რაიმე ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენას და გულუბრყვილობაც კი იქნებოდა წარსულიდან რაიმეს განახლება, ან ასლის გადაღება, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინის ეს იდეა დღემდე ცოცხალია.

რამდენიმე დღის წინ გორში ევრაზიული კავშირის იდეის მომხრეები შეიკრიბნენ და ამ კავშირში საქართველოს მონაწილეობა პრობლემების გადაჭრის გზად დასახეს. მათი აზრით, ევრაზიული კავშირის იდეა ტერიტორიულ საკითხსაც გადაჭრის. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნატო-ნატო-ს ძახილში ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე კვლავაც დაემუქრება“.

შეხვედრის მონაწილეების იმედის მიუხედავად, რუსმა ექსპერტებმა ეს მოლოდინი გააქარწყლეს და ამ გზით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხეს. თუმცა კრემლის მთავარმა იდეოლოგმა და ევრაზიული მოძრაობის ლიდერმა, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე დუგინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს, სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილითაა გამოწვეული.

„ქართველები და რუსები ერთ მართლმადიდებლურ ცივილიზაციას ვეკუთვნით. დღეს, როდესაც ცივილიზაციების კონფლიქტზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიის განვითარების მიუხედავად, რუსები და ქართველები ერთად უნდა ვიყოთ“, - ასეთნაირად მიმართა კონფერენციის დამსწრეთ სკაიპით ჩართვისას ალექსანდრე დუგინმა.

სხვათა შორის, გორში შეხვედრის მონაწილეთა ერთი ნაწილი ევრაზიის კავშირის იდეას უტოპიად მიიჩნევს. ასეთი პოზიცია აქვს პარლამენტის ყოფილი დეპუტატს, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს.

როგორც პეტრე მამრაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა რეალობას მოწყვეტილია. დღევანდელ რუსეთს საბჭოთა კავშირის შექმნა არ შეუძლია, რადგან ეს მას დამატებით ტვირთად დააწვება და რეალურ შედეგს ვერ მოუტანს. იმ შემთხვევაში, თუ ევრაზიული კავშირი შეიქმნება და მასში საქართველო გაერთიანდება, ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების საკითხს მაინც ვერ მოაგვარებს. პეტრე მამრაძის თქმით, ასეთივე აზრი აქვთ ცნობილ რუს ექსპერტებს თუ პოლიტოლოგებს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთში არსებული სავალალო ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ვითარების გამო, შეუძლებელია, დღევანდელმა რუსეთმა და მისმა მთავრობამ შეძლოს მსგავსი პროექტის განხორციელება.

„ეს სულ სხვა ეკონომიკური კავშირია, ხოლო ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოდესმე გახდეს ისევ ერთიანი საქართველოს შემადგენელი რეგიონი, თავისი უფლებებით, ეს არ უკავშირდება ევრაზიულ კავშირს. ამდენად, ეს არის მხოლოდ რუსეთის მთავრობის პიარი და სხვა არაფერი“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ როგორ აღიქვამს ევრაზიული კავშირის იდეაზე მსჯელობას დასავლეთი, პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ დასავლეთში გაცილებით უფრო სერიოზულად განიხილავენ თურქეთის მთავრობის პროექტს, მათ შორის იმას, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა თავის ინტერვიუში. კერძოდ, „ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, აღვადგინოთ ოტომანთა უძლეველი იმპერია, ოღონდ მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური პერსპექტივებით, ისევე, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში, კერძოდ, - აჭარაში“.

ამის მიუხედავად, პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები, როგორიც გორში ჩატარდა, აუცილებელად უნდა გაიმართოს, რათა ყველამ გაანალიზოს და სწორი ინფორმაცია მიიღოს არსებული ვითარების შესახებ. მისივე თქმით, ჩვენში ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი უბედურება სწორედ იმის გამო დატრიალდა, რომ ადამიანებს ცალკეული საკითხების ირგვლივ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხალხის დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რას წარმოადგენს დსთ, ნატო, ევროგაერთიანება. ამიტომ არ უნდა არსებობდეს ტაბუ რაიმე თემაზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ ადამიანებმა თავიანთი შეხედულები გამოხატონ, თუნდაც, ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ, თუმცა ექსპერტს ეს იდეა უფრო მარგინალურ მოვლენად მიაჩნია, რაც არ ასახავს ქართული საზოგადოების პოზიციას თუ შეხედულებებს.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული საზოგადოება მკაფიოდ ჩამოყალიბებულია პროდასავლურ კურსზე და ამ მხრივ, ევრაზიული კავშირის იდეა უფრო ხელოვნურად მართულს ჰგავს, თუნდაც იმავე რუსეთის მხრიდან მათი მარიონეტების გამოყენების გზით.

„ეს უფრო თემის აგორების მცდელობაა და დღეს ეს ხელოვნური პროცესია. საფრთხე სხვა რამეშია, რამდენად ეფექტურად მოვახერხებთ პროდასავლური კურსის განხორციელებას და რამდენად ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ რუსეთთან ურთიერთობაში, რომ არ აღმოვჩნდეთ იძულებულები არჩევანის წინაშე, იმავე ევრაზიული კავშირის თუ რუსეთის მხრიდან სხვა სახის გავლენის თვალსაზრისით, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, განმარტა, რომ შეგვიძლია, რუსების შემოთავაზებები უბრალოდ „გადავახვიოთ“ და მივხვდებით, რომ წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს ვისმენდით. კერძოდ, წინათაც გვპირდებოდნენ, დსთ-ში თუ შემოხვალთ, ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებთო. თუმცა ეს პრობლემები არათუ მოვაგვარეთ, არამედ კიდევ უფრო გართულდა.

ელენე ხოშტარია ევრაზიული კავშირის შექმნის მოსურნე რუსების კიდევ ერთ არგუმენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ერთმორწმუნეობით აპელირება კიდევ ერთი ფარისევლური არგუმენტია. მეტიც, ეს ყველაფერი გავლილი აქვს ქართულ საზოგადოებას და არც ახალ მთავრობაში არ არის იმის საფუძველი, რომ ასეთ არგუმენტებზე სერიოზულად იფიქრონ.

ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ დასავლეთში არავინ ყურადღებას არ მიაქცევს, თუკი სადღაც შეიკრიბებიან რუსეთისგან ღიად მართული ადამიანები და ამ თემაზე ისაუბრებენ. დასავლეთისთვის გადამწყვეტია ქართული საზოგადოების მტკიცე და პროდასავლური კურსი, რომელიც არათუ ახლა, ომის დროსაც კი არ შერყეულა. მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის და გონივრული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ასეთია ელენე ხოშტარიას პოზიცია.