„მუხრან, ქურდების თავკაცს არ იცნობ“?

„მუხრან, ქურდების თავკაცს არ იცნობ“?

ბოლო დღეების განმავლობაში სრულიად საქართველო მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის პირობებში ცხოვრობს. არ მინდა კოლეგა ჟურნალისტზე რამდენიმე ცუდი სიტყვა მოგახსენოთ, მაგრამ ქალბატონო ნანუკა ჟორჟოლიანი გაკიცხვას ნამდვილად იმსახურებს.

ნანუკაზე მაღალი აზრის არასოდეს ვყოფილვარ. ეს ქალბატონი თავის გადაცემაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ჩვენი არაერთი თანამემამულის ისტორიების გაცნობისას ცრემლს ხშირად ღვრის, მაგრამ სამწუხაროდ ეს მისი გულიდან წამოსული წუხილი არ გახლავთ.

რამდენიმე დღის წინ ნანუკა დეიდამ სააკაშვილის მონოლოგის დროს რამდენიმე წვეთი ცრემლი დაღვარა. დადგება კი დრო, როდესაც „რუსთავი-2“-ზე ჟორჟოლიანის ქალს ზრდილობიან უარს ეტყვიან, ეთერს აღარ გააკარებენ და სრულიად საქართველოს მისი „პატიოსანი ფიზიონომიის“ ხშირი დანახვისაგან დაასვენებენ?!

ნანუკა საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ბოლო პერიოდში მის „საავტორო გადაცემაში“ რამდენიმე „ქართული ოცნების“ წარმატებული დეპუტატი თუ მინისტრიც იმყოფებოდა. ამ ხალხის ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებ, მაგრამ ფაქტია რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი „თანამოაზრეების“ მიმართ სერიოზული მუშაობა მოუწევს. ბოლოს და ბოლოს ნანუკასთან მისასვლელად გამზადებულ „ოცნების“ ხალხს რაღაც თანხა გადაუხადოს და იმ შოუში არ გაუშვას.

კიდევ ერთხელ ვამბობ: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებო. ნანუკას ნუ გაეკარებით. ვიცი ხალხის განწყობა და „შოუში“ მონაწილეობით მომავალ საქართველოს მძიმე დარტყმას აყენებთ. ამ ადამიანებს არ დავასახელებ მაგრამ მომავალში მათ სახელებს აუცილებლად გამოვამზეურებ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი „ჟურნალისტური კარიერის“ მარგალიტებზე თავად იკითხოს, მისმა „ახლო მეგობარმა“ მიხეილ სააკაშვილმა კი თავისი მომავალი ცხოვრება ისე მოიწყოს, რომ ნებისმიერმა ქართველმა მასთან შეხვედრისას ყოფილი პრეზიდენტის გასილაქება არ გადაწყვიტოს. „დიდი მიშა“ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ლამაზ ქვეყანას მართავდა და ნამდვილად მეწყინება ვინმემ ცხვირ-პირი რომ მოუნგრიოს. ჩვენში დარჩეს და სააკაშვილი-ჟორჟოლიანის წყვილს ტელეეკრანებზე თუ აღარ ვიხილავ ღმერთს დიდ მადლობას შევწირავ.

ნანუკა-ქალმა და ბიჭმა მიხეილმა  საკუთარი თავისა თავად იკითხონ.

დღეს კვირაა და ტრადიციულად შევეცდები „დიდი პოლიტიკისგან“ დაგასვენოთ.

ჩვენი დღევანდელი წერილის სტუმრები გალაქტიონ ტაბიძე და ნოდარ დუმბაძე იქნებიან. თავდაპირველად დიდი გალაქტიონის რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ, შემდეგ კი გზას ნოდარ დუმბაძეს დავუთმობთ.

პირველი მოგონების ავტორი ბატონი მუხრან მაჭავარიანი იქნება.

„ერთხელ გალაქტიონი შემხვდა ქუჩაში, ნასვამი იყო. წავიდეთ, თითო სადღეგრძელო ვთქვათო. შევედით სასაუზმეში. თითო ჭიქა რომ გადავკარით, მკითხა, ქურდების თავკაცს ხომ არ იცნობო? ვიცნობ-მეთქი, ყასიდად ვუთხარი. ჰოდა, თუ კაცი ხარ, დამეხმარე, იოსებ გრიშაშვილს ახალგაზრდობაში ლექსები მივუძღვენი, ყველა ეგზემპლარს მივაგენი და დავხიე. ერთი ცალი თვითონ იოსებს შემორჩა, ქურდები მის მოპარვას მოახერხებენო.“

„მწერალთა კავშირში გოგოლის საიუბილეო საღამო გაიმართა. შემოვიდა გალაქტიონ ტაბიძე და ირაკლი აბაშიძეს განუცხადა: გოგოლი-მოგოლი არ ვიცი მე, ბოლოს და ბოლოს, მითხარით, წიგნს როდის გამომიცემთო?!

დაიბარეს ცეკაში, ეს რა გიქნია, დიდი რუსი მწერლისთვის შეურაცხყოფა მიგიყენებიაო.

გალაქტიონი გაოცებულა, რა შეურაცხყოფა, ისე ვთქვი, როგორც ჩვენში ამბობენ: აკაკია-ბაკაკიაო.“

გალაქტიონი ერთგან აღელვებული მისულა. ახლა, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ერთი ახალგაზრდა მეკითხება: რა აზრია გატარებული თქვენს ლექსში - „სიკვდილი მთვარისგან?“ თითქოს მე ვიცოდე ეს!

„გალაქტიონი გამოსულა სახლიდან და ეგრევე ჩიტს დაუსკლინტია მხარზე
შებრუნებულა სახლში მოსაწესრიგებლად და ლექსიც დაუწერია:

სახლში უსაქმოდ რაუნდა აკეთო / ფრჩხილები დაგძვრება ყვერების ფხანვაში / გარეთ გამოხვალ და თავზე დაგაჯვავენ / მოდი და, იცხოვრე ასეთ ქვეყანაში.“

„გალაქტიონ ტაბიძე თვლიდა, რომ ყველაზე დიდი და დიადი იყო.

ერთხელაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაქტიონი თურმე ქვიშხეთში ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე გამოვიდოდა და გალაქტიონს ასე ესალმებოდა: გამარჯობა ლომო! გალაქტიონი შეიფერებდა ლომობას და პასუხობდა გაგიმარჯოს ვეფხვო.

ასე გაგრძელდა ერთი კვირა კონსტანტინეს მობეზრდა ვეფხვობა და გალაქტიონს ასე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვო! და გალაქტიონმა აუღელვებლად უპასუხა: გაგიმარჯოს კოწია“.

„ერთხელ მწერალთა კავშირში მისულმა გალაკტიონ ტაბიძემ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და იქ თავშეყრილებს ღიმილით ჰკითხა: "კრება გაქვთ პოეტებს ძამიკო?"

 

დიდი გალაქტიონის შემდეგ ესტაფეტა ბატონ ნოდარ დუმბაძეს გადავცეთ:

„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს - არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე.

ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა 15 კაპიკი. აწია თავი და ჯანსუღს ეკითხება: ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!“

„ერთხელ, ნოდარ დუმბაძე დიდ წვეულებაზე მოხვდა: პურმარილი ისეა გაწყობილი, თვალს ვერ მოწყვეტ კაცი, გაქათქათებულ სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი აწყვია, გადაფუშფუშებული ხელსახოცებია დაფენილი, საუზმეულობა ისეა გაფორმებული, რომ, ნუ იტყვით! შემოუსხდნენ თურმე სუფრას სტუმრები და, ამ დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა და ისეთი ბენზინის სუნი ასდის მის კოსტიუმს, გააფუჭა განწყობა.

ნოდარმა თურმე ითმინა, ითმინა და, რომ ვეღარ გაუძლო ბენზინის სუნს, მიუბრუნდა იმ კაცს და უთხრა: თუ ძმა ხარ, „დაქოქე“ ახლა ეგ შენი კოსტიუმი და წადი აქედანო.“

„მოსკოვშია ნოდარ დუმბაძე ცოლთან, ნანული გეგენავასთან ერთად. მაღაზიებში სიარულისას ქალბატონ ნანულის ძალიან მოწონებია 12 კაციანი ჩაის სერვიზი და დაუჟინებია ვიყიდოთო, ნოდარი მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და, - კაი ვიყიდოთ, ვიყოდოთ მარა იმ კაცს რა ვუთხრა, სახლში 12 კაცს რო მიიყვანს და ჩაის დაალევინებსო.“

„მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც.

თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა... და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა, ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაცო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო“.