უფლებადაცვითი ორგანიზაცია Iran Human Rights: ირანში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 100 ადამიანს აქვს გამოტანილი

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Iran Human Rights: ირანში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 100 ადამიანს აქვს გამოტანილი

ნორვეგიაში მოქმედი ირანული უფლებადაცვითი ორგანიზაცია Iran Human Rights-ის ცნობით, ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 100 ადამიანს აქვს გამოტანილი, მათ შორის 5 ქალია.

IHR-ში ასევე აცხადებენ, რომ სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა გაცილებით მაღალი იქნება, ვინაიდან პატიმართა ოჯახებს ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მიმდინარე თვეში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი - მოჰსენ შექარი და მაჯიდრეზა რაჰნავარდი.

მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს“ (Human Rights Activists' News Agency), ამ ეტაპზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 488 დემონსტრანტი მოკლეს, 18 259 კი დააპატიმრეს. მათივე მონაცემებით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 62 თანამშრომელი.