ირანელი მოჭადრაკე ქალი ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სარა ხადემი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე ტურნირზე ირანს წარმოადგენს, მეორე დღეა ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობს, რაც ირანში მოქმედი დრესკოდის უხეში დარღვევაა.
მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს“ (Human Rights Activists' News Agency), ამ ეტაპზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 488 დემონსტრანტი მოკლეს, 18 259 კი დააპატიმრეს. მათივე მონაცემებით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 62 თანამშრომელი.