უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: საომარი ქმედებები ჩიხში შევიდა, არცერთ მხარეს საგრძნობი წარმატების მიღწევა არ შეუძლია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: საომარი ქმედებები ჩიხში შევიდა, არცერთ მხარეს საგრძნობი წარმატების მიღწევა არ შეუძლია

უკრაინაში საომარი ქმედებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან არც უკრაინას და არც რუსეთს საგრძნობი წარმატების მიღწევა არ შეუძლია, - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სიტუაცია ასეთია: ჩვენ არ შეგვიძლია კომპლექსურად, ყველა მიმართულებით მათი დამარცხება, ისევე როგორც მათ არ შეუძლიათ ჩვენი დამარცხება. ველოდებით ახალი და უფრო სრულყოფილი შეიარაღების მიღებას“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხში აღმოჩნდა და დიდ დანაკარგებს განიცდის, რის გამოც კრემლი მობილიზაციის მორიგ ტალღას გამოაცხადებს. ბუდანოვი ასევე ამბობს, რომ უკრაინის ჯარს ჯერ კიდევ აკლია რესურსები იმისათვის, რომ ბევრი მიმართულებით წინ წაიწიოს.

ამასთანავე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბელარუსის მხრიდან თავდასხმის ალბათობა გამორიცხა.

„დღესდღეობით ვერ ვხედავ კიევში ან უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებში ბელარუსის მხრიდან შეჭრისთვის რაიმე მზადების ნიშნებს“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.