„შირაკი“, „სტიაუა“ და... პანტიანი

„შირაკი“, „სტიაუა“ და... პანტიანი

წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი გმირი საფეხბურთო გუნდი „დილა“ აღმოჩნდა. არავინ მოელოდა რომ „დილა“ დანიურ კლუბს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგებდა - 3:0. ვულოცავთ გორელებს ამ წარმატებას. გუნდმა დაამტკიცა რომ ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ არსებობს და მომავალში სრულიად მსოფლიოს არაერთხელ გააკვირვებს.

რამდენიმე დღის წინ თბილისის „დინამომ“ შორეული ფარერების კუნძულების ბინადარ „სტრეიმურს“ 6:1 მოუგო. „დინამოს“ მომავალი მეტოქე ალბათ რუმინული „სტიაუა“ იქნება.

სანამ თბილისის „დინამოს“ მომავალ მეტოქეზე რამდენიმე სიტყვას გეტყვით, ნება მომეცით დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისელთა ამხანაგური მატჩის მონაწილე ლენინაკანის „შირაქზე“ რამდენიმე მოსაზრება გითხრათ.

არ ვიცი სომხებმა სად „ჩააწყვეს“, მაგრმ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის „შირაქი“-„პარტიზანის“ შეხვედრა ისეთ სტადიონზე გაიმართა, რომ თავმომწონე ქართველი მობურთალი ბურთს არ გააგორებდა. რა ისეთი „ჩააწყვეს“ სომხებმა, რომ ლენინაკანის გაპარტახებულ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის თუნდაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლეს. რაც ინტერნეტში ვიხილე, ლენინაკანის „შირაქის“ „განადგურებულ“ სტადიონზე, თავმოყვარე ადამიანი არ მივა.

თბილისის „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბათ რუმინეთის „სტიაუას“ დაუპირისპირდება. „სტიაუა“ სახელოვანი მეტოქეა და ქართველ ფეხბურთელებს დიდი ბრძოლა მოუწევთ.

„სტიაუაზე“ ჩამოვარდა სიტყვა და ამ გუნდმა 1986 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაშინ რუმინულმა კლუბმა ქალაქ ვალენსიაში კატალონიური „ბარსელონა“ დაამარცხა. შეხვედრის ძირითად დროში და დამატებით 30 წუთში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. თერთმეტმეტრიანების სერიალის გმირი კი რუმინელი კარის დარაჯი დუკადემი აღმოჩნდა. საბოლოოდ „სტიაუამ“ გაიმარჯვა და ჩემპიონთა თასი დაისაკუთრას.

ვალენსიაში ჩატარებული ეს შეხვედრა მეგობრებთან ერთად პანტიანში ვიხილე. ალბათ გახსოვთ თბილისთან ახლოს მდებარე ეს დასახლებული ადგილი, სადაც „უცხოური“ ფეხბურთის მოყვარული ქართველები ხშირად ადიოდნენ და „ბურჟუაზიული“ სანახაობით ტკბებოდნენ.

 

ჩვენი დღევანდელი წერილის მომდევნო თემა პანტიანს მიეძღვნება.

80-იანი წლების შუაგულში პანტიანის სახელი თბილისელ გულშემატკივართა შორის ლეგენდასავით ქუხდა. იშვიათად თუ მოიძებნებოდა ფეხბურთის მოყვარული, რომელიც იქ ერთხელ მაინც არ ასულიყო. გაზაფხულის შემოსვლასთან, ანუ ევროტურნირების გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, წყნეთის გზაზე საღამოს მოხვედრილი შემთხვევითი გამვლელი შეამჩნევდა ავტომანქანების კოლონას რომელიც თბილისიდან ზემოთ მიეშურებოდა.

ყველა მანქანის სალონში ერთი და იგივე განლაგება გეცემოდათ თვალში: მძღოლის გვერდით მოკალათებულ მგზავრს მუხლებზე ტელევიზორი ედო, უკანა ფანჯრიდან კი სატელევიზიო ანტენის ბოლო გამოდიოდა. პანტიანის საფეხბურთო “კლუბი” სპონტანურად შეიქმნა და უკვე შემდეგ საკაბელო ტელევიზიების მომრავლებისას ასევე უცებ დაიშალა.

პანტიანის შესახებ პირველი ინფორმაცია 80-იანი წლების დასაწყისში ვერის ბაღში გაჩნდა. ერთ საღამოს ფეხბურთის გულშემატკივართა შეხვედრაზე ერთმა ვერელმა ფიზიკოსმა ამბავი მოიტანა, რომ რამდენიმე დღის წინ პანტიანის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის ტელეარხის გადაცემები დაიჭირა.

მისი სიტყვებით, ამ სოფლის მიდამოებში მანქანით საკუთარ ოჯახს ასეირნებდა და ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ იქ თურქეთის ტელევიზიის სიგნალის მიღება შეიძლებოდა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა: თვითნაკეთი ანტენით სიგნალის ძიება დაიწყო და გაუმართლა კიდეც.. საკუთარი თვალით იხილა თურქეთის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემა, რომლის დასრულების შემდეგაც მომავალი კვირის გადაცემების ანონსაც გაეცნო, სადაც სხვა პროგრამებთან ერთად რამდენიმე საფეხბურთო რეპორტაჟიც მოხვდა.

ამ პიროვნებამ ისიც კი დაადგინა, რომ სატელევიზიო გამოსახულების მისაღებად სპეციალური მოწყობილობის დამონტაჟება აუცილებელი Aარ იყო და მას ერთი ჩვეულებრივი ანტენითაც დაიჭერდი. ამის შემდეგ არ დაიზარა და ე.წ. “ადგილმდებარეობის რუქა” შეადგინა, სადაც ნაჩვენები იყო, რომელ ადგილზე როგორი ხარისხის სიგნალი მოდიოდა.

თბილისელ ფეხბურთის მოყვარულებში ეს აღმოჩენა ელვის სისწრაფით გავრცელდა და ძირითადად ოთხშაბათობით, ანუ ევროტურნირების მატჩების დღეს, დედაქალაქის ყველა უბნის გულშემატკივრებმა პანტიანში ასვლა დაიწყეს.

ცოტა ხანში ეს ადგილი ფეხბურთის თაყვანისმცემელთა ერთგვარ “მექად” გადაიქცა და არაოფიციალურ კლუბადაც ჩამოყალიბდა. პირადად მე მახსოვს იქ გაშლილი სუფრები, მხურვალე აზრთა გაცვლა-გამოცვლები და დაუსრულებელი კამათი ფეხბურთის შესახებ.

არასოდეს დამავიწყდება ის თეთრი “ნივაც”, რომელსაც ანტენა და ტელევიზორი უკვე თბილისში ჰქონდა დამონტაჟებული. დღემდე თვალწინ მიდგას ის კარავიც, სადაც ერთდროულად ორი ტელევიზორი იდგა-ერთი გამოსახულებას უჩვენებდა, მეორე კი ხმას იღებდა. საქართველო მაშინ დამოუკიდებელი არ იყო და პანტიანის პატარა ველი ევროპაში გაჭრილ სარკმელს ჰგავდა.

პანტიანში სულისკვეთებაც შესაბამისი ტრიალებდა. არ მახსოვს, ზედმეტი სიტყვა ვინმეს ეკადრებინოს, ჩხუბი ხომ საერთოდ გამორიცხული იყო. პირიქით, განუმეორებელი სითბო და ურთიერთსიყვარული სუფევდა. წარმოიდგინეთ, გადმოპატიჟებებიც კი იყო: მოდიოდნენ, ჩვენთან უკეთესი სიგნალია და შემოგვიერთდითო-გვთხოვდნენ.

რამდენიმე ათეული წელია რაც პანტიანის საფეხბურთო კლუბი დაიშალა და მაშინდელი ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერპატივისცემის განსაკუთრებული ხიბლი დღემდე სასიამოვნო მოგონებად შემომრჩა, პანტიანში ხომ სულ სხვანაირი სამყარო არსებობდა და მისი შემადგენელი ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში თავადაც უნდა გავმხდარიყავი.

დროთა განმავლობაში ახალი “საფეხბურთო” ადგილებიც გაჩნდა. ცუდი ამინდისა და ნისლის დროს პანტიანში ასვლა მაინც ჭირდა, ამიტომ გულშემატკივარმა “სპეციალისტებმა” რამდენიმე სხვა ადგილიც აღმოაჩინეს. ერთი მათგანი კიკეთის მარცხენა მხარეს მდებარე ე.წ. “პალიანკაზე” მდებარეობდა, მეორე კი პანტიანის სახინკლიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით.

მრავალი მატჩი მინახავს პანტიანში და ამ თამაშების გახსენება ალბათ დიდ დროსა და ადგილს დაიკავებს. ამის მიუხედავად არ შემიძლია რომ ერთ მატჩს არ შევეხო. საუბარია “ეიზელის” ტრაგედიაზე. გახსოვთ, ალბათ, ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა “ლივერპულსა” და “იუვენტუსს” შორის და მატჩის წინ იტალიელი და ინგლისელი გულშემატკივრების ხელჩართული ბრძოლა.

ამ სისხლიან ორგიას მთელი 40 წუთი ვუყურებდი. მაშინდელი საბჭოთა ტელევიზიით ფეხბურთის რეპორტაჟების დროს წაქცეული მოთამაშის ჩვენებაც არ იყო ნაბადართული, ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის ჩვენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მახსენდება ერთი შემთხვევაც, ოღონდ მას საფეხბურთო მატჩთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. პანტიანში შეკრებილი ზღვა რაოდენობის მამაკაცები რომ იხილა, ბატონმა თემო ჩირგაძემ თავი ვერ შეიკავა და ისტორიული რეპლიკაც წამოისროლა:”ერეკლე მეფეს რომ ამდენი მოლაშქრე ჰყოლოდა, დღეს ამ მატჩებს სახლში, ტელევიზორებთან კომფორტულად მოკალათებულნი ვნახავდითო”.

გამოხდა ხანი და პანტიანიც ისტორიის კუთვნილებად გადაიქცა.ეს ადგილიც მრავალი ჩვენთაგანისათვის ტკბილ მოგონებათა რანგში გადავიდა. ყველაზე მეტად მწყინს, რომ ის სულიერი ატმოსფერო, რომელიც პანტიანში სუფევდა და სამყარო რომელიც იქ შეიქმნა ასევე დავიწყებას მიეცა. პანტიანი ჩემთვის და ჩემი თაობის მრავალი წარმომადგენლისათვის ცხოვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე, სამწუხაროდ, უკვე განვლილი ეტაპი აღმოჩნდა, ეტაპი რომელიც ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაზე იყო დაფუძნებული.

გარდა ამისა, თბილისის სული ჩარჩოებიდან ამოვიდა და ერთ პატარა მდელოზე დაბანაკდა. პანტიანში ხალხი ერთი მიზნით იყო მისული და არავის ჰქონდა სურვილი, ერთმანეთი ზვიადისტებად, კომუნისტებად, ოპოზიციონერებად, ან პოზიციონერებად დაეყო.