ზუგდიდში პრაიმერის მეოთხე რაუნდის ჩასატარებლად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ადგილობრივი მაცხოვრებლები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრში, თეატრის შენობასთან (სადაც პრაიმერი იმართებოდა) მივიდნენ და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც წლების განმავლობაში მთელი სამეგრელო ჰქონდა ოკუპირებული, ზუგდიდში არაფერი ესაქმება. ამასთანავე, აქციის მონაცილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, აქცია ზუგდიდში მმართველი გუნდის მიერ იყო მოწყობილი. პრაიმერის გამარჯვებულმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანა ქვების და ბოთლების მსროლელმა ადამიანებმა მართონ.
„ჩვენ ერთად აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებულები. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა რეგიონს, სადაც პრაიმერი გვქონდა, მაგრამ არსად ისეთი ენერგეტიკა არ ყოფილა, როგორიც აქ არის დღეს. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვისა და ბოთლის მსროლელმა ადამიანებმა ეს ქვეყანა მართონ და გაიმარჯვონ. ამით ვართ დღეს ჩვენ მართლები“, - განაცხადა ბაქრაძენ.
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ძალადობა იხმარა, ყველა ადამიანი სამაგალითოდ დაისჯება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად სამაგალითო იქნება. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის 12 მონაწილე დააკავეს. დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნაციონალების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქცია მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ იყო ორგანიზებული, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უპასუხა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება და კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას.
„ჩვენს პოლიტიკურ ძალას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან და მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო პროცესი სამართლიან, თანასწორ და თავისუფალ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ინცინდენტის შეფასებისას დღეს გაკეთებული განცხადებები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართალდარღვევის ყველა ფაქტი, იქნება ის აქციის მონაწილეების მხრიდან, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესაძლო პროვოკაცია, დროულად გამოვლინდება და გამოძიება კანონის სრული დაცვით წარიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ „კურიერში“ გავიდა კადრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის უფროსი, ლაშა დამენია, რომლის ხელმძღვანელობითაც სამეგრელოში არაერთი პროვოკაცია განხორციელდა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს და პროვოკაციაზე მიდის, თუმცა, ამის შემდეგ კადრები ეთერიდან სასწრაფოდ გააქრეს და ამის შემდეგ აღნიშნული კადრები „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გასულა. სამაგიეროდ, „რუსთავი 2“-მა დამენიასთან კომენტარი ჩაწერა და საინფორმაციო გამოშვების გასვლამდე სასწრაფოდ გაუშვა ეთერში.
„დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პრემიერ-მინისტრის გასაოცარი დემოკრატია, რომლითაც იგი ევროპელებს აკვირვებდა. დღეს ზუგდიდში ხელისუფლების დავალებით, სოფლების გამგებლების დავალებით და რაიონებიდან ხალხის მობილიზებით დაიწყეს მიტინგი თეატრის წინ ერთადერთი მოთხოვნით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაიმერისს და შიდაპარტიულ არჩევნებს არ ჩაატარებინებდნენ“, - განაცხადა დამენიამ.
შეგახსენებთ, ლაშა დამენია იყო ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული პრაიმერის ორგანიზატორი და თბილისიდან ჩასულ სტუმრებს მასპინძლობდა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლაშა დამენიას კანდიდატურა სამეგრელო - ზემო-სვანეთის გუბერნატორის პოსტზე განიხილებოდა. ამასთანავე, იგი „ნაციონალური მორაობის“ სიით ორი მოწვევის პარლამენტის (2004 და 2008 წლებში) წევრი იყო. მანამდე, 1997-2001 წლებში ლაშა დამენია „მოქალაქეთა კავშირის“ სამეგრელოს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ასევე იყო „მოქალაქეთა კავშირის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ლაშა დამენიას ძმა კი, კახაბერ დამენია, ბიზნესმენი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემომწირველი იყო. კერძოდ, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ კახაბერ დამენიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი გადაურიცხა.