გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) თანამშრომელი კარსტენ ლ. სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, კერძოდ კი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

მათი ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია 21 დეკემბერს ჩატარდა, დაკავების ორდერი კი გერმანიის სასამართლომ 16 დეკემბერს გასცა. ახლა კარსტენ ლ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წელს კარსტენ ლ-მ ერთ-ერთ რუსულ სპეცსამსახურს გადასცა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მის საცხოვრებელ სახლსა და სამუშაო კაბინეტში უკვე ჩატარდა ჩხრეკა. გარდა ამისა, გაიჩხრიკა „საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირის“ სახლი და სადაზვერვო სამსახურის ორი ოფისი - ბერლინსა და პულახში.

„BND-მ საკუთარი ძალებით აღმოაჩინა სახელმწიფო ღალატის ფაქტი და მასშტაბური შიდა გამოძიება ჩაატარა. როდესაც ეჭვი დადასტურდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობეთ პროკურატურას“, - აცხადებს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი.

მისივე თქმით, ბრალდების დეტალებზე საუბარი არასწორი იქნებოდა, ვინაიდან ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში თავშეკავება და კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია.