სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სათათბიროს ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკიტა იუფერევის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანონი დაარღვია, როდესაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს „ომი“ უწოდა. Reuters-ის ცნობით, იუფერევმა გენერალურ პროკურატურას და შსს-ს მიმართა, რათა მათ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან.
იუფერევი აცხადებს, რომ პუტინმა დაარღვია მუხლი „რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების შესახებ“. საუბარია 22 დეკემბერს პუტინის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც კრემლის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს არა ოფიციალურად გავრცელებული დასახელება „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, არამედ „ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულება უნდა იყოს“.
იუფერევის თქმით, უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებების შესახებ ანალოგიური გამონათქვამების გამო რუსეთში რამდენიმე ათასი ადამიანი გაასამართლეს.